თეონა ვეშაგური
30.07.2022

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლდოვა დახმარებისთვის რუმინეთს მიმართავს, თუ კონფლიქტი უკრაინაში მის ტერიტორიაზეც გავრცელდება. ანალიტიკოსთა მოსაზრებით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ მოლდოვა მარტო არ იქნება თავდასხმის შემთხვევაში. რუმინეთი ორ იმდენს გააკეთებს, რაც ახლა უკრაინაში კეთდება და არა მარტო ის.

ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუმინეთი აუცილებლად დაეხმარება მოლდოვას, რადგან ისინი თითქმის ერთი ერის წარმომადგენლები არიან.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მანამდე კი საქართველოს, არ არის გამორიცხული შემდეგი იყოს მოლდოვა, რადგან პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია ამ ქვეყანამ. განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ მან, საქართველოსგან განსხვავებით, უკვე მიიღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისგან. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რუსეთი თავს დაესხას მოლდოვას.

„შესაძლებელია თავდასხმა არ იყოს პირდაპირი, მაგრამ მოხდეს გარკვეული დივერსიული აქტივობების გახორციელება. მაგალითად, მოაწყონ პროვოკაცია დნესტრისპირეთის ოკუპირებული რეგიონიდან. მე მაინც მიმაჩნია, რომ აღნიშნულის გაკეთება გაუჭირდება რუსეთს მოლდოვის გეოგრაფიულად დაშორების გამო რუსეთისგან.

„ამ ქვეყნებს შორის არ არსებობს პირდაპირი საზღვარი და მოლდოვის მიმდებარე ტერიტორიას არ აკონტროლებს რუსეთის არმია. მოლდოვის საზღვრამდე მიღწევისთვის, აუცილებელია რუსულმა მხარემ მოახდინოს უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპაცია, მათ შორის, ოდესისა და მთელი შავიზრვისპირეთის.

„გარდა ამისა, თავად მოლდოვას არ გააჩნია შავ ზღვაზე გასასვლელი. ამიტომ რუსეთი ვერ განახორციელებს თავდასხმებს ზღვიდან. ასე რომ, ყველაფრის მიუხედავად, ერთის მხრივ, თეორიულად, შესაძლებელია თავდასხმა მოლდოვაზე, მაგალითად საჰაერო იერიშის მიტანა მოლდოვის სამხედრო ობიექტებზე, ან გარკვეული პროვოკაციების მოწყობა, მაგრამ აღნიშნულის გაკეთება გაუჭირდებათ.

„რაც შეეხება რუმინეთის დახმარებას, ის აუცილებლად დაეხმარება მოლდოვას, რადგან ისინი არიან ერთი ერი, საუბრობენ ერთ ენაზე და მოლდოვა ისტორიულად ყოველთვის ეკუთვნოდა რუმინეთს, ვიდრე მისი ოკუპაცია არ განახორციელა საბჭოთა კავშირმა.

„მართალია, მოლდოვა არ არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ შესაძლებელია რუმინეთმა მიაწოდოს შეიარაღება და თუ საქმე მივიდა თავდასხმამდე, შესაძლოა ჯარიც კი განათავსოს მოლდოვის ტერიტორიაზე. ხოლო თუ რუმინეთის შეიარაღებულ ძალებზე მიიტანს შეტევას რუსეთი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება ნატოსაც, რადგან ის არის ალიანსის წევრი ქვეყანა.

„ფაქტია, რომ ფაქტიურად ერთი ერის წარმომადგენლები არიან რუმინელები და მოლდოველები, ამიტომ ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება ამ საკითხში" - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევისთვის პრევენციულ ზომებს იღებს მოლდოვა. მისივე თქმით, შესაძლოა არსებობდეს გარკვეული ინფორმაციები თავდასხმის საშიშროებაზე, მაგრამ რუსეთს ახლა ნამდვილად არ აქვს ამის თავი.

„უკრანაში მიმდინარე ომის ფონზე, მოლდოვას ნამდვილად სჭირდება პრევენციული ზომების მიღება. მათ შორის, მოლაპარაკებების წარმოება რუმინეთთან. ამასთან უნდა გააფრთხილონ რუსეთი, რომ მოლდოვა, ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, არ იქნება მარტო და რუმინეთი, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, გაუწევს დახმარებას.

„ამ ეტაზე, შესაძლოა არარეალურია რუსეთის თავდასხმა, ეს უფრო პრევენციულ გაფრთხილებას ჰგავს, რადგან უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ რუსეთს ჰქონდეს იმის თავი, შეუტიოს მოლდოვას.

„თუმცა, დიდი ალბათობით, თავდასხმის შემთხვევაში რუმინეთი დაეხმარება მოლდოვას, ამ სახელმწიფოებს შორის არსებული ახლო ურთიერთობების გამო. არავინ იცის, ეს როგორ მოხდება, მაგრამ მგონი, არავის არ ეპარება ეჭვი, რომ აუცილებლად გაუწევენ დახმარებას.

„შესაძლებელია დახმარება იყოს შეიარაღების გადაცემის სახით, ასევე სამხედროების გადამზადებისა და ჯარის გაწვრთნით. რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა და შიეძლება პირდაპირ ვერ გააგზავნოს საკუთარი ჯარი, მაგრამ, რასაც უკრაინის შემთხვევაში აკეთებენ, ორ იმდენს გააკეთებს რუმინეთი და არა მარტო ის, დაეხმარებიან სხვა ნატოს წევრი სახელმწიფოებიც". - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

მაია სანდუს განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა სულ უფრო უარესდება.

„შეშფოთებულები ვართ. განვიხილავთ ყველაზე პესიმისტურ სცენარებს. შესაბამისად, ვემზადებით კიდეც ყველა სცენარისთვის. ვითარებაში, როდესაც რუსეთი შეეცდება თავს დაესხას მოლდოვის რესპუბლიკას, ჩვენ, მოვითხოვთ დახმარებას",- განაცხადა მაია სანდუმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×