"ყველა კომპანიის საქონელზე ფასი დაბლა წამოვა, ვინც კი სატრანსპორტო საშუალებას ქირაობს"
ქეთო გოგოხია
12.09.2022

დაახლოებით 2 კვირაში ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების გაიაფება დაიწყება. ტენდენცია უკვე შეიმჩნევა, რისი ძირითადი საფუძველიც ლოგისტიკის ღირებულების კლებაა. მართალია, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით გადაზიდვების ხარჯი  კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზეა, თუმცა წლიურ ჭრილში  კლება 50-%-ზე მეტია.  გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ფასები ყველა მიმართულებით გადაიხედოს. იმპორტიორების განცხადებით, ამ მხრივ მომდევნო 1 თვეში  გარკვეული სტაბილურობაა მოსალოდნელი. ასეთია გადამზიდავების განწყობაც, რომლებიც უკვე თამამად აცხადებენ, რომ ლოგისტიკაში გაძვირების პროცესი დასრულებულია, თუმცა 1 წელი კიდევ არის საჭირო, რომ სიტუაცია დალაგდეს.

როგორც ცნობილია, პანდემიის დაწყებისა და მიწოდების ჯაჭვების შეზღუდვის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით ტვირთის გადაზიდვის ხარჯები რეკორდულად გაიზარდა და 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11 000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა. ამან იმდენად დიდი პრობლემა შექმნა, რომ ბევრმა გადამზიდავმა უარი თქვა ჩინეთიდან იმპორტზე და ახალ ბაზრებზე გადაერთო. ამჟამად  კონტეინერების გამოყენების მაჩვენებელი 4862 დოლარამდე შემცირდა. გაიაფების ტენდენცია  რამდენიმე თვეა გრძელდება და ცვლილებას ძალიან მალე ქართველი მომხმარებელიც იგრძნობს.

ფასების კლების ტრენდის ჩამოყალიბებას, გარკვეულწილად, ლარის კურსიც ხელს უწყობს. ასეთ მოცემულობაში ბიზნესისთვის დაბრკოლება არ დარჩა, დიდი ხნის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ იმპორტიორები სურსათის გაიაფებაზე თამამად ალაპარაკდნენ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, ბაზარს ცვლილება მასობრად რომ დაეტყოს, 2 კვირიდან 1 თვემდე პერიოდი საკმარისია.

,,ლოგისტიკა იაფდება და ეს ძალიან კარგი ტენდენციაა. ცვლილება ამ ეტაპზე ჩვენთან ჯერ კიდევ არ ასახულა, გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა როგორც გადაზიდვაზე, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტზე შეინიშნება ფასის კლება და ეს ადეკვატურად აისახება ადგილობრივ  სამოხმმარებლო ბაზარზეც.

სასიკეთო ცვლილება მასობრივად დაწყებულია და მომდევნო 2 კვირაში ამას ყველა დაინახავს. პროცენტული მაჩვენებლის დასახელება მიჭირს, მაგრამ მკვეთრი ცვლილებაა. ამჟამად ზეთის ყიდვა 7 ლარადაც შეიძლება, წიწიბურა 15%-ით გაიაფდა, ეს ეხება უმეტესწილად ასაწონ პროდუქტებს, ბრენდირებულს გაიაფებისთვის უფრო მეტი დროს სჭირდება. ჩვენ საბოლოო ჯამში მინიმუმ 2 კვირიდან 1 თვემდე დრო დაგვჭირდება, რომ პროდუქტი მასიურად გაიაფდეს, ცხადია, თუკი გადაზიდვაც ხელს შეგვიწყობს“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ივა ჭყონიამ.

ფასების ზრდის მთავარ პრობლემად  ქართველი გადამზიდავები ჩინეთიდან ნედლეულის იმპორტის გაძვირებას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გლობალური ცვლილების გამო ბიზნესს ხარჯი არნახულად ეზრდებოდა. „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ფიქრობს, რომ სიძვირე  პანდემიური პერიოდის მთავარი გამოწვევა იყო და საფრთხემ ჩაიარა, თუმცა სიტუაციის მოწესრიგებას დაახლოებით 1 წელი დასჭირდება, რომ სტაბილურობა საბოლოოდ იქნას მიღწეული.

,,იმპორტის ხარჯი, მინიმუმ, 6-7 -ჯერ იყო გაზრდილი. ვთქვათ, კონტეინერი თუ ღირდა 3000 დოლარი, ერთხანს 20 000 დოლარსაც აღემატებოდა და საერთოდაც ძნელად იშოვებოდა. ხელოვნურად ავარდა მოთხოვნა. კორონავიურუსმა მთელი გლობალური ვაჭრობა თავდაყირა დააყენა.

ახლა ვხედავთ, რომ ლოგისტიკა გაიაფდა. ადრეც ვამბობდი, რომ გაძვირების ტენდენცია წლობით ვერ გაგრძელდებოდა და ასეც მოხდა. ცხადია, ფასები არ დაბრუნდება  ძველ ნიშნულზე, მაგრამ საგრძნობლად გაიაფდება. სავარაუდოდ,  ყველა კომპანიის პროდუქტზე ფასი დაბლა წამოვა, ვინც კი სატრანსპორტო საშუალებას ქირაობს.

საერთოდ კი, ჩემი აზრით, კიდევ 1 წელიწადი დასჭირდება, რომ სიტუაცია საბოლოოდ დასტაბილურდეს. ეს არის ჩვეულებრივი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი, გაცილებით დიდი მოთხოვნა იყო საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და მიწოდების პრობლემა გაჩნდა, ამან ფასებზე იმოქმედა. ახლა ნელნელა დალაგდება სიტუაცია. არავის აწყობს, რომ ასეთი ასტრონომიული ფასები იყოს, სტაბილური მდგომარეობა უნდა ბიზნესს, ამისკენ მივდივართ, ეს პროცესი აშკარად დაწყებულია“, - განაცხადა იაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

იმპორტიორები საუბრობენ იმაზეც, რომ ევროპიდან გადაზიდვები კვლავ დიდია, ამიტომ ის ნაწილი, ვინც მაღალი ტარიფის გამო, თავის დროზე, ჩინეთიდან იმპორტზე უარი თქვა, მზადაა, ხელახლა შეისწავლოს ბაზარი და სიტუაციის შესაბამისად იმოქმედოს.

ერთ-ერთი ასეთია შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია „გრინპაკის“ დამფუძნებელი პაატა აბრამია, რომელიც მზადაა ისევ დაბრუნდეს ჩინეთის ბაზარზე, თუკი ფასიც და ხარისხიც მისაღები იქნება.

,,პანდემიამ ბაზრებზე ახალი წესრიგი დაამყარა, მაგრამ კარგია, რომ ამას დიდხანს გაგრძელება არ უწერია. ჩინურ ბაზარს ვგულისხმობ, ვინაიდან ევროპის მიმართულებით ჯერ კიდევ სხვა მოცემულობაა. იქ, პირიქით, ძვირდება, სამანქანო გადაზიდვები 3000 ევრო თუ ჯდებოდა, დაახლოებით 5000-მდეა გაძვირებული. ვერ გეტყვით, რატომ მოხდა ასე.

ჩინეთიდან გადაზიდვის კი გაიაფება ფასებზე საგრძნობლად იმოქმედებს. ჩვენ სწორედ ამ გაძვირების გამო რამდენიმე ხნის წინ უარი ვთქვით ჩინეთიდან იმპორტზე. ამან ძალიან შეგვიშალა ხელი, საქმიანი ურთიერთობა შვაჩერეთ და სხვა ბაზრებზე გადავერთეთ. თუკი სტაბილურობა დაბრუნდება, შეიძლება ისევ  გადავერთოთ ჩინეთზე“, - განუცხადა პაატა აბრამიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 5%-ით შემცირდა და კონტეინერის გამოყენების საფასურმა 4862 დოლარი შეადგინა, რაც 2021 მაისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

გადაზიდვის ხარჯების შემცირებას, სავარაუდოდ, პირდაპირ გავლენა ექნება პროდუქციის ფასებზე, განსაკუთრებით კი იმ სექტორებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია აზიიდან იმპორტირებული საქონლის მოცულობა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით გადაზიდვის, ხარჯები განახევრებულია, თუმცა ამჟამინდელი 4800-დოლარიანი ფასი ისევ თითქმის 240%-ით მაღალია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×