თამთა ჩაჩანიძე
28.07.2022

პარლამენტისა და საკრებულოებიდან გასული „ოცნების" დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან - როგორც ისინი აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მას შენდეგ მიიღეს, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და მასზე აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა უპასუხა. მოძრაობის მიზანი კი მათი თქმით, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება, საჯარო პოლიტიკაში არსებულ კითხვებზე პასუხის ღიად გაცემა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობაა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მოძრაობის დაფუძნების თაობაზე, ესაა ერთგვარი ტესტი თუ საზოგადიება მათზე რა აზრისაა. მათივე შეფასებით, მათ გარკვეული საბაზისო საზოგადოებაც შეკრიბეს და შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტიის კონტურებიც იკვეთებოდეს, რომელიც 2024 წელს გარკვეულ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს.

ამასთან, ანალიტიკოსების აზრი ასეთია, რომ თუ „ოცნებიდან" გასულ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში დარჩენის პრეტენზია აქვთ, უპარტიოდ ვერ იქნებიან და ეს საწყისი ნაბიჯი ლოგიკურია.

მოძრაობის შექმნის მიზეზებსა და მიზნებზე დეპუტატებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ, ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის - საფრთხე არსებობს! როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება - ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოველწლიურად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ქვეყანას და ხალხს თავიდან ავაცილოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში და რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, საზოგადოების სამსჯავროზე გადმოვიტანოთ, საზოგადოებას მეტი სიმართლე ვუთხრათ და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ის, რაც დახურულია პოლიტიკაში, არის ყველაზე დიდი საფრთხე, რათა მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება - იქნებ პირიქით, დამანგრეველი", - განაცხადა „ოცნების" ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა.

უმრავლესობის აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნებასთან" ერთად პარტიაც დატოვა და ზემოთ აღნიშნულ მოძრაობას შეუერთდა. მისივე განმარტებით, „ოცნებასთან" რაიმე შეუთავსებლობა არ აქვს, თუმცა, გუნდს ტოვებს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მსგავსად იმ დეპუტატებისა, რომლებმაც ეს უკვე გააკეთეს.

„მსოფლიოში რთული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და საზოგადოებაშიც ჰქონდა ადეკვატური რეაგირება, დავრწმუნდი იმაში, რომ სწორია ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

„ჩემი დღევანდელი პოზიცია, რასაც ჰქვია ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრობა, შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას. გუნდის წევრებს რომ უხერხულობა არ შეექმნას პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, მივიჩნიე საჭიროდ, რომ დავტოვო ფრაქცია და კოლეგებთან ერთად საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, განცხადება მოძრაობის დაფუძნების თაობაზე, ესაა ერთგვარი ტესტი თუ საზოგადოება მათზე რა აზრისაა. მისივე შეფასებით. „ოცნებიდან" გასულმა საპარლამენტო დეპუტატებმა გარკვეული საბაზისო საზოგადოებაც შეკრიბეს და შესაძლოა ახალი პოლიტიკური პარტიის კონტურებიც იკვეთებოდეს, რომელიც 2024 წელს გარკვეულ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს.

„ჩემი ვარაუდით, საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადება, საზოგადოებრივი აზრის ტესტირებაა. ჩვენთან პოლიტიკური ძალის ფორმირება ყოველთვის ასე ხდება. ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობის სახითაა და მერე პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდება ხოლმე.

„როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ის ადამიანები, რომლებიც მათ მსგავსად ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებში „ქართული ოცნების" რიგებიდან გამოვიდნენ და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს, ეს უკვე ერთგვარი ბაზისია, რომ გარკვეული გაერთიანება შეიქმნას.

„ეს გაერთიანება შემდეგ რა სახეს შეიძენს, ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული თუ ხორცს როგორ შეისხამს - საზოგადოების მხარდაჭერა რამდენად ექნება, იმ რესურსებს რამდენად მოიზიდავს, რაც პოლიტიკური ძალის შესაქმნელადაა საჭირო. მაინც ვვარაუდობ, რომ შესაძლოა ამ საზოგადოებრივ გაერთანებაში ახალი პოლიტიკური პარტიის კონტურები იკვეთებოდეს, რომელიც 2024 წელს გარკვეულ პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ამბობს, რომ ეს იგივე შემთხვევა არაა, როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შემთხვევაში მოხდა.

„ამ შემთხვვაში სიტუაცია განსხვავებულია, გახარიას წასვლა და მისი გუნდის ჩამოყალიბება, „ქართულ ოცნებასთან" პირდაპირი კონფლიქტის შედეგად მოხდა, გახარია გადადგა და ა.შ. ამ შემთხვევაში კი ეს ხალხი აცხადებს, რომ „ოცნებასთან" არანაირი იდეოლოგიური და პოლიტიკური დაპირისპირება არ გვავქვს, უბრალოდ ჩვენი მიზანია საზოგადოებას ბოლომდე სიმართლე ვუთხრათ, რასაც „ოცნება" რაღაცა მიზეზების გამო ვერ ამბობსო. გახარიასა და ამ ჯგუფს შორის კონტექტსი განსხვავებულია.

„შორსმავალი პროგნოზების კეთება არ მინდა, მაგრამ თუ ეს ჯგუფი შეიქმნა, მან რაღაცნაირად თავისი ნიშა უნდა იპოვოს, რომ ის საზოგადოებაში არ იქნას აღქმული, როგორც „ქართული ოცნება 2". სხვათა შორის,თავის დროზე გახარიას პარტიაც ასე აღიქმებოდა და იმ ხმების დიდი ნაწილი, რაც მან არჩევნებზე აიღო, ამ აღქმების შედეგად იყო.

„თუ ეს ჯგუფი პარტიად გარდაიქმნა, თავისი ნიშის პოვნა უნდა და ჩემი ვარაუდით, იმ განცხადებების საფუძველზე, რასაც ისინი აკეთებენ, ეს ნიშა იქითკენ იქნება მიმართული, რომ ეროვნულ პარტრიოტულ პლატფორმაზე მდგარი ჯგუფების ამომრჩეველი თავისკენ გადაქაჩონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ „ოცნებიდან" გასულ პოლიტიკოსებს პოლიტიკაში დარჩენის პრეტენზია აქვთ, უპარტიოდ ვერ იქნებიან და ეს საწყისი ნაბიჯი საკმაოდ ლოგიკურია.

„როდესაც მმართველი პარტიიდან ის ცნობილი სამეული გავიდა, მაშინ საკმაოდ ფრთხილი მოლოდინი გამოვთქვი და ლოგიკური ვარაუდი მქონდა, რომ ისინი გარკვეულ მოძრაობას შექმნიდნენ, რომელიც შემდეგ შესაძლოა პარტიად გარდაიქმნას. თუ ამ პოლიტიკოსებს ის პრეტენზია აქვთ, რომ პოლიტიკაში იყვნენ, ისინი უპარტიოდ ვერ იქნებიან.

„ასე, რომ ეს ნაბიჯი საკმაოდ ლოგიკურია, მითუმეტეს, როცა მათ საკრებულოს ის წევრებიც უერთდებიან, რომლებმაც „ქართული ოცნება" ასევე დატოვეს. ამ მოძრაობამ არჩევნებამდე უნდა დაამტკიცოს ის, რომ კოსნტრუქციული ოპოზიციაა, რაშიც ეჭვიც არ მეპარება, რადგან მაგალითად ხუნდაძე, სუბარი გახარიას მსგავსი მოღალატეები არ არიან და ურთიერთსაწინააღმდგო განცხადებებს არ აკეთებენ.

„მათი ბიოგრაფია თანმიმდევრული და პრინციპულია, ესაა მთავარი. ოპოზიციას ის პარტიები აკლია, სადაც პრინციპული და თანმიმდევრული ლიდერები არიან. ცხადია პარტია უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რომელ პოზიციას დაიკავებს - მემარჯვენე იქნება, მემარცხენე, ცენტრისტი თუ სხვა. ბევრი რამ წინ აქვთ და ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ მხარდამჭერს მოიპოვებენ და ა.შ.

„მათში კონსტრუქციულ ოპოზიციურ პარტიას ვხედავ, რომელიც როდესაც საჭირო იქნება, მმართველი პარტიის არგუმენტირებულ და შინაარსიან კრიტიკას არ მოერიდება, რაც ოპოზიციური მხრიდან ასევე გვაკლია. დაველოდოთ, საკმაოდ საინტერესო შემოდგომაც გვექნება და მომდევნო წლებიც",- განაცხადა აბაშიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×