თამთა ჩაჩანიძე
31.07.2022

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას ტოვებს და „ნაციონალურ მოძრაობას" სრულიად ემიჯნება. ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ამას დაცვის მხარის სტრატეგიას უწოდებს და აცხადებს რომ მესამე პრეზიდენტი პარტიის „განუყოფელი ნაწილია" - „ქართული ოცნებაში" კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან რომც წავიდეს, „ეს არაფერს შეცვლის, თუ მისი გუნდი არ შეცვლის თავის სტრატეგიას და ვითარების მიმართ დამოკიდებულებას".

ნაწილი ანალიტიკოსებისა მიიჩნევს, რომ ეს შემოგდებული თემაა და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სააკაშვილმა როგორმე ქვეყნიდან გააღწიოს. ნაწილი კი ამბობს, რომ თუ ეს მართლაც რეალურია, მისი წავსლიდან მეორე დღესვე „ნაცმოძრაობა" „ნამსხვრევებად იქცევა".

მიხეილ სააკაშვილი, რომ ქართულ პოლიტიკასაც და ენმ-საც ემიჯნება აღნიშნული განცხადება მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გააკეთა.

"მიხეილ სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას" და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად. სააკაშვილის პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა, მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს - არანაირი პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.

„მას არავის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია. მისმა პოლიტიკურმა რესურსმა თავი ამოწურა და დღის წესრიგის ამოცანებიც ამის მიხედვით შეიცვალა. მისი მთავარი ამოცანაა, მიხედოს ჯანმრთელობას, გადაურჩეს მოსალოდნელ საფრთხეს, სიკვდილს. ამ ამოცანიდან გამომდინარე, მისი პოზიცია ასეთია, რომ ვისაც უნდა, მიშა სააკაშვილი ცოცხალი იხილოს, მხარი დაუჭიროს, რომ წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმკურნალოს. არანაირი პოლიტიკა მისთვის საინტერესო არ არის, არც საუბრობს ამ თემაზე. ამბობს, რომ მან ყველა ვალი მოიხადა როგორც პარტიის, ასევე ქვეყნის წინაშე.

„დღემდე მეუბნება, რომ ძალიან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ჩამოვიდოდა მას დააკავებდნენ, მაგრამ ეს არ აშინებდა და კიდევ ერთხელ უნდოდა, დაენახა ყველას, რომ ის არც მშიშარაა და არც ციხის პირობებს გაურბოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა სასამართლო რაზეც განაჩენი იყო გამოტანილი, საეჭვო შთაბეჭდილებას ტოვებდა, ის მზად იყო ხელახლა მიეღო მონაწილეობა ყველა სასამართლო პროცესში", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ენმ-ეს თავმჯდომარე ნიკა მელია კი აღბიშნულ განცხადებას დაცვის სტრატეგიას უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი ენმ-ს „განუყოფელი ნაწილია".

„პირველ რიგში, ეს ასე არ არის. დაცვის მხარეს აქვს თავისი სტრატეგია - ადვოკატები არიან, ხალხო. მაშინ, მთელი ის პროცესი, რაზეც ჩვენ ვკონტაქტობდით თვეების განმავლობაში, ვატყუებდით ერთმანეთს, მე მიშას ან მიშა მე? დაცვის სტრატეგიაა. დიახაც, ვიცი რა, ვიდრე ეს რეჟიმი არ დამარცხდება, ჩვენ პატიმრებს ვერ ვიხსნით, სამწუხაროდ, უბრალოდ, ვერ ვიხსნით.

„პოლიტიკური ხმა რას მეუბნება, გეტყვით - მე არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდსულოვნებას გამოიჩენს, მისი დიდსულოვნების იმედი არ მაქვს, ადამიანის, რომელიც იმას არ თაკილობს, რომ პირდაპირ დაადანაშაულოს ვაშინგტონი, ბრიუსელი, სტრასბურგი, რაც თუნდაც ერთი წლის წინ ენით აღუწერელი იქნებოდა. პირდაპირ კონფრონტაციაშია და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა დიდწილად გვეიმედებოდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით; არიან ჩართული, მაგრამ ვხედავთ, ამავე დროს, როგორ ექცევა მათ ბიძინა ივანიშვილი.

„მაინც ვიტოვებ იმედს, რომ მისი გადაყვანა მოხდება, მაგრამ ამის იმედად მე არ მინდა ყოფნა, როგორც პოლიტიკოსს, როგორც მებრძოლს, არ უნდათ არც ჩემს მეგობრებს. ადვოკატებს აქვთ თავიანთი საქმე და ისინი ამას უკეთ აკეთებენ, რადგან არიან იქ პროფესიონალები, მაგრამ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას", სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელი, განუყოფელი ნაწილია.

„ოღონდ არიან ადამიანები სოციალურ ქსელში, რომელიც არის სულ სხვა სამყარო, ვიდრე რეალობა - გეტყვით, რას არ ვეთანხმები, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" თუნდაც მე, თუნდაც სხვები მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვართ ნულები. ეს არის დიდი ტყუილი, რომელსაც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ დაეთანხმება.

„ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილია მიხეილ სააკაშვილი და არა ის, რომ ნულები ვართ, ხალხო. „ნაციონალურ მოძრაობაში" ვერც ერთ წევრს ვერ ვხედავ, რომელიც ნულია, პირიქით, სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერეც ამაშია", - განუცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველს".

გელბახიანის განცხადებას სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ.

„რამდენად გულწრფელია განცხადება, შემიძლია, მხოლოდ იმის მიხედვით ვიმსჯელო, რამდენად გულწრფელი იყო სააკაშვილის განცხადებები, მოქმედებები რამდენად შეესაბამებოდა იმ რელობას, რომელიც არსებობდა. მის გულწრფელობაზე და დამოკიდებულება დიდი ხანია, ჩამომიყალიბდა. ახლა ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, რომ გამოვიცნო, იტყუება, თუ სიმართლეს ამბობს.

„ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკაში არსებობს სააკაშვილი, თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდის და დაღმაშენებლის სტრატეგია კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს ცვლის. მთავარია ვითარების მიმართ დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც შეიძლება, ერთი სიტყვით დაღმაშენებელთა გაერთიანებად წარმოვადგინოთ", - აღნიშნა „ქართული ოცნების" წევრმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია კი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია მანაც ტელევიზიიდან მოისმინა, მათ შორის ედუარდ სააკაშვილისგან.

„როგორც ჩანს, რეალურია ეს ინფორმაცია, რადგან რამდენიმე ადამიანს ერთი და იგივე აზრი აქვს, ერთდროულად ხომ არ გაუჩნდებოდა, ალბათ ასეა. ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო მისი ჯანმრთელობა,რადგან არ არის კარგ ფორმაში და ეს მაწუხებს ყველაზე ძალიან ამ წუთში",- განაცხადა გიული ალასანიამ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" პოლიტიკურ თვალთმაქცობას უწოდებს იმ განცხადებას, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდანაც მიდის და ენმ-საც ემიჯნება.

„სააკაშვილს უკვე მრავალი წელია პოლიტიკური თვალთმაქცობა ახასიათებს, ის პოლიტიკაში არაერთ პიარ-ხრიკს და მით უმეტეს თავის დასახსნელად კრეატიულ იდეებს იგონებს ხოლმე. პირველად მისმა ვაჟმა ედუარდმა გაახმოვანა, ამას ქალბატონი გიული ალასანია დაუპირისპირდა, თუმცა, შემდეგ უკვე ადვოკატის მიერ გამოცხადებულმა ამ ინიციატივამ „ნაცმოძრაობაშიც" გარკვეული დისონანსი გამოიწვია.

„ბუნებრივია, სააკაშვილი ნებისმიერ ფასად ცდილობს, რომ საპატიმრო დატოვოს. დღემდე ყოვლისმომცველად არაა დამტკიცებული ის, რომ მას 14 დაავადება აქვს. ერთხელ თქვეს, რომ მას გარემოსთან შეგუების პრობლემა აქვსო და ეს ე.წ. დაავადება მსოფლიოში მილიონობით პატიმარს სჭირს და ამის გამო დაწესებულებებიდან არ ათავისუფლებენ. ეს ინიციატივა, რომ ენმ-ეს შემდგომ დაშლას შეუწყობს ხელს, ეს უტყუარია.

„პოლიტიკიდან გასვლის გამო, სააკაშვილს საპატიმროდან არავინ გაათავისუფლებს, ამისთვის ორი გზა არსებობს, ან პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, რასაც როგორც ქალბატონმა ზურაბივილმა თქვა არ აპირებს, ან მეორე ვარიანტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ ხდება, როდესაც ნებისმიერი პატიმარი ავადმყოფობის უკიდურეს სტადიაშია. ეს სააკაშვილის შემთხვევაში არ ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ მას კომუნიკაცია მრავალ ადამიანთან აქვს.

„სააკაშვილი, რომ რომელიმე დაავადების საბოლოო სტადიაში იყოს, მას ასეთი აქტიურობის უნარი არ ექნებოდა. მე და საქართველოში არაერთ ადამიანს მიგვაჩნია, რომ ის პოლიტიკურად თვალთმაქცობს და მორიგი უიმედო ხრიკით საპატიმროდან თავის დახსნას ცდილობს. სააკაშვილი რომ მომჯობინდეს ნებისმიერი ქვეყნიდან, სადაც ის იქნება ისეთივე ვიდეოჩართვებს გააკეთებს, როგორსაც უკრაინიდან და ევროპიდან აკეთებდა.

„არის კი სააკაშვილი ასე მძიმედ ავად, რომ მას გათავისუფლება ესაჭიროება?! ამას სპეციალისტები, ყოვლისმომცველი კონსილიუმი ჯერჯერობით არ ამბობს. იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროები ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის სადარაჯოზე არიან და თუკი სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია, ისინი განგაშის ზარებს ატეხდნენ, მაგრამ ეს ასე არაა."- განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი „ნაცმოძრაობას" მართლაც გაემიჯნება, პარტია მეორე დღესვე „ნამსხვრევებად იქცევა".

„მისი ეს განცხადება უკვე პარტიის შიგნით დიდ დაპირისპირებას იწვევს, თუკი დაშვების პრინციპით დავუშვებთ იმას, რომ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოშორდა და ენმ-ეს საერთოდ განეშორა, ჩათვალეთ, რომ „ნაცმოძრაობა" მეორე დღესვე ნამსხვრევებად იქცევა",- განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი სოცილაურ ქსელში წერს, რომ შემოგდებული ვერსიაა, თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე ქვეყნიდან გააღწიოს.

„სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა (ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა) დაიწყეს ვირეშმაკული მანევრების მორიგი სერია, რათა როგორმე მიშა გაათავისუფლონ და საქართველოდან გაიყვანონ. ამ მანევრებში ჯდება სააკაშვილის ყასიდად პროტესტი ნაცტელეარხის ჟურნალისტისადმი, გია კობახიძეს რომ სახლში მიუვარდა.

„თუმცა, დარწმუნებული ვარ ეს შემოგდებული ვერსია, რომ თითქოს სააკაშვილი პოლიტიკიდან სამუდამოდ წასვლას აპირებს და ის მიშა აღარ არის და ა.შ. ემსახურება, როგორც აღვნიშნე ერთადერთ მიზანს -როგორმე ამ ქვეყნიდან გააღწიოს. მერე იქ ფრთებს დაიბერტყავს, მოსულიერდება და იმავეს დაუბრუნდება. ვერ გახდება მიშა სხვანაირი და არც მისცემენ ამის საშუალებას", - წერს ანჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×