შესაბამისად მარცვლეულიც და ფქვილიც გაიაფდება, რაც სავარაუდოდ, პურის ფასზეც უნდა აისახოს
გვანცა წულაია
09.05.2023

მსოფლიოში წელს, ხორბლის მასშტაბურ მოსავალს ელოდებიან. მარცვლეულის მთლიანი წარმოების პროგნოზირებული მოცულობა 2,785 მლრდ ტონას მიაღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ მოსავლამდე ელევატორების დაცლა და ხორბლის მასობრივი გაყიდვა დაიწყება, რაც მარცვლეულს კიდევ უფრო გააიაფებს. საინტერესოა, ამ პროცესების პარალელურად, როგორი მოსავალი იქნება საქართველოში?

მიმდინარე ეტაპისთვის, 1 ბუშელი (25კგ) ხორფალი 6.5 დოლარი ღირს და არ არის გამორიცხული, რომ ელევატორების დაცლისა და ხორბლის ახალი მოსავლის აღების შემდეგ მარცვლეულის ღირებულება 6 დოლარზე ჩამოვიდეს. იქიამდე კი სანამ ეს პროცესები დაიწყება, კეთდება პროგნოზები, რომელიც დამაიმედებელი და პოზიტიურია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (ფაო) ანგარიშში  ნათქვამია, რომ აპრილში მნიშვნელოვანი ნალექის შედეგად ევროპის უმეტეს ქვეყნებში ნიადაგი ტენით გაჯერდა, რამაც მიმდინარე წელს ხორბლის მოსავლის პერსპექტივა გააუმჯობესა. ამის შედეგად ფაო-მ ევროკავშირისთვის წარმოების პროგნოზი 139,5 მილიონ ტონამდე გაზარდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთში ნალექის თანაბარი განაწილების შედეგად კულტურების მდგომარეობა ზოგადად კარგია, სადაც ხორბლის წარმოება, დაახლოებით, 83 მილიონ ტონას მიაღწევს, თუმცა ეს მოცულობა 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელზე ნაკლებია.

2022-2023 სეზონურ წელს გლობალური მარცვლეულის წარმოების მიმდინარე პროგნოზი, ფაო-ს მიერ წინა თვეში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით, 7,7 მილიონი ტონით არის გაზრდილი. ამჟამინდელი პროგნოზით, გლობალური წარმოება 2,785 მლრდ ტონას მიაღწევს.

რაც შეეხება საქართველოს, ადგილობრივი მოსავლის ზრდას ელოდებიან ჩვენთანაც. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუ 2021 წელს ქვეყანამ 100 ათასი ტონა ხორბალი აწარმოა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 157 ათას ტონამდე გაიზარდა და არის მოლოდინი, რომ 2023 წლის მოსავალი კიდევ უფრო მაღალი იყოს. 

იგივე მოლოდინი არსებობს თავად სექტორშიც. შედეგიც გაუმჯობესებაც ელოდება შპს „ლომთაგორას" ხელმძღვანელი კახა ლაშხი.

"წელს, შარშანდელთან შედარებით, რაოდენობრივად უფრო მეტ ხორბლის მოსავალს ველოდებით. ხარისხიც, წესით, უკეთესი უნდა იყოს, რადგან კარგი გაზაფხული გქონდა. წვიმიანი, ნალექიანი და შესაბამისად, ვარაუდია, რომ 2023 წელს უკეთესი სიტუაცია იქნება, ვიდრე იყო 2022 წელს”, - განუცხადა `რეზონანსს” ლაშხმა.

მართალია, ქვეყანამ ხორბლის მოსავლიანობა გააუმჯობესა, მაგრამ რეალიზაციის პრობლემა შეიქმნა. რადგანაც ქვეყანაში წისქვილკომბინანტები დახურულია და შესაბამისად ხორბალი გადაუმუშავებელი დარჩა. წისქვილების დახრუვის მიზეზი კი ისაა, რომ ქვეყანა ფქვილის იმპორტზე გადაერთო. კარგ მოსავალზე საუბრის პარალელურად აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრა აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა.

"2022 წელი ძალიან კარგი შედეგით დაასრულეს ქართველმა მეხორბლეებმა. 54 ათას ჰექტარზე მიღებული იქნა 157,4 ათასი ტონა ხორბალი. ეს იმას ნიშნავს, რომ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2,9 ტონა შეადგინა, რაც საქართველოს ბოლო 50 წლის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დღეს, დაახლოებით, 40 ათასამდე ტონა ხორბალი არის გაუყიდავი. ამის გამო რამდენიმე დღის წინ, მეხორბლეებმა კახეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს და ერთი ტომარა ხორბალი დაყარეს.

წისქვილკომბინანტები არ ყიდულობენ მათგან ხორბალს, რადგან ყველა მათგანი დაკეტილია. დაკეტილია იმიტომ, რომ საქართველოში რუსეთიდან შემოდის იაფი ფქვილი. რუსთი ხორბალს არ გვაძლევს, რადგან მან ძალიან მაღალი სატარიფო გადასახადი დააწესა, ამიტომ საქართველო იძულებულია ფქვილი შემოიტანოს”, - განუცხადა "რეზონანსს” კოღუაშვილმა და აღნიშნა, რომ თუ გლეხებს სახელმწიფო მხარდაჭერა არ ექნებათ, უკეთესი შედეგი ვერ მიიღწევა.

"თუ სახელმწიფომ ნაბიჯი დროულად არ გადადგა და სპეციალური პროგრამა არ შეიმუშავა, ქართველი გლეხკაცი მარცვლეულის წარმოებისაგან ხელს აიღებს. ღონისძიებები სასწრაფოდ არის გასატარებელი, მოსახლეობაში დარჩენილი ხორბლის შესყიდვისთვის და მისი წისქვილებში გადამუშავებისთვის. გლეხებს ისეთი მასტიმულირებელი, მხარდაჭერი პროგრამა უნდა გაუკეთდეთ, რომელიც სულ მცირე 100-110 ათას ჰექტარზე მაინც დაათესინებს ხორბალს, იმ გარანტით, რომ მარცვლეული წისქვილების მიერ იქნება შეწყიდული”, - დასძინა პაატა კოღუაშვილმა "რეზონანსთან” საუბრისას.

უნდა აღინიშნოს, რომ იაფი ფქვილის პირობებში, პური 15 თეთრით გაიადა. ფასმა ჯერ - 10 თეთრით, წინა კვირაში კი კიდევ 5 თეთრით მოიკლო. მართალია, ამის შესაძლებლობა აქამდეც არსებობს, რადგან უკვე კარგა ხანია ფქვილი გაიაფებულია და ერთწლიან ჭრილში ფასი 25-26 ლარითაა შემცირებული, მაგრამ პირველადი მოხმარების პროდუქციას ფასი მხოლოდ წინა თვეში დააკლდა. თუკი მსოფლიოშიც და საქართველოშიც მოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა და მარცვლეულიც გაიაფდა, არ არის გამორიცხული ძირითადი მოხმარების პროდუქტის ღირებულიბა კიდევ შემცირდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×