რეზონანსი
21.06.2021

21 ივნისს თელასის აბონენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია: გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიად 1 ივლისიდან განისაზღვრება შპს „თელმიკო", მომხმარებელს კომპანია „თელასი" სთხოვს მრიცხველის ჩვენების მიწოდებას. აღნიშნულმა შეტყობინებამ აბონენტებში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია, მოუწევდათ თუ არა მათ მუდმივად ელექტრომომწოდებლისთვის მრიცხველის მონაცემების თავად გაგზავნა.

„კომერსანტი" კომპანია „თელასს" დაუკავშირდა, სადაც პასუხად მივიღეთ, რომ აღნიშნული შეტყობინება საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და გამომდინარე იქიდან, რომ 1-ლი ივლისიდან მომხმარებელთან კომუნიკაცია „თელმიკოს" ექნება, უნდა განისაზღვროს, რამდენი უნდა გადაუხადოს მომხმარებელმა „თელასს" და რამდენი „თელმიკოს". თუმცა მათივე თქმით, მონაცემების გაგზავნა სავალდებულო არ არის.

„ეს ვალდებულება არ არის, ეს არის ნორმატიული აქტის მოთხოვნა, სადაც წერია, რა უნდა გავაკეთოთ კომპანიამ გაყოფის დროს. ვებ პორტალზე შეუძლია მომხმარებელს თავისი ჩვენება გამოგვიზავნოს, ამით უბრალოდ გავუადვილეთ პროცესი, თუ არ გამოიგზავნება, არც ეგ იქნება პრობლემა. ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ეს გვეცნობებინა sms-ით. პირველი ივლისიდან ოპერირებას იწყებს „თელმიკო", თელასი მომხმარებელს არ გაუგზავნის ქვითრებს, ეს შეტყობინებაც საინფორმაციო კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

ეს იმიტომ ხდება, რომ გავიგოთ, თელასს რა უნდა გადაუხადოს მომხმარებელმა და მეორე კომპანიას რა უნდა გადაუხადოს. თელასი რჩება ბაზარზე იმ ნაწილში, რომ ელექტროქსელის ოპერირებას გააკეთებს და თუ ახალი მომხმარებელი დარეგისტირდება, ამას თელასი განახორციელებს, ასევე მოახდენს ქსელის მოდერნიზებას და რემონტს. რაც შეეხება „თელმიკოს" მომხმარებელთან ის იქნება დაკავშრებული.

ეს გარდამავლი ეტაპი კომპანიის გაყოფის პროცესში ძალიან რთული იქნება. რთული იქნება გააგებინო მოსახლეობას, რომელიც ამდენი ხანი შეჩვეული იყო თელასს," - განმარტავენ კომპანია „თელასში".

შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება.

„თბილისში „თელასის" ნაცვლად, მოსახლეობას და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, „ენერგო პრო ჯორჯიას" ნაცვლად - „ეპ ჯორჯია მიწოდება".

ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×