ელზა პაპოშვილი
05.04.2024

22 ევროპარლამენტარი „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ გამჭვირვალობის კანონს ერთობლივი კრიტიკული განცხადებით ეხმაურება, შეშფოთებას გამოთქვამენ პროექტის პარლამენტში ხელახლა შემოტანაზე, აცხადებენ, რომ ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და მოუწოდებენ ევროკომისიას, დააკვირდეს, შეესაბამება თუ არა საქართველოს ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილებები ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი.

ერთობლივ განცხადებაში 22 ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ „ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი ევროკავშირის რეკომენდაციების მინიმუმ ორ - პირველ და მეცხრე - პუნქტს არღვევს. 

ამავე დროს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ პროექტზე რამდენიმე ძალზე ნეგატიური განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ის ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ევროპული გზიდან გადახვევის რისკს შეიცავს. 

მსგავსი პათოსით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რომელმაც საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა უკან გაიწვიონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რადგან ის „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.

„მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ იარლიყს აკრავს,“ -  ვკითხულობთ X-ის სოცქსელით გავრცელებულ რელიზში. 

„ან შეცდომაში არიან შეყვანილი ან გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებში ღებულობენ მონაწილეობას“ - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების ჯგუფის მოწოდებას. მისი თქმით, იმის გამო, რომ 13-მა ქვეყანამ „რაღაც“ პოზიცია გამოხატა კანონის მიმართ, ეს არ არის იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებამ ხალხის ინტერესს უღალატოს.

„ჩვენ არ გვაქვს უფლება ვუღალატოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს, რომელი პოლიტიკური გემოვნებისაც არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ვინც ამ განცხადებას აკეთებს, ყველა ან შეცდომაშია შეყვანილი ან გარკვეულ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობს,“ - ამბობს ვოლსკი.   

როგორც ანალიტკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, დასავლეთიდან ნეგატიური გამოხმაურება რომ იქნებოდა, მოსალოდნელი იყო, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. თუკი დასავლეთი დაინახავს, რომ ქვეყანაში ამას არ ექნება იგივე რეაქცია, რაც გასულ წელს ჰქონდა, მისი პოზიციაც უფორ ლოიალური გახდება. 

„შარშან ამ კანონს აღარ მიეცა მსვლელობა, ამიტომ დასავლეთიდან წამოსული საყვედურები რამდენად შეიცავდა რეალურ საფრთხეს, ეს ვეღარ ვნახეთ. წელსაც საყვედურების ეტაპი გვაქვს, მაგრამ შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება, ამის პროგნოზი ძნელია. უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ ამ კანონის მიღებით, საქართველო დასავლეთთან  ხიდს ჩატეხავს. დაახლოებით ასეთი ჟღერადობისაა დასავლეთიდან გაფრთხილებაც:  

„მე მაგალითად უფრო იქითკენ ვიხრები, რომ არაფერი მოხდება. უფრო მარტივი ლოგიკა, დავუშვათ საქართველო მიდის რუსეთისკენ, მაშინ თუ დასავლეთი გაგვებუტება, ხომ უფრო  თავისუფლად შეტრიალდება საქართველო რუსეთისკენ?! დავუშვათ, რუსეთს აქვს გავლენა ქართულ მედიაზე და რაღაც წრეებზე, უპირველეს ყოვლისა ფინანსური გავლენა. კი მაგრამ, დასავლეთს თუ არ უნდა, რომ ეს გავლენა ჰქონდეს რუსეთს, მაშინ მათთვის ხომ უფრო  მარტივი იქნება, მოიწონოს ამ კანონის მიღება და შეყვეს ხელისუფლებას იმაში, რომ სწორედ რუსული დაფინანსება გამოვლინდეს?! რატომღაც საკითხს დასავლეთი ასე არ აყენებს. საკმაოდ ზოგადი ფრაზებით იძახის, დემოკრატიას ღალატობთო. არადა იგივე კანონი აქვს ამერიკას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთი იღებს, თავად ევროკავშირიც, მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით რა ხდება?

„პრინციპში აქ ძალიან დიდი როლი დასავლეთის რეპლიკებმაც შეასრულა, მაგრამ არსებითად კანონი უკან სწორედ ხალხის არეულობის დაწყების შიშით გაიწვიეს. ამდენად ეს ისევ თუ არ გამეორდება, მაშინ მეეჭვება დასავლეთმა ეს ზეწოლა დიდხანს გააგრძელოს. უბრალოდ წამოძახებები სულ იქნება. ერთ რამეს უნდა შევეჩვიოთ, რომ ყველა თავისას ითხოვს ჩვენგან, თუკი დასავლეთს რეალური დემოკრატია უნდა,  მაშინ ეს კანონი სათავისოდ შესანიშნავად შეუძლია გამოიყენოს. რუსეთთან კავშირი კი არ აწუხებთ, არამედ თავისი წარმომადგენლობის და აგენტურის დაცვა უნდა დასავლეთს და ამიტომ არ სურს ამ კანონის მიღება“, - ამბობს საყვარელიძე.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×