2022 წლის პირველი ორი კვარატალში შემოსული უცხოური კაპიტალი ბოლო 14 წლის მაქსიმუმზეა
ქეთო გოგოხია
08.09.2022

საქართველოში ინვესტიციებმა ბოლო 14 წლის რეკორდი მოხსნა. 2008 წლის შემდეგ ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს ფიქსირდება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამ სტატისტიკას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მეორე ნაწილი კი ინვესტიციების მზარდ დინამიკას საქართველოს მიმზიდველობას და ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ნდობის ზრდას უკავშირებს. სავარაუდოდ, დადებითი ტენდენცია საშუალო და გრძელვადიან პერიოდებშიც შენარჩუნდება.

როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 351.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 პროცენტით მეტია. მთლიანობაში, როგორც ირკვევა, 2 კვარტლის მაჩვენებელი ბოლო 14 წლის განმავლობაში სარეკორდოა. პირველ 5 თვეში 922 მილიონ დოლარზე მეტი მხოლოდ 2008 წელს შემოვიდა. მონაცემი მოწმობს, რომ ინვესტიციების მიმართულებით წელსაც, სავარაუდოდ, ასეთივე რეკორდული წელი გვექნება.

როგორც ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, გეოგრაფიული არეალიც დივერსიფიცირებულია და აქცენტი კეთდება მაღალი ღირებულების მქონე სექტორებზე, რის გავლენაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზე აისახება.

,,ბოლო ათწლეულში ყველაზე დიდი ინვესტიციების ზრდა ჩვენ 2017 წელს გვქონდა. ახლა კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 13.4%-ით აღემატება თვით ბოლო ათწლეულში 2017 წლის მონაცემსაც, როდესაც წლიურმა ზრდამ 2 მილიარდი დოლარი შეადგინა. წარმოიდგინეთ, 2017 წლის პირველი ორ კვარტალთან შედარებითაც, წელს 13,5%-ით არის გაზრდილი.

უნდა ვნახოთ სტრუქტურა. უცხოური ინვესტიციების მკვებავი ძირითადი წყაროა რეინვესტირება, კაპიტალში ინვესტიციები და კორპორატიული ვალდებულებები. ინვესტორებს არა მარტო შემოაქვთ კაპიტალი, არამედ მოგებას ტოვებენ და არ გააქვთ ქვეყნიდან, ანუ ადგილი აქვს რეინვესტირებას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ყურადღებას იქცევს  ინვესტიციების წარმომავლობაც. ყველაზე დიდი  ინვესტიცია ევროპიდანაა შემოსული, მათ შორის ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და სხვა, შესაბამისად, გეოგრაფიაც არის დივერსიფიცირებული. ერთ მხარეს ევროკავშირის ქვეყნებია, მეორე მხარეს -  იაპონია, თურქეთი და სხვა. აქცენტი გაკეთებულია მარალი ღირებულების მქონე სექტორებზე, რასაც ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტი როლი აკისრია. ეს პირდაპირ აისახება მშპ-ს მაღალ ზრდაში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ ,,რეზონანსთან" და დასძინა, რომ გლობალურ ბაზრებზე არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი აშკარად გაუმჯობესებულია და ინვესტორების მაღალი ნდობაც ქვეყნის მიმართ სწორედ ამ ფაქტორით არის განპირობებული.

,,პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციები ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობასა და პოზიტიურ მოლოდინზე საქართველოს ბიზნეს გარემოს მიმართ, რასაც ინვესტიციების სტრუქტურა ადასტურებს. კერძოდ, იანვარ-ივნისის მონაცემებით, რეინვესტიცია გაზრდილია 234.4 მლნ. აშშ დოლარით (72.2%-ით) და შეადგენს 559.1 მლნ აშშ დოლარს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სააქციო კაპიტალი, ორი კვარტლის მონაცემით, გაზრდილია 274.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 5-ჯერ მეტად და 343.3 მლნ დოლარს უტოლდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტიციების ზრდა თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებთან, რასაც  ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. შემუშავებულ იქნა სახელმწიფო პროგრამა - „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ კომპანიებისთვის კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურებას", - განმარტა გიორგი ცუცქირიძემ.

მართალია, ინვესტიციებმა ნახტომისებურად მოიმატა, თუმცა სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებული მონაცემები სახარბიელო არ არის და სინამდვილეში საქართველო კაპიტალის დიდ დეფიციტს განიცდის. ასე ფიქრობს ეკონომისტი რამაზ გერლიანი, რომლის შეფასებითაც, ზრდის მიუხედავად, ინვესტიციებში დიდი პრობლემა, რის დაძლევის საშუალებასაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ვერ იძლევა.

,,ინვესტიციებში მასშტაბური ზრდა არ არის, მით უმეტეს, რეინვესტირების გარეშე! ჩვენ ჩავარდნა გვქონდა წლების განმავლობაში და სიტუაცია არც ახლა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. არსებული მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ  ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდოს. 

შედარებისთვის, 2008 წლის პირველ კვარტალში 540 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, მეორე კვარტალში - 607 მილიონი დოლარისა, რის ფონზეც არსებული მაჩვენებლები ინვესტიციებში გარღვევად ვერ შეფასდება. პირიქით, უფრო  ნეგატიურად შევაფასებდი, რადგან სინამდვილეში მეტად მოველოდი ზრდას.  დიდი არაფერია 2022 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელი, თუ არ ჩავთვლით რეინვესტირებას, რომელსაც დიდი ადგილი უკავია და ეს არის სწორედ პრობლემა.

2015 წლიდან რეგულაციური პოლიტიკა გაამკაცრეს და დიდწილად ამითაც არის განპირობებული, რომ ინვესტიციებში მკვეთრი კლება გვიფიქსირდება. რეალურად 5-7 წლის წინანდელ მაჩვენებელსაც ვერ გადავასწარით, შთამბეჭდავი სიტუაცია ნამდვილად არ არის", - განუცხადა რამაზ გერლიანმა ,,რეზონანსს".

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებში ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზეა ნიდერლანდები - 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე იაპონია - 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 პროცენტი).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×