რეზონანსი
26.07.2022

არც არახამიას ნათქვამი იყო სწორი და არც ჟურნალისტიკის კითხვა, მაგრამ კობახიძემ რაც გააკეთა, წაიღო და გადაფარა ყველაფერი. მამის ცოდვების შვილზე მოკითხვა არ არის სწორი, შვილი მშობელს არ ირჩევს, კობახიძეს არ სჭირდება მშობლების ან წინაპრების წარსულში ქექვა, თავისით აქვს საკმარისად ბევრი ცუდი ნაკეთები, რაზეც შეიძლება მას მოჰკითხო, - ასე აფასებს „გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერი ზურა ჯაფარიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის" ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა, კობახიძის მშობელზე, როგორც „ოცნების" ერთ-ერთ წევრზე, რომელიც თანამდებობაზეა და რაგბის კავშირში ჰყავთ განწესებული ცალკე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ, თუ კობახიძეს ვაკრიტიკებთ, უნდა გავაკრიტიკოთ იმაზე, რაც გაუკეთებია და უთქვამს.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების საკითხს, ჯაფარიძის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის გულწრფელი სურვილი არ არსებობს, ვინაიდან „გადამგდებები" არიან. მისივე თქმით, თანამშრომლობას ერთადერთი შედეგი შესაძლოა ფორმალური ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებების მიღება იყოს.

,,არანაირად არ ჩანს, რომ ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის რაიმე გულწრფელი სურვილიო არსებობდეს, გადამგდებები არიან და თუკი ვინმე შეჰყვა მოლაპარაკებებში, ყველგან გამოიყენეს, რომ საკუთარი მიზნებისთვის მიეღწიათ. უნდა გვჯეროდეს, რომ „ოცნებას" მართლაც უნდა რაღაც გააკეთოს, მე ამის არ მჯერა, მჯერა მხოლოდ იმის, რომ ივანიშვილს უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს. გვჭირდება ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას რაღაცას დაათმობინებს, ჩვენს მხარეს ერთობა და უფრო მეტი კონსოლიდაცია იყო, ამ წუთში, ასეთი ძალა არ არის. თანამშრომლობას ერთადერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, რომ შეგვიტყუონ რაღაც პროცესში და საკანონმდებლო ცვლილებები დადოს, რომელიც იქნება ფორმალური ხასიათის, ვითომ დააკმაყოფილებენ 12 მოთხოვნას და შეეცდებიან „გააძვრინონ" სტატუსი. 2023 წლის ბოლოს ევროკავშირი შეგვამოწმებს და გვეტყვის - არანაირი სტატუსი არ იქნება, ქვეყანა ისევ „ტყეშიაო". სინამდვილეში ევროკავშირი ელოდება, რომ არჩევნებით შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ ეს ტესტი გვაქვს ჩასაბარებელი", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას ქვეყანაში პოლარიზაციის დონის შემცირებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძის თქმით, პოლარიზაციის მთავარი მასტიმულირებელი ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია, რომელიც მტრის ხატის შექმნით ახერხებს ხალხის მობილიზებას.

„მე კი არა, მითხარით ბოლო 1 კვირის განმავლობაში რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ", რა პოლარიზაციას აკეთებს ოპოზიცია, საერთოდ სად არის ოპოზიცია, ხედავთ სადმე? პოლარიზაციის მთავარი მასტიმულირებელი არის ბიძინა, რომელსაც სჭირდება მტრის ხატი, რომელი საფრთხის წინაშეც ახდენს ხალხის მობილიზებას, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილი, კორონა, მაიმუნის ყვავილი, ჯორდანო ბრუნო თუ სხვა, სულ რომ არავინ არ იყოს, მაინც მოიგონებს. ამ საფრთხის გამოხატულებად, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია არის გამოყვანილი.

ევროპელებსაც და ამერიკელებსაც დღემდე აქვთ დარჩენილი ტვინში იმედი, რომ ბიძინასთან შეიძლება ურთიერთობა და ნასახი ჰქონდეს დემოკრატიულობის, ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ რაც დასავლეთმა დაუშვა პუტინთან მიმართებაში - ბოლო მომენტამდე სანამ პუტინმა თავი არ გაიგიჟა და უკრაინაში საშინელება არ დაატრიალა, იმედი ჰქონდათ რომ მასთანაც რაღაც თანამშრომლობით გამოიყვანდნენ ადამიანს. როგორც იქ არ გაამართლა, იმავე შედეგს მიიღებენ ივანიშვილთან მიმართებაში", - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×