მხარეთა არგუმენტები და გამჭვირვალობის კანონპროექტზე აგორებული სკანდალის გავლენა პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებზე
ელზა პაპოშვილი
07.04.2024

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება გამჭვირვალობის კანონპროექტს რედაქტირებული ფორმით უკან პარლამენტში აბრუნებს, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ნამდვილი საინფორმაციო ომი გაჩაღდა. ორივე მხარე საზოგადოების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას ცდილობს. ვის მხარესაა ამ ეტაპზე უპირატესობა და წინასაარჩევნოდ ვინ როგორ გამოიყენებს ამ თემას?

ამ ეტაპზე ორივე მხარე აქტიურად იყენებს როგორც სოციალურ ქსელებს, ასევე მედიას. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს არის „რუსული კანონი“, რომელმაც, შესაძლოა, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას წერტილი დაუსვას და ამის დასტურად თავისი არგუმენტები მოჰყავს, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს ტყუილს უწოდებს და ასევე არგუმენტებით ცდილობს მის გაბათილებას. 

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ფეისბუქმა“ შაბათს მასობრივად დაბლოკა მმართველი გუნდის წარმომადგენელთა და მხარდამჭერთა მიერ ამ თემაზე გამოქვეყნებული პოსტები, როგორც ფეიკ-ნიუსები. ხელისუფლებამ ამაში „ნციონალური მოძრაობა“ და მათთან აფილირებული კომპანია დაადანაშაულა, რომელიც საქართველოში „ფეისბუქის“ კონტრაქტორია.

ახლა მთავარი კითხვაა, ვინ გაიმარჯვებს ამ საინფორმაციო ომში და წინასაარჩევნოდ ამ თემას პიარის თვალსაზრისით რომელი მხარე გამოიყენებს უფრო წარმატებით.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ამას დრო აჩვენებს და ხალხის რეაქცია, თუ რომელი მხარის არგუმენტები უფრო დაიჯერეს. ასევე ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული ამ თემას როგორ და რა ფორმით გამოიყენებენ. თუკი ხელისუფლებამ მათი აყოლიება საკუთარ ნარატივზე შეძლო, მაშინ „ოცნების“ უპირატესობა უფრო გაიზრდება და აქცენტის მხოლოდ სამოქალაქო სექტორზე გადატანით ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებს.

„ოცნება“ ცდილობს ეს კანონი ლგტბ კანონპროექტთან დააკავშიროს...“

ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ახლა რთულია იმის გაზომვა, თუ ვისი სჯერა და ვისი არა საზოგადოებას, რადგან ეს ხალხის რეაქციამ უნდა აჩვენოს, როგორც შარშან მოხდა. თუმცა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქის საშუალო ფენისთვის დამაჯერებლია ის, რომ ეს „რუსული კანონია“.

„რუსეთი ამბობს, რომ ჩემი მოქალაქეები არიან უცხო ქვეყნის აგენტები. ევროპა ამას არ ამბობს, ევროპა იძახის, რომ სხვა ქვეყანაა ჩემი მტერი. ამიტომ მტრის აგენტებს ვეძებო. ესენი პირიქით ამბობენ - რომ მოქალაქეები, რომლებიც ფულს იღებენ უცხო ქვეყნიდან, უკვე აგენტები არიან. 

„სამოქალაქო სექტორი ამ კამათში ყველაზე სუსტი რგოლია. ზღაპარია, რომ მათ გამჭვირვალობა სჭირდებათ. მათზე გამჭვირვალე არავინ არ არის. 

„ახლა „ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამას ძალიან რისკავს. ამ კანონპროექტის ხელახლა შემოტანას მათთვის აქვს როგორც პლუსები, ასევე მინუსებიც. ამიტომ სასწორზე უნდა აწონონ, რომელი უფრო მეტია და რომელი გადაწონის. 

„პლუსები ხელისუფლებისთვის ის აქვს, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს და ევროკავშირი შემდეგ ნაბიჯებს არ მოგვცემს, ჩვენი პერსპექტივა ევროპისკენ ნულამდე დავა. მინუსია ის, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, შესაძლებელია „ოცნებას“ სერიოზული პრობლემები შეუქმნან და ვერ აიღონ არჩევნებში ის ხმები, რაც უნდათ. ეტყობა მათ ჩათვალეს, რომ წაგების შანსი მინიმალურია. 

„ყველაფერი ქართველი ხალხის ნებაზე გადაწყდება. თუ ხელისუფლება მოახერხებს და ხალხს დააჯერებს, რომ ეს მხოლოდ სამოქალაქო სექტორს ეხება, ხალხი არ გამოვა ქუჩაში. თუ ოპოზიცია დააჯერებს ხალხს, რომ ეს მათ და ქვეყანას ეხება, მაშინ ხალხი გამოვა“, - აცხადებს ზაქარეიშვილი. 

მისივე შეფასებით, მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, წინასწარ აქვს გათვლილი მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარები. ამ ეტაპზე კი ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ ეს კანონი ე.წ. „ლგტბ პროპაგანდის“ კანონთან დააკავშირონ და თუ ეს შეძლეს, მაშინ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი მნიშვნელოვნად შემცირდება.

„დააკვირდით რას აკეთებს „ოცნება“ - ცდილობენ ეს კანონპროექტი ლგბტ კანონპროექტთან დააკავშირონ და ეს ორი ერთად გაიტანონ. თუ ამის ერთმანეთთან დკავშირება მოხდა, მაშინ ხალხის რაოდენობა, რომელიც ქუჩაში გამოვა, არ იქნება შარშანდელი რაოდენობის. ასევე მმართველი გუნდი ეცდება ის ხალხიც დააშინოს და გაალახვინოს „ალტ-ინფოს“, რომელიც აქციაზე მივა. ვფიქრობ მმართველ გუნდს ყველა მიმართულებით რაღაცეები გათვლილი აქვს, ამიტომ ოპოზიციამ საზოგადოებასთან მეტი უნდა იმუშავოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

რატომ არ ჰქონდა საზოგადოებას მწვავე რეაქცია

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საინფორმაციო ომში მმართველი გუნდის გამარჯვება უფრო ჩანს, ვიდრე ოპოზიციის. ამის მიზეზად იგი ხალხის პირველ რეაქციას ასახელებს, რომელიც არც ისე მწვავე იყო. 

„დრო ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობს. საქმე ისაა, რომ როცა ხალხი ბრაზდება, ამ გაბრაზების პირველი წუთებია მნიშვნელოვანი. ხოლო როცა  დრო გადის, ეს გაბრაზება უფრო ნელდება. ამიტომ, მოსახლეობის რეაქციიდან გამომდინარე, რომელიც პირველ დღეებში ჰქონდათ, როდესაც რუსთაველზე ხალხი არ მივიდა, ეს ნიშნავს, რომ შარშანდელი ლოზუნგი -ე.წ. რუსული კანონი - გაცვდა. ხალხი მეტ დამაჯერებლობას ითხოვს და ბევრი უფრო დაფიქრდა. 

„შარშანდელი სიტუაცია მგონია რადიკალურად სხვა იყო. მაშინ კანდიდატის სტატუსი არ გვქონდა და ეს თემა ახალგაზრდებში ძალიან აჟიტირებული იყო. ამიტომ დასავლეთიდან გაკეთებულმა მწვავე განცხადებებმა კანდიდარის სტატუსის ვერმიღების შიში გაამძაფრა. ხელისუფლებამაც ვერ შეძლო მაშინ ოპოზიციის და დასავლეთის ერთობლივ პროპაგანდას შეწინააღმდეგებოდა. ახლა უფრო  მომზადებულია და ეს რისკებიც მგონია ბევრად გათვლილი აქვს“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი წინასაარჩევნოთ პარტიათა რეიტინგებზე, საყვარელიძე ფიქრობს, რომ რადგან „ოცნების“ ამომრჩეველი ისედაც იმ აზრზეა, რომ არასამთავრობო სექტორი უნდა გაკონტროლდეს, ამიტომ ისინი მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად არ აფასებენ და შესაბამისად, „ოცნება“ ელექტორატს ამით არ დაკარგავს. რაც შეეხება ოპოზიციას, როგორც საყვარელიძე აცხადებს, თუკი აქამდე ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, გამოდის, რომ ოპოზიცია ამ თემას ვერც წინასაარჩევნოდ გამოიყენებს. მართალია ეცდება, მაგრამ დამაჯერებლობა ნაკლები ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×