1 უნცია ახლა 2200 დოლარი ღირს, მაგრამ 2500 დოლარამდეც გაიზრდება, რისი ნიშნებიც ახლავე ჩანს
გვანცა წულაია
21.03.2024

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი გაიზარდა და მისმა ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ძვირფასი ლითონი, როგორც საიმედო საინვესტიციო კაპიტალი გაძვირდა და 1 უნცია ლამის 2200 დოლარს გაუტოლდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 2 500-იან ნიშნულსაც გადასცდება.

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა. გუშინ, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებამ თითქმის 2200 დოლარს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში, ოქროს ღირებულება 12%-ით გაიზარდა.

ამჯერად გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება გახდა. რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.

ასეთ ვითარებაში ექსპერტები ფიქრობენ, რომ ოქროს ფასი კიდევ გაიზრდება. როგორც ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ აღნიშნა, ძვირფასი ლითონის ღირებულება 2025-26 წლებამდე 2500 დოლარსაც გადასცდება.

"ოქრო რომ გაძვირდებოდა, ჩვენ ამის შესახებ 2019 წელს ვსაუბრობდით. მაშინ, გავაკეთეთ განცხადება, რომ 2023 წლის შემდეგ ოქრო ფასი გადასცდებოდა 2200 დოლარს. ახლა კი ვამბობთ, რომ შეიძლება 2025-26 წლებამდე 2500 დოლარს გადააჭარბოს მისმა ღირებულებამ. დიდი ალბათობით ეს ვარაუდიც გამართლდება, ისევე როგორც 2019 წლის პროგნოზი.

ახლა ნათელია თუ რატომ გვქონდა ასეთი ვერსია, მაშინვე იყო გაანალიზებული იქ სიტუაცია, თუ რა ელოდებოდა დოლარს, როგორც საერთაშორისო სარეზერვო ვალუტას, რომ ის დაკარგავდა თავის ფუნქცას, ხოლო ევროკავშირი მივიდოდა დაშლამდე. მაშინ ეს ზოგიერთი ექსპერტისთვის ღიმილის მომგვრელი იყო. დღეს კი, პროგნოზის დიდი ნაწილი გამართლდა.

1 უნცია ოქროს ღირებულება ახლა 2170 დოლარის ფარგლებშია და ძვირფასი ლითონის ღირებულება 2200 დოლარს აუცილებლად გადასცდება უკვე წელსვე. ეს პროგნოზი 95%-იანი სიზუსტით გვაქვს გათვლილი.

ვხედავთ მსოფლიოში რა სიტუაციაცაა. გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაძაბულია, ევროკავშირი დაშლის პირსაა და შესაბამისად, თუ 2019 წელს ვფიქრობდით, რომ შეიქმნებოდა ცალკეული სავალუტო ზონები და ერთ-ერთ სავალუტო ზონად მოვიაზრებდით ევროს, შეიძლება ეს აღარ მოხდეს. თუ ევროკავშირი დაიშლება და ამის ნიშნები ჩანს, რასაკვირველია, მათი ვალუტაც ჩამოიშლება. ცალკე იქნება დასავლეთ ევროკავშირის ქვეყნები და ცალკე იქნება აღმოსავლეთის ევროკავშირი. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, უნგრეთი და ა.შ. აღმოჩნდებიან ცალკე.

ოქროს ფასმა სტაბილური ზრდა დაიწყო 2022 წლის ოქტომბრის ბოლოდან და მისი ღირებულება აღმავალ მდგომარეობაშია. საერთოდ, დოლარი, ოქრო, ნავთობი ერთმანეთთან გარკვეულ კორელაციაშია. რადგან ვიცით, რომ ოქროს ფასი იმატებს, ახლა უნდა დავაკვირდეთ კრიპტოვალუტებში რა ხდება.

კრიპტოვალუებმა, განსაკუთრებით ბიტკოინმა, მსოფლიო ბაზარზე, ფაქტობრივად ოქროს ფუნქცია შეიძინა. ასე რომ, ოქროს ფასის მატება და კრიპტოვალუტაზე ღირებულების ზრდა იმის მომასწავებელია, რომ დოლარის პოზიცია ძალიან შესუსტდება. მოკლედ რომ ვთქვა, ლარის კურსი შედარებით გამყარდება და დოლარი გაუფასურებისკენ წავა და, რა თქმა უნდა, ოქროს ფასი ჩვენთანაც მაღალი იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

ოქრო თანამედროვე ეკონომიკის პირობებში სტაბილურობისა და ეკონომიკური მდგრადობის გარანტია, რასაც აშშ დოლარის ვალუტაც კი ვერ უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, ოქროს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრიზისისგან თავის დაზღვევის საშუალებას.

ოქროს აქტუალურობის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც გლობალური ეკონომიკა და გეოპოლიტიკური ვითარება უარესდება და კრიზისის რისკი გაზრდილია, ოქრო კვლავ ინარჩუნებს თავის ღირებულებას.

მისი უპირატესობა აგრეთვე დაკავშირებულია ინფლაციასთან, ვინაიდან მაღალი ინფლაციის პირობებში ოქროს ღირებულება არ ეცემა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური რყევის ან საერთაშორისო კონფლიქტის დროს, როცა საფონდო ბაზრებზე არასტაბილური ვითარება იქმნება, ინვესტორები ფულის უსაფრთხოდ დასაბანდებლად ხშირად ყიდულობენ ოქროს. ის ინფლაციისგან თავის დაცვის კარგი საშუალებაც არის და ხშირად აქციებსა და ობლიგაციებზე მეტი შემოსავალი მოაქვს. მაღალი ლიკვიდობით გამოირჩევა გარკვეული სახის ოქროზე დაფუძნებული აქტივები, მისი ნაღდ ფულად ქცევა ადვილად შეიძლება. ინვესტორს, ოქროს შეძენით, საკუთარი პორტფელის დივერსიფიცირება შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნაკლებად არასტაბილური გახდება.  

ოქროში ინვესტირების რამდენიმე გზა არსებობს: ოქროს ზოდებს ან მონეტებს ძვირფას ლითონში ინვესტირების ერთ-ერთ ყველაზე სწორი ფორმად მიიჩნევენ, პოპულარულია ოქროს ფიუჩერსები და მოპოვებლობითი საქმიანობაც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×