დედაქალაქში სასექტემბროდ ბინის გაქირევების ფასმა ოთხნიშნა ზღვარს გადააბიჯა
ქეთო გოგოხია
05.09.2022

მოვიდა სექტემბერი და უკვე ფაქტებითაც დადასტურდა, რომ სტუდენტები ბინებს ვეღარ ქირაობენ. გარდა იმისა, რომ ფასი მაღალია, გასაქირავებელი ფართების დიდი დეფიციტიცაა. ბინები ფიზიკურად არ არის. ცალკე პრობლემაა უაზრობამდე გაზრდილი ტარიფები - საქართველოში ბინების გაქირავება-დაგირავების ბაზარზე კვლავ არარეალურად მაღალი ფასი ნარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბროკერები გაძვირებას აჟიოტაჟს უკავშირებდნენ და ფასების კლებას პროგნოზირებდნენ, როგორც ჩანს, საქმე გაცილებით რთულადაა და ცუდი ტენდენცია გრძელდება.  ამ ეტაპზე 300 დოლარზე ნაკლებად ბინა თბილისის არც ერთ უბანში არ ქირავდება, ძირითადად ფასები 1000-1500 ლარის ფარგლებშია.

თუკი მდგომარეობა არ შეიცვლება, დიდი რისკია, რომ სტუდენტების ნაწილს იძულებით მოუხდეს ე.წ. აკადემიურის აღება და სწავლის შეწყვეტაც კი. ცალკე ისიც პრობლემაა, რომ თავის დროზე, ბინებში ,,იაფად“ შესულ მოქალაქეებს ტარიფები გაუძვირეს ან გაგდებით ემუქრებიან. ცხადია, ეს ვითარება რუსეთისა და უკრაინის ომმა გამოიწვია და ყველაზე მეტად სტუდენტები დაზარალდნენ. აგვისტო-სექტემბერში ისედაც ყოველთვის იწევდა ფასი. ამას ემთხვევა ისიც, რომ ონლაინ სწავლება უკვე არსად აღარ არის და ხალხი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

„ბიზნეს-რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ვითარებაა ბაზარზე, დღევანდელი ფასები არის თუ არა პიკური და რამდენად შესაძლებელია ღირებულების შემცირება. უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იმდენად გაზრდილია, რომ მიწოდებას ვერ აბალანსებს. ბაზრის ექსპერტი, სააგენტო „კიბეს” ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე აღნიშნავს, რომ შექმნილმა მდგომარეობამ ბინები ძალიან გააძვირა, თუმცა უფრო მძიმე ვითარებაა დაქირავების მიმართულებით.

,,ბაზარზე ვითარება იმდენად აჟიოტაჟურია, რომ დედაქალაქში გასაქირავებელი ბინები თითქმის აღარ დარჩა, არადა ქვეყანაში მალე სწავლა დაიწყება და სტუდენტები მასობრივად ჩამოვლენ თბილისში. რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეები გრძელვადიანი პერიოდით ქირაობენ ფართებს, ბაზარზე სერიოზული დეფიციტი შეიქმნა. მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი დარღვეულია. ნორმალური ბინის დაქირავება დიდი პრობლემაა.

ცენტრალურ უბნებში ბინას, ფაქტობრივად, ვერ იპოვიან. 300-400 დოლარი დღეს ყველაზე დაბალი ტარიფია, მაგრამ ბინის შოვნა ამ ფასად ჭირს. როგორც კომერციული ფართების შემთხვევაშია, გრძელვადიანი კონტრაქტებით ქირავდება, ასეა საცხოვრებელი ბინების გაქირავების სეგმენტშიც. ომის დაწყებისთანავე მასობრივი შემოდინება იყო, დაკავდა ბინები და ახლა უკვე დეფიციტია.

წლის ამ პერიოდში პრობლემა ყოველთვის იყო, მაგრამ რაც ახლა ხდება, წარმოუდგენელია. მოთხოვნა დიდია და ეს მიწოდებაზეც აისახება და ფასზეც. პრაქტიკულად ყველგან ჭირს. სტუდენტი სასწავლებლის სიახლოვეს ცდილობს ფართის დაქირავებას, რათა ტრანსპორტის ხარჯი დაზოგოს, სამაგიეროდ, ქირა უძვირდება", - განაცხადა ნელი გოგუაძემ.

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ მოთხოვნის მიმართულებით აჟიოტაჟი ჯერ კიდევ  არ ჩაცხრება, რადგან საქართველოში უცხოელების შემოდინება არ წყდება. კომპანია „ბერუკას” ხელძღვანელის ავთანდილ გუგეშაშვილის თქმით, ახლა პიკია და მეტად აღარ გაძვირდება, თუმცა დიდი გასაქირავებელი ფართების დეფიციტია, რაც მოკლევადიან პერიოდში ვერ გადაიჭრება. 

„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში ბინების დამქირავებლების ერთი პარტია შემოვიდა და ამან ბაზარზე სიტუაცია არია. ერთბაშად და ხანგრძლივი ვადით დაიქირავეს ბინები, რამაც დისბალანსი გამოიწვია. მოკლე დროში ეს პრობლემა ვერ გადაიჭრება. ვხედავთ, რომ განსაკუთრებით სტუდენტებს შეექმნათ დისკომფორტი და გამოუვალი მდგომარეობა, რადგან ,,იაფი ბინები" საერთოდ აღარ არის.

რაც შეეხება ფასებს, გაქირავების ღირებულებასთან დაკავშირებით, ალბათ, დღეს უკვე პიკია და მეტად აღარ გაძვირდება. კლება არა მგონია მოსალოდნელი იყოს, მაგრამ ასე დარჩება, სტაბილურად ამ ნიშნულზე. ხალხს კი ძალიან გაუჭირდება, განსაკუთრებით სტუდენტებს, შეიძლება ბევრს აკადემიურის აღება დასჭირდეს, თუკი საცხოვრებელი არ ექნებათ" - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს” ავთანდილ გუგეშაშვილმა. 

ქირასთან დაკავშირებით მოქალაქეების იმ ნაწილსაც აქვს პრობლემა, ვინც დიდი ხნის წინ დაიქირავა ფართი, მაგრამ ბინის მფლობელმა გადასახადი გაუძვირა. დევნილი პედაგოგი ანა გოშაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ქირით ცხოვრობს. ამბობს, რომ დაახლოებით 2 წლის წინ ბინა 400 ლარად იქირავა და როგორც კი რუსების ახალი ტალღა გამოჩნდა, მეპატრონემ გადასახადი გაუძვირა.

,,თებერვალში ომი დაიწყო, მარტიდან ახალი ,,ტურისტები" გამოჩნდნენ, რომელთა მხრიდან ბინებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 2 წელი უპრობლემოდ ვიხდიდი 400 ლარს, გაძვირებაზე საუბარიც არ ყოფილა, მაგრამ როგორც კი რუსები გამოჩნდნენ და გაქირავებაზე მოთხოვნაც გაიზარდა და ბინის მეპატრონემაც გადასახადი 200 ლარით გამიძვირა. ამ თანხას ვერანაირად გადავიხდიდი, ვთხოვე და სექტემბრამდე ცხოვრების უფლება დამრთო. ახლა უკვე გაზრდილი ტარიფით მომიწევს გადახდა ან ბინა უნდა დავტოვო, გამოუვალ სიტუაციაში ვარ", - უთრა ანა გოშაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

დიდი აურზაური, რომელიც მარტი-აპრილიდან გრძელდება, რუსეთის უკრინაში შეჭრამ გამოიწვია. ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ჩამოვიდნენ. მათ ბინით უზრუნველყოფა ჯერ კიდევ სჭირდებათ. მართალია, ამ ეტაპზე რუსებისა და ბელარუსების მხრიდან მოთხოვნა შედარებით შემცირებულია, მაგრამ აქტიურობა მაინც გრძელდება.

"თიბისი კაპიტალის" ინფორმაციით,  თბილისში საშუალო ქირის ფასი წლიურად 69.8%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით 2%-ით შემცირდა. მოცემულ პერიოდში კვადრატული მეტრის ფასი 8.3 დოლარს შეადგენდა. ამჟამად მიგრაციის ეფექტი ქირის ფასებზე სრულად ასახულია. ზოგიერთმა მიგრანტმა შესაძლოა დატოვოს ქვეყანა ან იყიდოს საცხოვრებელი სახლი, რაც გაქირავების ბიზნესზე უარყოფითად აისახება, თუმცა სტუდენტების დისტანციური სწავლის დასრულება ახალი აკადემიური წლიდან მოთხოვნას ბაზარზე ისევ გაზრდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×