სოსო არჩვაძე: „ეს მონაცემები არათუ გვაკმაყოფილებს, არამედ გაცილებით მეტი დასაქმებული ადამიანი გვინდა"
გვანცა წულაია
30.08.2022

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, შესაბამისად შემცირდა უმუშევარობა. ასეთია 2022 წლის მეორე კვარტლის ოფიციალური მონაცემები, რა პერიოდშიც ვითარება უკეთესობიკენაა შეცვლილი, თუმცა ქვეყანაში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე გამომწვევი პრობლემაა, რისი მაჩვენებელიც, შემცირების მიუხედავად, მაინც მაღალ ნიშნულზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა.

წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 36.2 ათასი კაცით (4.4%) და 867.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.4 ათასით გაიზარდა (5.1%) და 401.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 63.0 ათასით (18.3%) და 281.6 ათასი შეადგინა.

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 50.2 ათასი კაცით (6.1%), თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა გაზრდილია 18.9 ათასით (4.9%), ხოლო უმუშევართა რიცხოვნობა 8.1 ათასითაა (2.8%) შემცირებული.

ამასთან, 2022 წლის მეორე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.4%-ს შეადგენდა, რაც 0.1%-ული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.8%-ული პუნქტით, ხოლო კაცებში - 4%-ით.

მიუხედავად იმისა, რომ მონაცემებში არსებული ცვლილება აშკარად პოზიტიურია, საქართველოში უმუშევრობა მაინც მაღალ ნიშნულზეა. სწორედ ამაზე საუბრობს სტატისტიკოსი, ეკონომისტი სოსო არჩვაძე და მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ უფრო მეტი ადამიანი დაასაქმოს, რითაც უმუშევრობა შემცირდება.

„წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 4%-ით არის შემცირებული, მაგრამ ეს მაინც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და სერიოზულ გამოწვევად რჩება. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვაში, მათ მიერ შემდგარი პრობლემების თაობაზე, პირველ ადგილზე, კარგა ხანია, უმუშევრობის და დასაქმების პრობლემა დგას, თუმცა პროგრესი ცალსახაა. გასულ წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა გაგვეზარდა ყოველ შინამეურნეობაზე, მათ შორის დაქირავეით დასაქმებულთა ოდენობა. ყოველ შინამეურნეობაზე დაახლოებით 83 დაწირავების დასაქმებული მოდის, რაც სადრაც სამი ერთეულით მეტია წინა წელთან შედარებით. თითქოს არაფერია სამი ერთეული, მაგრამ თითოელი რიცხვის უკან დგას ოჯახის კეთილდღეობა, ამირომ პოზიტივი ცალსახაა, თუმცა ეს მონაცემები არათუ გვაკმაყოფილებს, არამედ გაცილებით მეტი დასაქმებული ადამიანი გვინდა. ამის რესურსი საქართველოს აქვს, რაც პირველ რიგში გამოიხატება იმაში, რომ ეკონომიკის ზრდის საკმარისად მაღალი ტემპი გვაქვს აღებული, რისი შეჩარებაც, უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელი არ არის.

გამოვყოფდი იმ გარემოებას, რომ უმუშევრობის დონე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო 7 კვარტლის მანძილზე, ანუ 2020 წლის მესამე კვარტლის შემდეგ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულთა და უმუშევართა პროპორციები არსებითად გაუმჯობესდა, პირველის სასარგებლოდ, ანუ, თუ მაგალითად, 2022 წლის მეორე კვარტლაში ყოველ 1000 დასაქმებულზე 222 უმუშევარი მოდის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 284 იყო, ანუ 62-ით მეტი. დასაქმებულთა რიცხობრივი საერთო მატების თითქმის 2/3 დაქირავებით დასაქმებულთა ზრდის ხარჯზე მოდის.

ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა მიღებული შემოსავლები, ერთ წელიწადში, წინა წელთან შედარებით, რეალურ განზომილებაში, გაიზარდა 5%-ით. თუ ყველაფერს შევაჯამებთ, პოზიტიური ცვლილებები ფიქსირდება და რაოდენორივი პარამეტრების გაუმჯობესებასთან ერთად, ადგილი აქვს ხარისხობრივი ინდიკატორების გამოსწორებასაც, რაც, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული", - განაცხადა სოსო არჩვაძემ „რეზონანსთან".

ამჟამად ქვეყანაში დასაქმებულად 1.27 მილიონი ადამიანი ითვლება, მათგან თვითდასაქმებულია 401 ათასი ადამიანი, დაქირავებით დასაქმებული კი 868 ათასია. უმუშევართა რიცხვი 282 ათას ადამიანს შეადგენს და ეს სამუშაო ძალის 18.1%-ია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ 18%-იანი უმუშევრობა მაღალი და საყურადღებოა, თუმცა იქვე ხაზს უსვამენ, რომ ვითარება აშკარად უკეთესობისკენ იცვლება.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძემ მიიჩნევს, რომ თუ მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩებუნდა, რაც მოსალოდნელია, უმუშევრობა კიდევ შემცირდება და შესაძლოა, 2019 წელს არსებული ნიშნულის ქვევითაც კი ჩამოვიდეს.

„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობა 4%-ით შემცირდა. უმუშევრობა შემცირებულია, როგორც ქალაქად, ისე სოფლად. უმუშევრობის შემცირება უნდა განვიხილოთ ეკონომიკური ზრდის ფონზე. უკვე მეორე წელია, საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა. სწორედ მაღალი ეკონომიკური ზრდაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს უმუშევრობის შემცირებას. მაგალითად, თუ გასული 2021 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 22%-ზე ცოტა მეტი იყო, უკვე ამავე წლის ბოლოს 20.6%-მდე შემცირდა, რადგან მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. დღეს კი, მეორე კვარტლის მიხედვით, უმუშევრობის დონე არის 18.1% და თუ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას მივყვებით, მაშინ, უნდა ვივარუდოთ, რომ წლის ბოლოს უმუშევრობა კიდევ შემცირდება და ჩემი შეფასებით, შესაძლოა, 2019 წელს არსებული ნიშნულის ქვევითაც კი ჩამოვიდეთ. 2019 წლს, კრიზისამდე, უმუშევრობის დონე იყო 17.6%. სავარაუდოდ 17-17.2%-ის ფარგლებში უნდა იყოს უმუშევრობა, რადგან ჩვენ წლის განმავლობაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით და ეს ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, ბოლო 15 წლის განმავლობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, საშუალო ევროპულ დონესთან შედარებით, ეს 17%-იც მაღალია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობა გაზრდილია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით, იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მომავალ წლებშიც შევინარჩუნოთ, რადგან უმუშევრობის დონე თუნდაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დავიდეს. უახლოეს 2-3 წელში 11-12%-ზე რომ ჩამოვიდეთ, იქნება ძალიან კარგი. თუ ავიღებთ პროგნოზს, რომ 2022-2027 წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება რეგიონში, მაშინ თავისუფლად შეიძლება იმის დაშვება, რომ თუნდაც 2027 წლისთვის უმუშევრობი დონე მკვეთრად შემცირდება და არათუ 17%, არამედ შეიძლება გაცილებით დაბალიც კი იყოს", - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ „რეზონანსს".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×