თამთა ჩაჩანიძე
22.03.2024

„არ მგონია, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი იმ ვარიანტით დაბრუნდეს, ამაზე თავად ხელისუფლების წარმომადგენლება თქვეს, მაგრამ კანონმდებლობა იმხელა მოცულობითი სივრცეა, რომ იქ რაღაცის მოდიფიკაცია აბსოლუტურად შესაძლებელია, ოღონდ ამაში თავად დასავლელი ექსპერტები უნდა ჩაერთონ", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები „დღემდე თავს იკავებენ ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებისგან", უცხოურ დონორებს კი მოუწოდებენ დაინტერესდნენ, „რისთვის აძლევენ თანხებს" მათ მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ანანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საზოგადოებას გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ შეკითხვები აქვს, რაზედაც პასუხი უნდა გაეცეს. მისი თქმით, ჰიპოთეტურად შესაძლებელია, რომ უკვე არსებულ კანონში ისეთი ცვლილებები შევიდეს, რომ ანგარიშების წარმოდგენა სავალდებულო გახდეს.

„როცა კეთილსინდისიერი ორგანიზაციაა, არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობოა თუ კომერციული, და თუ მის გარშემო შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები საკმაოდ ლეგიტიმურია მის საქმიანობასთან და მისი ფინანსების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ამას პასუხი უნდა გაეცეს. თუ დასამალი არაფერი აქვთ ამ მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ცნობილები არიან „ნაცმოძრაობის" დღის წესრიგის პროპაგანდირებით, მაშინ საკუთარი დონორების მიერ ჩარიცხული თანხების მიზნობრიობა გამოაქვეყნონ. ეს ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასმა იქნება სხვადასხვა შეკითხვებზე, ინტერპრეტაციებზე და ა.შ.

„თუმცაღა ეს არ გაკეთებულა იმ ე.წ. რუსული კანონის მიღების პროცესიდან ერთი წლის შემდეგაც. შესაბამისად, ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, ხალხის მოთხოვნებს აჟღერებს, რომ გაგვეცით პასუხი მიდის თუ არა უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში არასამთავრობოების გავლით - ამაზე პასუხი არც ამ დონორებისგან გვაქვს და არც ადგილობრივი არასამთავრობოების ნაწილისგან, რომელთა მიმართ ეს შეკითხვებია.

„შესაბამისად, თუ ის ე.წ. რუსული კანონი, ანუ ამერიკული „ფარას" კანონი მიღებული არაა, ჰიპოთეტურად შესაძლებელია კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებები მოხდეს იმისათვის, რომ ვალდებულება გახდეს საკუთარი ანგარიშები წარმოადგინონ. პარადოქსია, რომ გამჭვირვალეობაზე პრეტენზიების მქონე არასამთავრობოები აბსოლუტურად გაუმჭვირვალენი არიან. ეს ანომალიაა, რასაც ევროპული კანონმდებლობის პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებით წერტილი უნდა დაესვას.

„ამაში თავად ევროპელი ექსპერტები ჩაერთონ, მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც საფრანგეთში, გერმანიაში მოქმედებს, რადგან საქართველოში უცხოური გავლენები საკმაოდ მომატებულია, საკმაოდ მომატებულია მტრული რუსეთის პროპაგანდის გავლენები, ევროპაში ამის თავდაცვითი მექანიზმები არის და კიდევ უფრო იხვეწება. საზოგადოებას ის პრეტენზია კი არ აქვს, რომ ამერიკული, ან ევროპული ფული რატომ შემოდის, ჩვენ გვაქვს პრეტენზიები იმაზე, რომ იქნებადა ოკუპანტის ფული შემოდის, რომელიღაც ორგანიზაციებს ხმარდება, არ ვიცით და მალავს.

„როცა გამჭვირვალობაა, იქ შეკითხვები არასდროს იბადება, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როცა რადიკალური ოპოზიციის ქოლგის ქვეშ მყოფი არასამთავრობოები მთავრობის დამხობას მოითხოვენ და თავიანთ ფინანსურ წყაროებს არ ასაჯაროვებენ, აქ უკვე მტკიცებულებით ფორმაში გადადის, თუ რისთვის იხარჯება ეს დიდძალი თანხა, ალბათ საქართველოს სახელწიფოს წინააღმდეგ",- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რა შეიძლება მოჰყვეს, თუ ისევ დაბრუნდა „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში, აბაშიძემ განაცხადა:

„არ მგონია, რომ „უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი იმ ვარიანტით დაბრუნდეს, ამაზე თავად ხელისუფლების წარმომადგენლება თქვეს, მაგრამ კანონმდებლობა იმხელა მოცულობითი სივრცეა, რომ იქ რაღაცის მოდიფიკაცია აბსოლუტურად შესაძლებელია, ოღონდ ამაში თავად დასავლელი ექსპერტები ჩაერთონ. ამის შემდეგ უკვე ბინძური სპეკულაციები აღარ იქნება ნაცოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი ენჯეოების მხრიდან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×