"ბოლო დროს ყველაფერი ძვირდება განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით"
გვანცა წულაია
09.04.2024

საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორს პროექტების განხორციელებას ფიქსირებული ტარიფით შესთავაზებს. ასეთია ირაკლი კობახიძის გუნდის გეგმა, რომელიც კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად განისაზღვრება. საინტერესოა, რამდენად მიმზიდველი და მომგებიანი იქნება ფიქსირებული ტარიფი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ქვეყნისთვის.

განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალური ათვისების შედეგად, საქართველოში 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება, რომელიც მთავრობას ენერგეტიკის სექტორისთვის ფიქსირებული ტარიფის შეთავაზების შესაძლებლობას მისცემს.

„ეკონომიკურ საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება. მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. დღეისთვის უკვე არის დადგენილი კონკრეტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ეს მთავრობას აძლევს საშუალებას, მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით, ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების განხორციელება ფიქსირებული ტარიფის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად.

მიდგომა ძალიან მოგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება ამ მიზნით. მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხის მომზადებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ენერგეტიკაში ფიქსირებული ტარიფი აქამდეც ჰქონია. ახლა ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ თანხა რეალობას უნდა მოერგოს და ოპტიმალური ტარიფი იქნას შეთავაზებული, რომ ინვესტორიც დაინტერედეს და ქვეყანამაც მიიღოს მოგება. ენერგეტიკოს რევაზ არველაძის განცხადებით ენერგოსექტორში მშენებლობა გაძვირებულია და ფიქსირებული ტარიფი ზუსტად უნდა იყოს მორგებული დღევანდელ ფასებთან.

"საკმაოდ ძვირდება ყველაფერი განახლებადი ენერგიის წყაროებთან დაკავშირებით. ძირითად მხედველობაში მაქვს ჰიდროელექტოსადგურები. 2000 დოლარს გადასცდა 1 კილოვატი სიმძლავრის მშენებლობის ფასი. გარდა ამისა, სადაც წყალი მოდის იქვე ხომ არ არის ქვესადგური? უნდა აშენდეს ხაზი, რომლითაც მოხდება მიერთება რომელიმე სადგურზე. მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით მიერთების საფასური საკმაოდ დიდია. მაგალითად, 15 მგვტ-იანი სადგურის აშენებაში სადღაც 8 მლნ ლარამდე გადასახდელი მიერთების საფასურში. საბოლოოდ, ყველაფერი ეს საკმაოდ დიდი ხარჯი გამოდის.

აქედან გამომდინარე, ინვესტორმა ჩადებული თანხა რომ დაიბრუნოს, მაღალი ტარიფი უნდა დააწესოს, რაც შეიძლება საბაზისო ტარიფზე უფრო მეტი გამოვიდეს თვითღირებულებიდან და სხვა ყველა ხარჯიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში მშენებლობა უაზრობა გამოდის. ასე რომ, დიდად არის დამოკიდებული ამ საბაზისო ტარიფისთვის, რა თანხას დააწესებს სახელმწიფო. თუ იგი დაბალი იქნება, არავინ მოვა, არც უცხოელი და არც ადგილობრივი ინვესტორი. 

მეორე მხრივ რომ შევხედოთ ვითარებას, რა თქმა უნდა, ქვეყანას არ სურს მაღალი ტარიფის დაწესება, რადგან თავად აღარაფერი აღარ შეუვა. აქედან გამომდინარე, ორმხრივი მოცემულობა საბაზისო ტარიფზე იქნება დამოკიდებული. თუ იგი ზუსტად იქნება მორგებული დღევანდელ რეალობასთან, მაშინ კარგი იქნება, რადგან, როგორც გითხარით, ძალიან გაძვირდა მშენებლობის ფასი.

დანამდვილებით ვიცი, რომ 2000 დოლარზე ნაკლებად (1კვტ/სთ) არც ერთი მშენებელი არ მოდის ელექტოსადგურის ასაშენებლად. თანხა რომ დაიბრუნო, იმასაც გააჩნია, რომელ მდინარეზე და რა ჩამოდინებაზე შენდება სადგური. თუ წყალი სტაბილურია და შეიძლება დადგმული სიმძლავრის გამოყენების ხანგრძლივობა 5000 საათის და ცოტა მეტი იყოს, კიდევ არაუშავს, მაგრამ თუ 3000-4000 საათზეა საუბარი, იქ ძალიან ძნელია ჩადებული თანხის უკან დაბრუნება”, - განუცხადა "რეზონანსს” რევაზ არველაძემ და დასძინა, რომ ფასები ყოველთვის იცვლება, იქნება ეს სამშენებლო მასალების ღირებულება თუ სხვა.

"წლების წინ 1 კვტ სიმძლავრის  მშენებლობა 1500 დოლარი და უფრო ნაკლებიც კი ღირდა, მაგრამ მაშინ სხვა მოცემულობა იყო. მიმდინარე ეტაპზე სხვა მდგომარეობაა. პერსპექტივაში რა იქნება არ ვიცით, ამიტომ ხელისუფლებამ სერიოზული ყურადღება უნდა გამოიჩინოს”, - დასძინა ენერგეტიკოსმა.

როგორც უკვე აღნიშნეთ, ფიქსირებული ტარიფი აუქციონის შედეგად განისაზღვრება. კიდევ ერთი ენერგეტიკოსის თემურ ჭიჭინაძის განცხადებით, ზოგადად აუქციონზე ის იმარჯვებს, ვინც მეტს გადაიხდის.

"ფიქსირებული ტარიფი ყოველთვის რაღაცაზე დაყდრნობით დგინდება. საერთოდ, აუქციონზე გამარჯვება ყოველთვის იმ მეთოდით ხდება, ვინც მეტს გადაიხდის და მაღალ შეთავაზებას გააკეთებს. ეს ციფრი რადმენად მისაღები იქნება მოსახლეობისთვის როგორ უნდა განვსაზღვროთ? შეიძლება ინვესტორს და ქვეყანას აწყობს, მაგრამ საზოგადოებისთვის რამდენად გამართლებული იქნება, ჩვემთვის გაუგებარია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ტარიფი შემცირდეს, ეს არის მთავარი ამოცანა ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, წარმოებისთვის”, - განუცხადა "რეზონანსს” თემურ ჭიჭინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×