თამთა ჩაჩანიძე
01.08.2022

ენმ ახლა მიხეილ სააკაშვილის ელექტორატის მეშვეობით არჩევნებზე 25-27%-ს იღებს. თუკი მის ამომრჩეველს ეცოდინება, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში აღარაა, შესაძლოა იმის ნახევარი ვერ აიღოს. ეს მომცრო პარტიებს აწყობს, რადგან ისინი შეეცდებიან, რომ დასუსტებული „ნაცმოძრაობის" ელექტორატი თავისკენ გადაქაჩონ. შესაძლოა დასავლეთის გარკვეულ წრეებშიც ის აზრია მომწიფებული, რომ სააკაშვილმა თავი უკვე ამოწურა და კარგი იქნება თუ ის პოლიტიკას გაეცლება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განაცხადა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე საუბრისას.

ზაალ ანჯაფარიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მმართველ გუნდს სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა არ სურს, მისი თქმით ერთადერთიო ძალა, რომელსაც ეს ფაქტი ყველაზე ნაკლებად აწყობს, „ნაცმოძრაობაა".

„სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა ყველაზე ნაკლებად ენმ-ს აწყობს, რადგან პარტიაში სხვა ისეთი ლიდერი ჯერჯერობით არ გამოკვეთილა, რომ თუნდაც დღევანდელ მდგომარეობაში მყოფ სააკაშვილს უტოლდებოდეს. მელია ასეთ ლიდერად არ ჩამოყალიბებულა.

„მოსაზრებას, თითქოს „ქართულ ოცნებას" სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა არ აწყობს, რადგან მისი სახით პოლიტიკური საფრთხობელა აღარ ეყოლება, არ ვიზიარებ. პირიქით მგონია, რომ ეს „ოცნებას" აწყობს და იმ სტრატეგიაში ჯდება, რაც პარტიის თავმჯდომარემ მის ერთ-ერთ ინტერვიუში გამოაცხადა, რომ მიზანი „ნაცმოძრაობის" დასუსტებაა და შესაბამისად თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, ენმ-ს საყრდენი გამოეცლება, ეს რა თქმა უნდა ამ დასუსტებას გამოიწვევს და უკვე მომავალი არჩევნებისთვის იმ ელექტორატის მქონე პარტია არ იქნება, როგორიც ახლაა.

„ენმ ახლა მიხეილ სააკაშვილის ელექტორატის მეშვეობით არჩევნებზე სადღაც 25-27%-ს იღებს, თუკი ეცოდინებათ, რომ სააკაშვილი პოლიტიკაში აღარაა, შესაძლოა იმის ნახევარი ვერ აიღოს. რა თქმა უნდა, ეს სხვა მომცრო პარტიებს აწყობს, რადგან ისინი შეეცდებიან, რომ დასუსტებული „ნაცმოძრაობის" ელექტორატი თავისკენ გადაქაჩონ. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ შესაძლოა დასავლეთის გარკვეულ წრეებში ის აზრია მომწიფებული, რომ სააკაშვილმა თავი უკვე ამოწურა და კარგი იქნება თუ ის პოლიტიკას გაეცლება.

„ჩემი დაკვირვებით, დასვალეთში გარკვეული ჯგუფებია, რომლებიც სააკაშვილზე ფსონს დებენ და არიან ჯგუფები, რომლებასც სააკაშვილი უკვე რესურს-ამოწურულ ფიგურად მიაჩნიათ. ნახეს, რომ უკვე ათი წელია ის როლი ვერ ითამაშა, რაც უნდა ეთამაშა. სააკაშვილის ჩამოსვლამ, პატიმრობამ, იმ პროცესებმა, რაც განვითარდა, ყველას დაანახა, რომ ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მის გასათავისუფლებლად ასი ათასი ადამიანი არ გამოსულა, ეს თემა უკვე აქტუალური აღარაა. ამან კი დასავლეთი ლოგიკურად უნდა მიიყვანოს იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილზე ფსონის დადება მიზანშეწონილი აღარაა და რომ პირიქით ეს „ოცნებას" ხელს უწყობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს. თუმცაღა დასავლეთში არის გარკვეული ჯგუფი, რომელთა კომენტარებიდან ჩანს, რომ სააკაშვილს ჯერ რესურსი არ ამოუწურავს და თუ მას საქართველოდან გაიყვანენ, ფრთებს დაიბერტყავს, მოსულიერდება, ძალას მოიკრებს, მასში რაღაც პოტენციალს კიდევ ხედავენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ სააკაშვილმა პოლიტიკიდან წასვლა მართლაც გადაწყვიტა, არაა გამორიცხული, რომ ისევ უკან დაბრუნდეს.

„ამ დღეებში სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება პრაქტიკულად ყველამ გააკეთა, მაგრამ ამის თაობაზე თავად სააკაშვილს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. შესაბამისად განცხადებები რასაც მისი შვილი, ადვოკატები და ზოგიერთი სხვა ფიგურა აკეთებს, ჩემი აზრით, ნიადაგის მოსინჯვა იყო, საზოგადოებაში რა რეაქციას გამოიწვევდა. შეიძლება ელოდებოდნენ იმას, რომ ხალხი გამოვიდოდა, პეტიციას შექმნიდა, რომ ახლა მიშას პოლიტიკიდან წავსლის დრო არაა და უნდა დარჩეს, ანუ ხალხის აზრის ზონდირებას ახდენენ. ასევე ხელისუფლებასაც რაღაც მესიჯებს უგზავნიან, აბა, როგორ მოიქცევი თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავაო. მაგრამ, ინტრიგა დატოვეს იმით, რომ ჯერ თავად სააკაშვილს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს. ალბათ სავარაუდოდ ეს მესიჯი საზღვარგარეთაცაა გაშვებული და იქიდანაც რაქციას ელოდებიან, მერე ალბათ ამის მიხედვით ჩამოყალიბდენიან და კი-ს, ან არა-ს იტყვიან.

„მაგრამ სააკაშვილს ვინც იცნობს, იცის, რომ მას შეულია თქვას კი, პოლიტიკიდან მივდივარო და შემდეგ როცა უკვე ფორმაში ჩადგება, მას ხელს არაფერი შეუშლის განაცხადოს, რომ სიტუაცია კრიტიკულია და გულმა ვერ მომითმინა და იძულებული ვარ ისევ პოლიტიკაში შემოვიდეო," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×