პაატა აროშიძე: „ქვეყნის გარეთ ქართველები ძირითადად დასაქმებულები არიან სოფლის მეურნეობაში, ქარხნებში, მძღოლებად ან ისეთ ადგილას, სადაც მეტწილად ქალბატონები მუშაობენ".
გვანცა წულაია
22.08.2022

ევროპაში ქართველებისთვის სამუშაო ადგილის მოძიება გაჭირდა, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყანაში ისე აქტიურად ვეღარ საქმედებიან, როგორც წინა წლებში ხდებოდა. მართალია, ბევრი ქართველი დღემდე ემიგრაციაშია და საკუთარ ოჯახს ეკონომიკურად ამ გზით უზრუნველყოფს, მაგრამ ასევე უამარავი ქართველი რჩება სამშობლოში და ქვეყნის შიგნით დასაქმებას ამჯობინებს.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ევროპიდან სამშობლოში დაბრუნდა. ადრე თუ ქართველებისთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა პოლონეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, თურქეთი, დღეს ვითარება შეიცვალა. ჯერ კორონავირუსის პანდემია, შემდეგ რუსეთის აგრესია და უკრაინაში წამოწყებული ომი. ამ ორმა პრობლემამ მსოფლიოში დასაქმების მიმართულებით დიდი პრობლემა გამოიწვია.

ჯერ კიდვე პანდემიის პერიოდში, საქართველოში უამარავი ქართველი დაბრუნდა და მათი ნაწილი ქვეყანაში დარჩა და აქვე დასაქმდა. ახლა კი რიგ ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემაა და მათ, არათუ ქართველების, არამედ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაც კი უჭირთ.

ნახევარი წლის წინ იტალიაში დასასაქმებლად წასული საქართველოს მოქალაქე სამშლობლოში დაბრუნება მოუწია, რადგან იქ სამუშაო ადგილი ვერ იპოვა.

„იტალიაში, კერძოდ ტორონტოში, 2018 წელს წამოვედი ისე, როგორც სხვა ემიგრანტი ქართველები, მეც ოჯახში დავსაქმდი. 6-7 თვის წინ იტალიაში ჩემი მეუღლე წამოვიყანე, რომ ერთად გვემუშავა, მაგრამ მისთვის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვნეთ, დაახლოებით 2-3 თვე ვცდილობდით რამე მოგვეძებნა, მაგრამ ამაოდ, ამიტომ ჩემმა მეუღლემ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც იტალიაში წამოსვლამდე, ახლაც, ისევ, ტაქსის მძღოლად მუშაობს.

იტალიაში ქართველებს, ვინც ერთმანეთს ვიცნობთ, შეკრება გვაქვს ხოლმე. ალბათ, ბოლო ნახევარი წელია, რაც რამდენიმე მათგანი გამოგვაკლდა, სამშობლოში დაბრუნდა. რა თქმა უნდა, რთულია ემიგრანტობა, ამიტომ მათ თავის ოჯახებთან ერთად ყოფნა ამჯობინეს და როგორც ვიცი, საქართველოში სამუშაო ადგილი ნახეს კიდეც", - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს" რუსიკო გეწაძემ.

მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა არაერთი ქართველი და უკან გამობრუნება გადაწყვიტა. დასაქმების მიმართულებით რთული მდგომარეობაა პოლონეთში.

შარშან, ზამთრის პერიოდში წავედი პოლონეთში. ცოტა ხნით ტაქსისტად ვიმუშავე, მაგრამ შემოსავალი ძალიან დაბალი მქონდა, თავი ძლივს გამქონდა, საქართველოში ვალებით დავბრუნდი. აპრილის თვეში ჩამოვედი უკან.

ახლანდელი ვითარება კი დასაქმების კუთხით სრულიად სხვაგვარია, გაუარესებულია. პოლონეთი უკრაინელ ლტოლვილებს იფაარებს და, რა თქმა უნდა, მათთვის ყველანაირი ხელშეწყობა ხდება, მათ შორის სამუშაო ადგილების მხირვ", - განაცხადა „ბიზნეს რეზონნასთან" გიორგი მამულაშვილმა.

დასაქმების მიმართულებით გართულებულია მდგომარეობა მეზობელ თურქეთშიც. წლების მანძილზე, ქარეთველებისთვის სეზონური სამუშაოებით გამორჩეულ თურქეთში, დღეს ინფლაცია მძვინვარებს, თურსული ლირა კი გაუფასურებულია, ამის გამო საქართველოს მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში აღარ გადადიან და სამშობლოში, სოფლის მეურნეობაში საქმდებიან.

საქართველოში თხილის აღების სამუშაოებში დასაქმებულ მუშას დღიურად 50 ლარი აქვს, არის 70 ლარის გადახდის შემთხვევებიც. თურქეთში კი იგივე საქმის შემთხვევაში დღიური შემოსავალი ნაკლებია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს სამშობლოში დარჩენა და აქ დასაქმება ურჩევნით.

„ახლა ვითარება სხვაგვარია და მიზეზი თანხაა. ქართულ ფულზე რომ ვიანგარიშოთ, თურქეთში მსგავს სამუშაოებზე მუშახელი 40-45 ლარს იღებს, 50 ლარს არავითარ შემთხვევაში არ სცდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ 50 ლარი, შენს ქვეყანაში, სოფელში, გაცილებით უფრო კარგი მისაღებია, ვიდრე სხვა ქვეყანაში წასვლა და ნაკლების გამომუშავება. და ასეც მოხდა, ფაქტია, რომ წელს მუშახელის დეფიციტი არ გვაქვს", - განუცხადა რამდენიმე დღის წინ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი თოდუა „რეზონანსს".

ევროპაში მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი დასაქმებაზე ცუდად აისახა. რიგ ქვეყნებს საკუთარი მოქალაქეებისთვისაც კი უჭირთ სამუშო ადგილის შეთავაზება.

პრობლემაზე საუბრობს პროფესორი პაატა აროშიძე და მიზეზად სწორედ ეკონომიკურ პრობლემას ასახელებს,

„პირველ რიგში, ხშირად ატეხილია აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები დასასაქმებლად მიდიან სხვა და სახვა ქვეყნებში. გლობალიზაციის და გახსნილი შრომის ბაზრის პირობებში, ეს არ არის საგანგაშო. ყველგან ასეა. რა თქმა უნდა, ბევრად უმჯობესია, თუ ჩვენთან ისეთი და იმ რაოდენობის სამუშაო ადგილები იქნება, სადაც საქართველოს მოქალაქეები დასაქმდებიან, მაგრამ ღია ბაზრის, ევროპის პოლიტიკის პირობებში, სრულიან ბუნებრივი მოვლენაა. როგორც ქართველები მიდიან სხვადასხვა ქვეყაბაში, ისე უცხოელები ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ. მაგალითად, ბათუმის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში ფილიპინელები, ჩინელები მუშაობენ. იგივე ხდება რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაზე, ამიტომ ამაში, ამ მხრივ, პრობლემას ვერ ვხედავ, საგანგაშოა ის, რომ ჩვენთან დასაქმების არეალი, ისეთი, როგორიც ქართველი ახალგაზრობისათვის იქნება მიმზიდველი, უცხოელებს უფრო იზიდავს.

ევროპაში გაჭირდა ქართველების დასაქმება და ეს პრობლემა დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიან გამომდინარეობს. ძირითადად, ქართველები დასაქმებულები არიან სოფლის მეურნეობაში, ქარხნებში, მძღოლებად ან ისეთ ადგილას, სადაც მეტწილად ქალბატონები მუშაობენ. ყველა ქვეყანაში დასაქმების სეზონური ციკლები არსებობს.

განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთი მაქვს უშუალოდ მხედველობაში, ხდება ის, რომ იქაც ეკონომიკა საკმაო პრობლემების წინაშეა და არათუ ემიგრანტ, არამედ საკუთარ მოსახლეობასაც კი უჭირს დასაქმება. ციკლური ეკონომიკიდან, ციკლური ჩავარდნებიდან გამომდინარე, ზოგჯერ დასაქმების ადგილები იზრდება, ზოგჯერ მცირდება.

თურქეთი პოპულარული იყო სეზონურ სამუშაოებზე, იგივე თხილის, ჩაის საკრეფად. თუ ქართველთა ბრიგადები იქმნებოდა და მეზობელ ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებზე მიდიოდნენ, დღეს აღმოჩნდა, რომ ეს ბრიგადები დასავლეთ საქართველოში მიდიან და იქ კრეფენ თხილს, ანუ ქვეყნის შიგნით საქმდებიან", - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს" პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ როდესაც თანაბარ პირობებზე და ხელფასზეა საუბარი, საქართველოში დარჩენა სჯობს და არა ემიგრანტაც ქცევა.

„ნებისმიერი ადამიანისთვის მშობლიურ ადგილზე ყოფნა უმჯობესია, თუ ძალიან კარგ პირობებს არ სთავაზობენ უცხოეთში, საზღვარგარეთ იგივე ან ცოტათი მომატებულ ხელფასზე, უმჯობესია ადამიანი ქვეყანაში დარჩეს, ოჯახთან და თავისი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იყოს", - დასძინა პაატა აროშიძემ „ბიზნეს რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×