სოსო არჩვაძე: „ვფიქრობ, საქართველოს ექნება საშუალება, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და ამით დააინტერესოს არა მხოლოდ თავისი უცხოეთში გასული თანამემამულეები, არამედ მოახდინოს სხვა ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მობილიზაცია და მათი დასაქმება საქართველოში".
რეზონანსი
23.08.2022

საქართველოში შრომის ანაზღაურება მატულობს, მაგრამ ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მუშახელის სიმცირე შეიმჩნევა. პრობლემა განსაკუთრებით პროფესიულ კადრებთან დაკავშირებითაა, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემურო ხასიათი აქვს და ეს მოცემულობა გარკვეული პერიოდის განმავლობაშიც შენარჩუნდება. თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა თანდათან გამოსწორდება, რა მხრივაც მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლების როლის გაძლიერება, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას მეტნაკლებად დააბალანსებს.

PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თრექერის" მიხედვით, 2022 წლის ივლისში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5%-ით არის გაზრდილი, აღნიშნულის შესახებ საუბარია არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, 2022 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0- დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 21%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 21.8%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28.6%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 62.3%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ივლისში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ ხელფასს, 1.6% შეადგენდა.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, დღესდღეობით ბევრი ადამიანი საქართველოდან სამუშაოდ გასვლაზე უარს ამბობს იმ მიზეზის გამოც, რომ შრომის ანაზღაურება მეტნაკლებად მიუახლოვდა იმ ქვეყნების დაბალანაზღაურებად მაჩვენებელს, სადაც ისინი აპირებდნენ გასვლას.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა თურქეთია.

"7-10 წლის წინ თურქეთში გასვლის მოტივაცია განპირობებული იყო იმდენად არა მაღალი ანაზღაურებით, არამედ საქართველოში სამუშაო ადგილის სიმცირით. პირობითად ჩაის პლანტაციებში მუშაობით ქართველი თუ იღებდა თურქეთში 1000 ლარს, ხოლო საქართველოში 700 ლარს, იმ ხარჯის ან თუნდაც დისკომფორტის გათვალისწინებით, რასაც იგი სხვა ქვეყანაში აწყდებოდა, ფაქტობრივად გასვლის მიზეზი იყო არა საქართველოში დაბალი შრომის ანაზღაურება, არამედ შესაბამისი სამუშაოს არქონა. ახლა ეს პრინციპი მოიხსნა, ანაზღაურება გაიზარდა, მაგრამ ამავე დროს შეიმჩნევა სამუშაო ძალის სიმცირე. არა სეგმენტურად, არამედ შეიძლება სისტემური ხასიათი ჰქონდეს. ფატალისტურ და მძიმე პერსპექტივას არ ველი, პირიქით, ვფიქრობ, საქართველოს ექნება საშუალება, შექმნას მეტი სამუშაო ადგილი და ამით დააინტერესოს არა მხოლოდ თავისი უცხოეთში გასული თანამემამულეები, არამედ მოახდინოს სხვა ქვეყნებიდან სამუშაო ძალის მობილიზაცია და მათი დასაქმება საქართველოში", - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო არჩვაძემ.

გარდა ამისა, როგორც სტატისტიკოსმა აღნიშნა, საქართველო იყო და რჩება მიგრაციის ქვეყნად ანუ გასულთა რაოდენობა აჭარბებს შემოსულებს. თუმცა ის ნაკადი, რაც იყო წინა საუკუნის 80-90-იან წლებში, რომ მასობრივი ხასიათი ქონდა მიგრაციას, ახლა ნაკლებადაა.

გასული საუკუნის ბოლოს მიგრაციას ერთობლიობაში ეთნიკური, ეკონომიკური და სხვა მიზეზი განაპირობებდა. ახლა ეკონომიკური ფაქტორი დიდ როლს ასრულებს, მაგრამ გაზრდილია ასევე განათლების მიღებისა და სხვა საჭიროებისთვის მიგრანტთა რაოდენობა. მართალია, ეკონომიკური მიზნით გასულთა კონტიგენტი ჭარბობს, თუმცა იგრძნობა მათი წილის შემცირება, რაც პოზიტიურ ტენდენციად უნდა ჩაითვალოს. ზოგადად აბსოლუტური რაოდენობა იკლებს, 2020 წელს ჩვენ გვქონდა მიგრაციის დადებითი სალდო, მომდევნო წელს - უარყოფითი, მაგრამ უფრო ხანგრძლივ პერიოდებს თუ შევადარებთ, აშკარად იგრძნობა მიგრაციის ნაკადის შემცირება და ამ ნაკადში ეკონომიკური მიზეზით გასულთა რაოდენობა. თუმცა ეს არ ხსნის პრობლემის სიმწვავეს. ჩვენ ყველაზე პრობლემური გვაქვს სისტემური უმუშევრობა. პირობითად, ქვეყანას თუ ჭირდება 100 იურისტი და 100 შემდუღებელი - 200 ვაკანსიაა, მაგრამ სინამდვილეში გვყავს 170 იურისტი და ამდენივე შემდუღებელი. პირობითად ვამბობ, რაც ნიშნავს, რომ ორივე მიმართულებით პრობლემაა, გვინდა, რომ ბაზარზე იყოს მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსება, რაც უნდა მოახდინოს სახელმწიფომ უმაღლეს დაწესებულებებთან და ბიზნესთან უფრო აქტიური თანამშრომლობით", - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ფაქტია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი მხარდამჭერი ღონისძიების მ იუხედავად, პროფესიული განათლების მიმართ ინტერესი საქართველოში ჯერ ისევ დაბალია. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამის ერთ-ერთი მიზეზი, საკითხის მიმართ მენტალური მიდგომაა, ქართველების სწრაფვა აკადემიური განათლებისკენ. ამ დროს, როგორც ეკონომისტი გივი მომცელიძე აღნიშნავს, შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესება საგრძნობლად შესაძლებელია, თუკი პროფესიული განათლების დონე გაიზრდება.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ინტერესი პროფესიული სწავლების მიმართ, ინერგება ე.წ. დუალური სწავლების მოდელი და მეტი ყურადღება ექცევა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.

"საქართველოში დასაქმების დამაბრკოლებელი მთავარი მიზეზი ადამიანური რესურსების სიმწირეა. დეფიციტია თითქმის ყველა ვიწრო სპეციალობის მქონე კადრი. სასწავლებლების უმეტესობა 2 ან 3-წლიანი პროგრამით ამზადებს სპეციალისტებს და ამით ადამიანი აკადემიურ ცოდნას ვერ იღებს. ცხადია, ეს არ ამცირებს პროფესიული კოლეჯების როლს და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პარალელურად ეს მიმართულებაც განვითარდეს. სასურველია, რომ სწორედ სოფლად ცხოვრებასთან დაკავშირებული პროფესიები ფინანსდებოდეს. ამ თვალსაზრისით, მეცხოველეობას დიდი პერსპექტივა აქვს და ამ სფეროში დასაქმების შესაძლებლობაც მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ ითვალისწინებს და ყველა ოჯახი ცდილობს ისეთი განათლება მისცეს შვილს, რომელიც ქალაქში დამკვიდრების შესაძლებლობას გაუჩენს. მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოამზადოს ის კადრები, რომლებიც ბაზარზე დეფიციტურია. კარგია, რომ ინერგება ე.წ. დუალური სწავლების მოდელი და მეტი ყურადღება ექცევა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. ჩვენი მოქალაქეები კი უცხოეთში იაფ მუშახელად მიდიან, მაგრამ თუკი პროფესიული გადამზადების მიმართულებას გავაძლიერებთ, დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. შესაბამისად, მეტი დოვლათი შეიქმნება ეკონომიკაშიც", - განაცხადა მომცელიძემ "რეზონანსთან".

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 38,048 ვაკანსია გამოქვეყნდა ჯობს.გეზე, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 38%- ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 155%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, ჯობს.გე-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო თვიურმა ზრდის ტემპმა 7% შეადგინა.

"2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 11,179 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 62%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 215%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 7,905 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 151%- ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს, თებერვლიდან ივლისის ჩათვლით, 12,990 ვაკანსია გამოქვეყნდა ტექნიკურ/ლოჯისტიკურ კატეგორიაში, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 54%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154%- ით გაზრდილი მაჩვენებელია", აღნიშნულია „დასაქმების თრექერში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×