თემურ ჭიჭინაძე: „ნავთობის საერთაშორისო ფასი, რა თქმა უნდა გაზრდილია, თუმცა კურსის გამყარებამ ტარიფებზე დადებითად უნდა იმოქმედოს"
თიკა სიბოშვილი
29.08.2022

უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარების გამო სათბობ ენერგეტიკული რესურსის ფასების კუთხით ევროპაში კრიზისია. მიმდინარე ომის გამო სხვადასხვა ქვეყნები მუდმივად ზარალდებიან. ახლა უკვე შესამჩნევი გახდა ისიც, რომ ენერგორესურსები საგრძნობლად არის გაძვირებული და შესაძლოა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ მოგვარდეს, ამიტომ საინტერესოა, საქართველოზეც ხომ არ იქონიებს გავლენას ევროპაში მიმდინარე პროცესები და რამდენად მომზადებულია ქვეყანა მსგავსი ტიპის სირთულესთან გასამკლავებლად.

რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა რერუსების აქტიური გამოყენება არ დაწყებულა უკვე შესამჩნევია პრობლემები. როგორც, Sky News წერს, უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის ფასების კუთხით, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი შესაძლოა „არმაგედონად" იქცეს.

„ეს არის კრიზისი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენისთვის, რომლებიც ზამთარში „არმაგედონის" პირისპირ დარჩებიან. მხოლოდ მთავრობას შეუძლია ჩაერიოს და დარწმუნდეს, რომ ეს არ გამოიწვევს კატასტროფას არც ამ ზამთარს და არც მომავალ ზამთარს", - განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია National Energy Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ სკორერმა.

Sky News-ის თანახმად, ბრიტანეთში ოჯახების 30%-ზე მეტს გადახდის პრობლემა აქვს. ამასთან, 2023 წლის იანვარში ქვეყანაში ოჯახების უკვე ნახევარი შესაძლოა, ენერგო-სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აზერბაიჯანიდან სოციალური გაზი შემოაქვს, ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ ყველაზე იაფი გაზი საქართველოშია, ამას ემატება ლარის კურსის ამ ეტაპისთვის სტაბილიზაცია, თუმცა მაინც საინტერესოა, მიმდინარე მოვლენები როგორ იმოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე. როგორც, ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს მიაჩნია, საქართველო რისკების წინაშე არ დგას, პირიქით, კურსის სტაბილიზაციამ ტარიფებზე დადებითადაც კი უნდა იმოქმედოს.

„სახელმწიფოს გადასაწყვეტია როგორ მოიქცევა, თუმცა ევროპაში მიმდინარე სიტუაციამ, ამ შემთხვევაში ჩვენზე არ უნდა იმოქმოდოს და ამ კუთხით ენერგო მატარებლებს თუ არ ეხება, ვფიქრობ არც უნდა შეეხოს.

გაზის დეფიციტი არ გვემუქრება, რადგან ჩვენ ძირითადად აზერბაიჯანიდან ვიღებთ. ელექტროენერგიაზეც ანალოგიურად, ეს პრობლემა არ დადგება, ხოლო დანარჩენი, რაც შეეხება შემოტანას, ვფიქრობ, რომ ლარი დღეს იმდენად არის გამყარებული, რომ პირიქით, საპირისპიროდ უნდა მოხდეს ტარიფების შემცირება. ნავთობის საერთაშორისო ფასი, რა თქმა უნდა გაზრდილია, თუმცა კურსის გამყარებამ ტარიფებზე დადებითად უნდა იმოქმედოს", - აღნიშნა ჭიჭინაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ფაქტია, რომ პრობლემა რეალურია და ამაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ არანაირი წინაპირობა არ არის საქართველოში იმისა, რომ დენის ან გაზის ტარიფი გაიზარდოს. გაძვირების ყველა წინაპირობა დაძლეულ უნდა იქნას, რადგან მოსახლეობა რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გამოცემები დიდი კრიზისის შესახებ წერენ, ენერგეტიკოსი რეზო არველაძე მიიჩევს, რომ ის პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაზე ნეგატიურ ეფექტის მატარებელი არ იქნება.

„პირდაპირ შემიძლია იმის თქმა, რომ ევროპაში მიმდინარე პროცესები არანაირ გავლენას არ მოახდენს საქართველოზე. იქ შესაძლებელია არა მხოლოდ ,,ზაპაროჟიეს" სადგურს, არამედ სხვა სადგურებსაც გარკვეული საფრთხე შეექმნათ და მათი გაჩერება გახდეს აუცილებელი, მაგრამ ჩვენ ელექტრული კავშირი უკრაინასთან არანაირად არ გვაქვს და იქ დეფიციტის შექმნა საქართველოსა და რუსეთის კავშირზე არ იმოქმედებს. ზამთარში შესაძლოა დაგვჭირდეს მათი მხრიდან ელექტროენერგიის მიღება, ამიტომაც ტექნიკური პირობა არ არსებობს იმისა, რომ რამე საფრთხე შეექმება საქართველოს ამ მიმართულებით", - აღნიშნა არველაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისთვის, უკრაინული მედიის ცნობით, „გაზპრომის" მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე „ჩრდილოეთის ნაკადი 1"-ით გაზის მიწოდების სრულად წყვეტს, ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 500 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. „გაზპრომის" განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვა ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც ბირჟის - ICE-ს მონაცემები მოწმობს, ნიდერლანდებში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტების ღირებულება სექტემბერში ჰაბზე TTF ვაჭრობის შედეგად გაიზარდა 341 ევრომდე ერთ მეგავატ საათზე (3,54 ათასი დოლარი კუბურ მეტრზე). ეს თითქმის 600 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წინა რეკორდი გასულ კვირაში დაფიქსირდა, როდესაც ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 3 000 დოლარს გადააჭარბა. 2 500 დოლარზე მაღალი ფასი ევროპაში პირველად მარტში დაფიქსირდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის შემდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×