რეზონანსი
19.03.2024

ჩვენ რეალურად არ ვიცით სად მიდის ამერიკელი ხალხის, ამერიკელი გადამხდელის ფული. ეს რომ არ გვცოდნოდა, ამიტომ მოატყუეს ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომელიც ქუჩაში იდგა შარშან, მარტის დღეებში. ამიტომ დაარქვეს [კანონს გამჭვირვალობის შესახებ] „რუსული კანონი", - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს შემთხვევითი არ არის.

„ამერიკელმა გადამხდელებმა კი არა, ქართველმა ამომრჩეველმა, ქართული საზოგადოების რომელიმე წარმომადგენელმა, საქართველოს მოქალაქემ, ცოტა დაზუსტებულად მაინც იცის სად მიდის ეს ფული? არავინ იცის. და ეს შემთხვევითი არ არის. რაში სჭირდება ვიღაცას იმის გახმოვანება, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სემინარს კი არა, ლგბტ პროპაგანდას წინააღმდეგ ჯერ დაუწერელ კანონს როგორ გააპროტესტებენ, ამას აფინანსებს ვიღაც.

ჩვენ რომ შეგვეშალოს დეკლარაციაში 1 ლარი და 20 თეთრი (მართლა მოხდა ეს, 1 ლარი და 20 თეთრი შემთხვევით არ მიხსენებია), ათასი ლარით გვაჯარიმებენ და მეორე [შეცდომა] თუ დაემატა, მერე პროკურატურაში იგზავნება საქმე. ლარზე და ორ ლარზეა ლაპარაკი. და მილიონობით დოლარი რაღაცაში იხარჯება, კაციშვილმა არ ვიცით რაში და თურმე ამაზე ხმა არ უნდა ამოგვეღო და „რუსული კანონი" დაგვიწერია თურმე შარშან. აი ამ პარადოქსულ შეუთავსებლობასთან გვაქვს საქმე, როცა ფინანსები ერთი მხრივ აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა - რა პარტიაში მიდის, რა „ენჯეოში" მიდის, რა ფინანსდება, და რა მართლა ხმარდება ეროვნულ საქმეს. მარტო ცუდი რაღაცები კი არ ფინანსდება, კარგი რაღაცებიც ფინანსდება უამრავი მიმართულებით. ხომ შეიძლება რომ გავარჩიოთ საქართველოს მოქალაქეებმა, რომ ეს კარგ საქმეში იხარჯება - მადლობას გადავუხდით დონორს, ეს იხარჯება ლგბტ-პროპაგანდაში და ვუსაყვედურებთ.

არ ვიცი, ეს როგორ უნდა გავარჩიოთ. კანონი არ უნდათ და მაშინ ადგნენ და გაასაჯაროონ თვითონ. ერთი წელია გვატყუებენ. მათ თქვეს, რომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალეა. ჩვენ ვთქვით: კარგი, ბატონო, აღარ არის მაშინ კანონი საჭირო, ამ კანონმა მიუღებლადაც იმუშავა. 1 წელი გავიდა. რა ქნეს? სადმე ნახეთ გამჭვირვალობის რამე ხარისხი, ვინ რა დააფინანსა?" - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×