რეზონანსი
20.06.2021

ერთი თვის წინ, ლილოს გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც 37 წლის მამაკაცი შეეწირა. სოსო უსტიაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ამ ტრაგედიამ ოჯახი საბოლოოდ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. მისი ქვრივი, ირმა შამათავა ახლა, რუსთავის გზატკეცილზე, ტყეში ნათხოვარ სახლში მძიმე ავადმყოფ დედამთილთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

ნათხოვარ სახლში იმიტომ, რომ სოსოს მშობლიური სახლი კახეთში მისი ოჯახის წევრის გამო მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ გადაუხდელ იპოთეკურ ვალში დაიტოვა. ამ ტრაგედიის შემდეგ კი, საფინანსო ორგანიზაცია ოჯახს 57 000 ლარის ნაცვლად საცხოვრებლის დაბრუნების სანაცვლოდ 40 000 ლარს სთხოვს, 36 წლის უმუშევარ ირმას ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.

ტრაგედია, რომელმაც მისი მეუღლე იმსხვერპლა ოჯახის ისტორიაში საბედისწერო დღედ დარჩა. წყვილი ბედნიერი მხოლოდ 3 საათი იყო, როცა სოსომ სამსახური იშოვა და უკან ბრუნდებოდა, თუმცა სამუშაოდად ის ნათხოვარ სახლში მიასვენეს. 15 მაისიდან დღემდე ირმა ტყეში მარტოა, პურის მაღაზიამდე რომ გავიდეს გზაში 2-3 საათი სჭირდება. ფაქტობრივად, იქ ცხოვრება შეუძლებელია, პატარა გოგო 7თვისაა, უფროსი ბიჭი კი – 1,5 წლის.

ოჯახი უკიდურესად გაჭირვებული იყო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მაკა ხეცურიანმა მესიჯი მიიღო, ქალი გინეკოლოგს ეძებდა. უკიდურესი სიდუხჭირის გამო აბორტის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ორგანიზაციის წყალობით, პატარა მარიამი დაიბადა, ის მამის პანაშიდზე მონათლეს.

“ორსულად რომ იყო გინეკოლოგის კოორდინატები მთხოვა და გამიმხილა, აბორტი უნდა გავიკეთო, პატარას შიმშილისთვის ვერ გავიმეტებო. დავირაზმეთ მის დასახმარებლად და 7 თვის წინ გაჩნდა მარიამი. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა სოსოს, მასაც დავეხმარეთ ოპერაციის გაკეთებაში და ფეხზე წამოდგა. სწორედ ეს გახდა ჩემი ტანჯვის მიზეზი, ვფიქრობ ხოლმე, მკურნალობაში რომ არ დავხმარებოდი, ახლა ცოცხალი იქნებოდა-მეთქი…

როგორც გამოჯანმრთელდა, მუშაობა დაიწყო, ერთი რეგიონიდან მეორეში ხილი გადაჰქონდა. პირველივე სამუშაოდ დღეს 18:00 საათზე სულ სხვანაირმა ირმამ დამირეკა, სოსო სამუშაოდაა, ამიერიდან არავის დახმარება არ დაგვჭირდება, ოჯახს თვითონ მივხედავთო, გახარებულმა გამიმხილა. ზუსტად 3 საათში კი, ირმას ხანმოკლე სიხარული დასრულდა, სოსოსთან ერთად ვინც იჯდა მანქანაში, ის უვნებლად გადარჩა, მათთან სახლში მივიდა და უთხრა, სოსო აღარ არისო…

სოსოს გვამი სრულად დანაწევრებული იყო, იმდენად, რომ გაკვეთა არ მომხდარა. საზარელი ამბავი დაატყდათ თავს…

იმ დღიდან საშინელება ტრიალებს, სოსოს ცოლ-შვილის გარდა, ავადმყოფი დედა დარჩა. ირმას ტყეში მარტოს ძალიან უჭირს ყოფნა, დასახლებულ პუნქტამდე, მაღაზიამდე რომ ჩავიდეს, მთელი დღე სჭირდება. წნევები აწუხებს, ახლა ამ ინტერვიუს ირმა უნდა გაძლევდეთ, მაგრამ დღესაც სასწრაფო ჰყავდა. დამამშვიდებლებს არ სვამს, მაძინებს და პატარებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებო, ამბობს.

იმისთვის, რომ ორმა პატარამ მამა-პაპისეული სახლი დაიბრუნონ, 40 000 ლარი სჭირდება, რომლის გადახდა ირმასთვის წარმოუდგენელია. დავიწყებდი კამპანიას ამ სახლის გამოსახსნელად, მაგრამ არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო სამოქალაქო საზოგადოებას ფული აღარ აქვს და მათშიც პრობლემები დღითი დღე მატულობს. თუ რომელიმე კომპანია გამოჩნდება ვინც ამ დიდ საქმეს გააკეთებს, ამით ორ ობოლს მამის მშობლიურ სახლს აჩუქებს” – განუცხადა "პრაიმტაიმს" მაკა ხეცურიანმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×