გვანცა წულაია
09.09.2022

მსოფლიოს არაერთ ქვეყანასთან ერთად, კრიპტოვალუტების რეგულირება საქართველოშიც იგეგმება.  ვირტუალური ფული 21-ე საუკუნეში დიდი პუპულარობით სარგებლობს და მისი გაკონტროლება მრვალმა ქვეყანამ მოინდომა. ზოგან კრიპტოლავლუტები აკრძალულია კიდეც. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რამდენად შესაძლებელია საქართველოს ციფრული ფულის მიმოქცევის რეგულირება.

საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების მიხედვით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების AML/ჩFთ კუთხით რეგულირება/ზედამხედველობა, მათი ლიცენზირება/რეგისტრაცია, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების/ბენეფიციარი მესაკუთრეების/ხელმძღვანელი პირების Fიტ ანდ Pროპერ შემოწმება, ეფექტური მონიტორინგი“- ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტით განსაზღვრული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, კრიპტოვალუტების გაკონტროლება ჩვეულებრივი ამბავია და რეგულირება არ იქნება ხელისემშლელი ფაქტორი, თუნდაც ოპერაციების განხორციელების მიმართულებით.

„რეგულაციები საერთოდ ნიშნავს იმას, რომ თუ კრიპტოვალუტის განაღდება მოხდება ბანკებში, ის ჩვეულებრივ იქნება აღრიცხული. სხვა მომენტია, როდესაც ადამიანს აქვს კრიპტოვალუტაში ანგარიში უცხოეთის ბანკში, ის უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში არ შედის. ძირითადად, ეს ეხება იმ ტრანზანქციებს, რომელიც იქნება ფულად ანგარშებთან დაკავშირებული, ანუ საქართველოს ბანკებში ვისაც აქვს ანგარიში, იქნება რეგულაციების ქვეშ.

მე არ ვიცი, კონკრეტულად რა რეგულაციები გატარდება, მაგრამ ვფიქრობ, არ იქნება ხელისემშლელი ფაქტორი იგივე ოპერაციების განხორციელების მიმართულებით. უბრალოდ, მონიტორინგი განხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან.

საერთოდ, კრიპტოვალუტების რეგულირებას სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული ბანკებიც იწყებენ. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, რადგან რეგულაციები, თუ, რა თქმა უნდა, არის გონივრული, ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება. რაიმე ისეთი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის ჩვეულებირვი მომენტი, რომელიც ეხება საფინანსო სფეროს რეგულაციას“, - განუცხადა ვახტანგ ხომიზურაშილმა „რეზონანსს“.

კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. როგორც მაშინ სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა კიდეც. ახლა სებ-ისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი უკვე პარლამენტშია.

საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ქვეყნები კრიპტოვალუტის რეგულირების გზას მიმართავენ.

„საქმე ისაა, რომ კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს საგადამხდელო საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ მან დიდი პოპულარობა შეიძინა, ქვეყნებმა თანდათანაბით მიმართეს რეგულირების გზას, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, ყოველი გარიგება, რომელიც შედგება ციფრული ფულით, უნდა იყოს გამჭირვალე, იმისათვის, რათა აისახოს ეროვნულ ვალუტაში.

დღემდე ასეთი წესი არ არსებობდა, ამიტომ იგი მოწყვეტილი იყო ყველანაირ რეგულირებას, თუმცა ის, რომ გარიგებები გახდეს ბოლომდე გამჭირვალე, ამაზე ალბათ, არსებობს მოსაზრეა, რომ ეს შეუძლებელია. ქვეყნები მუშაობენ იმისათვის, რომ ბლოკჩეინზე დამყარებულმა ციფრულმა ვალუტამ მიიღოს თავისი აღიარება, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება მოახერხებს ან მოფიქრებული იქნება ისეთი ტექნოლოგია, რომელიც ქვეყნებს იმის შესაძლებლობას მისცეს, რომ იგი მოაქციოს ფინანსური სტაბილურობის ქვეშ“, - განუცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა „რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×