საუბარია „ალფა ჯგუფის" საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილის ან სრულ ან ნაწილობრივ გადაცემაზე
ქეთო გოგოხია
19.05.2022

საქართველოს მთავრობა „ბორჯომს“ იბრუნებს. ამის შესაძლებლობას იძლევა კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც  მთავრობას წილების ნაწილი უსასყიდლოდ გადაეცემა. რა არის მისი ზუსტი მოცულობა, განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, თუმცა გაჩნდა ვარაუდი, რომ საუბარია 60%-ის მართვაში დაბრუნებაზე.

გადაწყვეტილება კომპანიის ხელმძღვანელობამ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. შეთანხმება იძლევა სრულ შესაძლებლობას, რომ კომპანია "აიდიეს ბორჯომმა" შეძლოს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენა  და ეკონომიკური საქმიანობის განახლება.

"აიდიეს ბორჯომი ინტერნეშენელმა" განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდგომ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს.

რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, "აიდიეს ბორჯომი ინტერნეშენელს" აქვს ბიზნესის წყვეტა და სირთულეები საბანკო სერვისებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც კომპანია იძულებული გახდა, ქალაქ ბორჯომში მდებარე ჩამომსხმელ ქარხნებში საწარმოო პროცესი შეეჩერებინა. შედეგად ათასზე მეტი ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდა.

საქართველოს მთავრობის მიერ, "აიდიეს ბორჯომი ინტერნეშენელის" მფლობელი კომპანიის შეთავაზების დათანხმების შემთხვევაში, კომპანია IDS ბორჯომი საქართველო შეძლებს ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენას და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას“, - აღნიშნულია კომპანია „ბორჯომი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მთავრობა, ჯერჯერობით, უცნობია. ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს, კომპანიის განცხადების შემდეგ, პოზიცია არ დაუფიქსირებია. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ დეტალების ბოლომდე გარკვევის შემდეგ, კომპანიის შემოთავაზება დაფიქრებად ღირს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცახდებს, რომ თუ კომპანიის პირობები არ იქნება ისეთი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურად ზიანს მოუტანს, მთავრობამ უნდა დათანხმდეს და მიიღოს შეთავაზება. 

„კონკრეტულ შეფასებამდე, უფრო მეტი დეტალის ცოდნაა საჭირო, მაგალითად, უსასყიდლოდ გადაცემული აქციების შემდეგ, სახელმწიფოს გასხვისება შეეძლება თუ არა? ვალდებული იქნება თუ არა სახელმწიფო, რომ აქციები მხოლოდ თავად დაიტოვოს. თუ შეეძლება, რომ აქციები გაყიდოს, თუნდაც კერძო კომპანიაზე და ექნება სრული თავისუფლება, ჩემი აზრით, შესაძლებელია ამ გადაწყვეტილებაზე დაფიქრება.

კომპანიის მფლობელი არის სანქცირებულ პირთა სიაში. უცნობია და გასარკვევია, ამ ამბავმა რამდენად შეიძლება მოახდინოს გავლენა ჩვენს სახელმწიფოზე, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უსასყიდლოდ მიიღებს აქციებს. ვფიქრობ, არ უნდა მოახდინოს გავლენა, რადგან „ბორჯომი“ არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს ჩვენი საფლაგმანო პროდუქტია.

ნებისმიერ შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ კომპანიის გადაწყვეტილება ძალიან საინტერესოა და თუ პირობები არ იქნება ისეთი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურად ზიანს მოუტანს ვფიქრობ, უნდა მიიღოს ის შეთავაზება, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს/მფლობელს აქვს“, - განუცხადა „რეზონანსს“ კაპანაძემ. 

კომპანიის გადაწყვეტილებამდე, დაახლოებით 1 კვირით ადრე რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  კონსორციუმი „ალფა გრუპი“ "აიდიეს ბორჯომის" კუთვნილი საკონტროლო პაკეტის (55,8%) გაყიდვისთვის ემზადება, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე შეისყიდის, თუმცა „ალფა ჰოლდინგმა“ პირველად გუშინ განაცხადა, რომ კომპანიის წილის უსასყიდლოდ გადაცემისთვის მზად არიან.

როგორც ცნობილია, "ბორჯომის" 60%-იან წილს  „ალფა ჯგუფი" ფლობს, ხოლო 40%-იან წილი პატარკაციშვილების ოჯახი კუთვნილებაშია. სავარაუდოდ, განცხადებაში საუბარია სწორედ „ალფა ჯგუფის" საკუთრებაში არსებული 60%-იანი წილის ან სრულ ან ნაწილობრივ გადაცემაზე. 2013 წელს „ალფა ჯგუფა" ეს აქტივი 460 მილიონად შეიძინა.

„ეს ნაბიჯი საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში; ვინაიდან განცხადებაში ნახსენებია სიტყვა „მონაწილეობა", ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა იქნება არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი აქციონერი ამ კომპანიაში.

"აიდიეს ბორჯომი ინტერნეშენელის" აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს.

30 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომთან დაკავშირებით „სასიამოვნო სიახლეებს" მოსახლეობა უახლოეს პერიოდში გაიგებდა. გუშინ, 19 მაისს,  ეკონომიკის სამინისტრომ „ბორჯომის" განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ კომპანიის შემოთავაზებას ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროები განიხილავენ. საქართველოში ჩამომსმხელი ქარხნები აპრილში გაჩერდა. კომპანია მიუთითებდა, რომ საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, მათ ფინანსებზე წვდომა შეზღუდული ჰქონდათ და ჩვეულებრივი მუშაობას გაგრძელება არ შეეძლოთ.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავლებს, როგორც ცნობილია, „აიდიეს ბორჯომი საქართველომ” მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია  გაასაჯაროვა.

კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს 119.7 მილიონი დოლარი შეადგინა, ზარალი კი 64.3 მილიონი დოლარი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ 140.17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება 17.3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×