მეცხვარეებს აქამდე დოლარში გაყიდვა "აწყობდათ", ახლა ლარში უნდათ რეალიზაცია, მაღალი ფასის შესანარჩუნებლად
გვანცა წულაია
16.08.2022

ქართველ ფერმერებს ცხვრის გაყიდვა უჭირთ. მიზეზი უცნაურია და უცხოურ ვალუტაში ვაჭრობას უკავშირდება. ფერმერები ცხვარს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დოლარის კურსის გაანგარიშებით ყიდიან. შესაბამისად, გამყარებული ლარი მათთვის არახელსაყრელია, რადგან ცხვარს წელს ისეთი ფასი აღარ აქვს, როგორც შარშან ჰქონდა (გაცვლითი კურსიდან გამომდინარე). გამოდის, რომ ფერმერებს ხან დოლარში უნდათ ვაჭრობა, ხანაც - ლარში.

სწორედ ამ მიზეზით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მთლიანობაში საანგარიშო პერიოდში ექსპორტზე 6,352 მლნ დოლარის (1 913 ტონა) ცოცხალი ცხვარი გავიდა, რაც წლიურად 25.6%-იან კლებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ ქართული ცხვრის ექსპორტის ძირითადი გასაღების ბაზარი საუდის არაბეთია. სწორედ იქ იყიდება ქართული საექსპორტო ცხვრის 40%. საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა აზერბაიჯანია - 22%-იანი წილით, მესამე პოზიციაზე კი იორდანიაა (17.5%). მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან იორდანიაში ცოცხალი ცხოველებისა და ხორცის ექსპორტი 2021 წელს განახლდა. იორდანიამ საქართველოს ბაზარი სომხური ცხვრის გამო 2015 წელს ჩაუკეტა, მიზეზი ის იყო რომ იორდანიაში საქართველოდან სომხური ცხვარი შედიოდა, რამაც მთელი რიგი პრობლემები გამოიწვია.

ექსპორტის შემცირებაზე საუბრობს და არსებულ რეალობას ადასტურებს მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ბექა გონაშვილი და აცხადებს, რომ ფერმერებს ფასის შეცვლა არ სურთ.

“ექსპორტში კლება ნამდვილად გვაქვს, რადგან ლარის კურსის გამყარება ექსპორტისთვის ცუდი არის ხოლმე. ფიზიკურად, ფასებში ვერ ვეტევით. ფასის შემცირება კიდევ ფერმერებს არ გვინდა.

თავად ქვეყნის შიგნით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა არასოდეს არ არის. წელს შეიძლება ცოტა მეტი გაიყიდოს, რადგან ტურისტი რომ შემოდის, ცხვრის ხორცი საჭმელად იყიდება, მაგრამ სხვა შემთხვევაში შიდა ბაზარი დიდი და სერიოზული მოთხოვნით არ ხასიათდება.

რაც შეეხება ფასებს, ერთი სული ცხვრის ღირებულება 260-270 ლარიდან 320-ლარამდე მერყეობს”, - განუხადა “რეზონანსს” ბექა გონაშვილმა.

სტატისტიკა ამაბობს, რომ ექსპორტთან ერთად, საქართველოში ცხვრის რაოდენობაც შემცირებულია. 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის ფერმერებს 954 600 სულ ცხვარი და თხა ჰყავთ, რაც 23%-ით ნაკლებია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თუმცა აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა აცხადებს, რომ სტატისტიკაში უზუსტობაა და შეშფოთბის საფუძველი არ არსებობს 

“ჩვენ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. მონაცემებში ცოტა უზუსტობაა. შარშანდელი საბოლოო მონაცემები შედარებულია წლევანდელ წინასწარ მონაცემებს. შარშანდელი წინასწარი მონაცემები დაახლოებით არის 985 ათასი, ხოლო წლევანდელი არის 955 ათასი. 2021 წლის საბოლოო მონაცემები რომ დაზუსტდა, გამოვიდა - 1 239 000. წლევანდელი საბოლოო მონაცემებიც იქნება მოგვიანებით და როდესაც სტატისტიკა დაზუსტდება ცხვრების ოდენობა იქნება უფრო მეტი, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ახლა რეალიზაცია შეჩერებულია.

ფერმერებსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემსყიდველებს შორის მორიგება ვერ ხერხდება. ქართველ მეცხვარეებს უნდათ, რომ საქონელი გაყიდონ იმ ფასად, რაც იყო ადრე ლარში მაღალი კურსიდან გამომდინარე, ხოლო შემსყიდველს სურს დოლარში შეძენა. მაგალითად, 1 ცხვარი 100 დოლარად თუ გაიყიდა, ახლა 270-280 ლარი გამოდის და შარშანდელი კურსით უფრო მეტი თანხა გამოდიოდა”, - განაცხადა “რეზონანსთან” მიხეილ ჭიჭაყუამ.

შარშან გაცვილითი კურსი გაცილებით მაღლი იყო. 2021 წლის ამავე პერიოდში 1 დოლარის ღირებულება 3.10-3.15 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მაშინდელ და ახლანდელ ფასებს შორის სხვაობა ერთ სულ ცხვარზე 30-40 ლარია.

“მყიდველს სურს, რომ ცხვარი შეიძინოს 100 დოლარად და ფერმერს უნდა გაყიდოს იმდენ ლარად როგორც იყო ადრე, სიტყვაზე 320-330 ლარად, რაც 115 დოლარი გამოდის”, - აღნიშნა “რეზონანსთან” ჭიჭაყუამ და დასძინა, რომ ქვეყნის შიგნით მოთხოვნა წლებია სტაბილურია.

“ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა წლების განმავლობაში სტაბილურადაა. ადრე 70-80 ათასი ცხვარი იკვლებოდა და ხორცის სახით იყიდებობდა ბაზარზე, შიდა გადანაწილებით. 2016 წლიდან სულადობა 1 100 000-ის ფარგლებშია. 2021 წლის მონაცემებით 1 200 000-ზე მეტია და წელსაც სადღაც ამ ფარგლებში უნდა იყოს”, - აღნიშნა მიხეილ ჭიჭაყუამ “რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×