ლევან სილაგავა: „გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტიორებთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან - მცირე წისქვილკომბინატები უკვე ამუშავდნენ და მსხვილებიც მიყვებიან".
ქეთო გოგოხია
29.08.2022

 

გაძვირების საკმაოდ ხანგრძლივი ტენდენციის შემდეგ ქართულ ბაზარზე ზეთისა და მარცვლეულის გაიაფების რეალური შესაძლებლობა გაჩნდა. ასეთი მოლოდინი პროდუქციაზე რუსეთში საექსპორტო მცურავი გადასახდის კლებამ შექმნა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ზეთს და მარცვლეულს ძირითადად რუსეთიდან ვიღებთ, უახლოეს პერიოდში ფასების შემცირებას და სტაბილურობას უნდა ველოდოთ. ზეთის შემთხვევაში, ცვლილება საკმაოდ მკვეთრი იქნება, ვინაიდან ამ პროდუქტის ფასი მსოფლიოში ისედაც კარგა ხანია დაბლა მოდის და კიდევ შემცირდება.

ცნობილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან რუსეთი მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადს თითქმის 2-ჯერ ამცირებს. თუ აქამდე ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 15,987 რუბლი (დაახლოებით 270 დოლარი) იყო, სექტემბრიდან ის 8 621 რუბლი (დაახლოებით 144 დოლარი) გახდება.

ანალგიურად მცირდება საექსპორტო გადასახადი შროტზეც და 1-ლი სექტემბრიდან ნაცვლად 2 265 რუბლისა (დაახლოებით 38 დოლარი) 1 578 რუბლი (დაახლოებით 26 დოლარი) გახდება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზეთზე განაკვეთი გამოითვლება ტონაზე 1 583 დოლარის საორიენტაციო ფასით, შროტზე კი 269 დოლარის.

რაც შეეხება ხორბალს, 1 ტონა პროდუქტის ღირებულება ამ ეტაპზე 320 დოლარია და ფასი მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ შემცირდება.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას ინფორმაციით, მარცვლეულის გაიაფება ორ მთავარ ფაქტორს უკავშირდება, როგორიცაა უკრაინის დერეფნის გახსნა და უხვი მოსავალი რუსეთში.

„საკმაოდ კარგი ტენდენციაა მსოფლიო ბაზარზე, გაიხსნა უკრაინის სატრანსპორტო დერეფანი, რამაც თავისთავად ფასების დასტაბილურებას ხელი შეუწყო. ამასთან, რუსეთში ძალიან დიდი მოსავალია. მაღალი გადასახადი აწვება თვითონ რუსეთის შიდა ბაზარს, ექსპორტიორი გადახდას შიდა ფერმერულ მეურნეობას აკისრებს. შესაბამისად, ფერმერებს, რომლებსაც მოყავთ ხორბალი, საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა უწევთ. რუსი ანალიტიკოსები იძახიან, რომ შესანახი მეურნეობები გადატვირთულია. ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მარცვლეული დაიძრას და დროულად გაიყიდოს. ძალიან დიდი მოძრაობაა, თუ ეს ხორბალი გარეთ გამოვიდა, უფრო მეტად შეამცირებს ფასს. გადასახადის გაუქმება მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ წისქვილკომბინატები ფქვილის იმპორტიორებთან თანაბარ პირობებში ჩადგებიან. მცირე წისქვილკომბინატები უკვე ამუშავდნენ და მსხვილებიც მიყვებიან. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან გადასახადის გაუქმებამ ბაზარზე უკვე იმოქმედა, 1 ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილის ფასი 87 ლარამდეა, 1 ხარისხის ფქვილი 80 ლარამდე ღირს. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე ფქვილი გაიაფებულია", - განაცხადა ლევან სილაგავამ „ბიზნეს-რეზონანსთან".

მისი ინფორმაციით, ფასის კლების ტენდენცია, მინიმუმ, 2 თვე გაგრძელდება, სანამ მოსავალი სრულად დაბინავდება.

მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობს ზეთის იმპორტიორი კომპანია „მზიურის" („ოლეინას" იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დიმიტრი რამიშვილი. მისი თქმით, ბაზარზე ასეთი გადაწყვეტილებები 3-4 კვირის ვადაში აისახება.

„ზეთის ფასი საგრძნობლად შემცირდება. როგორც წესი, ბაზარი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში რეაგირებს. დღეს თუ ე.წ. პრემიუმ ზეთების ფასი 10 ლარის ფარგლებშია, გადასახადის შემცირების შემდეგ მისი ღირებულება დაახლოებით, 8 ლარამდე ჩამოვა", - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" დიმიტრი რამიშვილმა.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, ზეთი ძალიან სწრაფად ბრუნვადი პროდუქტია, შესაბამისად მსგავსი ცვლილება ფასზე მომენტალურად აისახება ხოლმე.

„ზეთი ძალიან სწრაფად ბრუნვადი პროდუქტია და შესაბამისად საბითუმო ფასებზე სადღაც 10 დღეში მაქსიმუმ ორ კვირაში აისახება, ანუ როდესაც მარაგები ამოიწურება. ქსელურ სუპერმარკეტებს შეიძლება ცოტა მეტი დასჭირდეთ, ანუ როდესაც ექსპორტის გადასახადი შემცირდება, საქართველოში დაახლოებით 2 კვირიდან ერთ თვეში ფასები შემცირდება. კონკრეტულად რამდენით, ამის თქმა მიჭირს, მაგრამ ფიქსირებული გადასახადი რა თქმა უნდა მხოლოდ ნეგატიურად აისახება, იყო პერიოდი როდესაც საექსპორტო გადასახადი 500 დოლარამდეც იყო ასული, მაგრამ ახლა რაღაც ლოგიკურ ფასთან არის მისული და ეს რა თქმა უნდა სექტემბრის ბოლოსთვის ბაზარს დაეტყობა. თუ იქამდე რაღაც სხვა საკითხი არ დადგა დღის წესრიგში. ზოგადად ძალიან არასტაბილურია, შეიძლება ერთ თვეში გაზარდოს, მერე შემცირდეს, ეს არასტაბილურობა ბიზნესს ძალია აწვება" - აღნიშნა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან".

შეგახსენებთ, რომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შემოვიდა.

საექსპორტო მცურავი ბაჟის გადასახადი სტატისტიკურად შემდეგნაირად გამოიყურება: 2021 წლის სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე; ოქტომბერში - 227,2 დოლარი; ნოემბერში - 194,5 დოლარი; დეკემბერში - 276,7 დოლარი. რაც შეეხება მიმდინრე, 2022 წელს, იანვარში საექსპორტო გადასახადმა 280,8 დოლარი შეადგინა; თებერვალში - 251 დოლარი; მარტში _ 260 დოლარი; აპრილში - 313 დოლარი; მაისში - 372,3 დოლარი; ივნისში - 525 დოლარი; ივლისში - 472 დოლარი.

რაც შეეხება მარცვლეულს, მცურავი გადასახადების მექანიზმი რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან მარცვლეულზე შეიმუშავა. ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტიდან შემოსული თანხები სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებას ხმარდება. გადასახადების ოდენობა ყოველკვირეულად, მოსკოვის ბირჟაზე ფასების ინდიკატორების საფუძველზე გამოითვლება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×