ნატალია ჯვარიძე
05.04.2024

დაბა ადიგენის მოსახლეობის ერთი ნაწილი ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას დილიდან აპროტესტებს. მათთან ერთად საეკლესიო პირებიც იმყოფებოდნენ. ქრისტიანების მტკიცებით, მუსლიმებმა არ შეასრულეს დაპირება, რომ სახლს მეჩეთად არ გადააქცევდნენ და პროტესტიც სწორედ ამან გამოიწვია.

ადგილზე სიტუაციის განსამუხტად დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები. შსს-მ ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებაც გაავრცელა. უწყებამ მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ არ გასცდენოდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი კი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

დღეს მუსლიმები ორსართულიან სახლში, რომელიც მუსლიმი მერაბ მიქელაძის საკუთრებაა, მუსლიმები შეიკრიბნენ ტრადიციული პარაკევის ლოცვის აღსავლენად. სწორედ ამ დროს მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ, შეტაკების თავიდან ასარიდებლად, მხარეებს შორის კორდონი მოწყო.

„რადიო თავისუფლების" ცნობით, ამ სახლის დათმობის სანაცვლოდ, რელიგიის სააგენტო მუსლიმ თემს ადიგენიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ იჯარეთში, მეჩეთის ასაშენებლად ან შენობის შესაძენად 50 ათას ლარამდე თანხას სთავაზობს. მერაბ მიქელაძე კი ამბობს, რომ მეჩეთის აშენების შემთხვევაში ის მუსლიმთა მუფთს გადაეცემა, მისი საკუთრება აღარ იქნება და ვერ ხვდება, რატომ უნდა დათმოს კუთვნილი ქონება.

პარლამენტის წევრი, ტარიელ ნაკაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციას გზები გატაკეტილი ჰქონდა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ორივე მხარე მოატყუა და, 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა კი არ მოაგვარა, არამედ პირიქით დაძაბა.

„ადიგენში მუსლიმებს ხელს უშლიან ლოცვაში. მდგომარეობა სეროზულად დაძაბულია. ხელისუფლებამ პრაქტიკულად ორივე მხარე მოატყუა. 18-დღიანი ლოდინის მიუხედავად, პრობლემა არ მოაგვარა, პირიქით დაძაბა. პოლიციამ გადაკეტა გზები და მუსლიმებს არ უშვებს მეჩეთში. სამლოცველოში იმყოფება რამდენიმე ადამიანი. სამაგიეროდ, ამ ხალხს აძლევს უფლებას შეურაცხყოფა მიაყენონ მლოცველებს", - წერს ნაკაიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×