თამთა ჩაჩანიძე
26.07.2022

ევროპული საბჭოს რეკომენდაციის მიუხედავად, ქვეყანაში პოლარიზაცია დღითიდღე მწვავე ფორმებს იღებს. პოლიტიკურ დაპირისპირებებს კრიტიკული განცხადებები მოჰყვება-ხოლმე, რაც დაუსრულებელი ხასიათისაა. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი პიკზეა, თუმცა ეს ძირითადად პოლიტიკურ ჯგუფებს შორისაა და იმის საშიშროება არაა, რომ სიტუაცია სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

გარდა ამისა, ანალიტიკოსთა შეფასებით, საპროტესტო ტალღების სიმძლავრე დინამიკაში იკლებს-ხოლმე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ როგორც კი წინა პლანზე რევოლუციის, გადატრიალების მოტივები გამოდის, ხალხი ცდილობს, ამისგან თავი შორს დაიჭიროს, რაც სამოქალაქო დაპირისპირებას თავისთავად გამორიცხავს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი მაღალია, საპროტესტო ელექტორატის გარკვეული რაოდენობაც არსებობს, თუმცა არა იმდენი, რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს.

„ჯერჯერობით საზოგადოებაში განსაკუთრებულ საპროტესტო განწყობებს ვერ ვხედავ. მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამ პროტესტის ლიდერებად ერთი და იგივე სახეები გვევლინებიან, რომელიც საზოგადოებისთვის გვარიანად მოყირჭებულები არიან, მათ შორის მათი მომხრეებისაც.

„არა მგონია, რომ მათი ძალისხმევით დიდი საპროტესტო ტალღის აგორება მოხერხდეს. ევროკავშირის სტატუსის თემამაც ის აქტუალობა უკვე დაკარგა, რაც პირველ დღეებში ჰქონდა, როცა ბევრი ხალხი გამოვიდა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორების პოტენციალს ვერ ვხედავ, ისაა, რომ რასაც ეს ადამიანები სთავაზობენ - „ოცნება" ცუდია, გადავაგდოთ და ხელისუფლებაში ჩვენ მოვიდეთო, ამას კი ევროინტეგრაციით ფუთავენ - ამას საზოგადოება ხვდება და ამ სატყუარაზე არა მგონია, რომ მეორეჯერ და მესამეჯერ წამოეგოს.

„საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მაშინ მიდის, როცა საზოგადოების ორი ნაწილი ერთმანეთთან მკვეთრად ანტაგონისტურადაა დაპირისპირებული, პოლიტიკურად იდეოლოგიურად თუ სხვა. საპროტესტო ელექტორატის გარკვეული ნაწილი კი არის, მაგრამ მათში იმ განწყობას ვერ ვხედავ. რომ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანონ, ხელში იარაღი აიღონ და ერთმანეთს ესროლონ, ეს არავის არ უნდა, არ აწყობს თუნდაც ევროკავშირის იდეების გამო.

„დღეს ქვეყანაში პოლარიზაცია ცალსახად მაღალი ხარისხისაა, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკურ ელიტებს და მათთან დაახლოებულ საზოგადოების გარკვეულ წრეებს შორისაა. რიგით მოქალაქეებს თავიანთი ყოფითი პრობლემები და ის ყოველდღიური საკითხები აწუხებს, რაც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები არ ჩატარებულა, მაგრამ რაც ჩატარდა, იქ მოსახლოების 60% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მიუხედავად ამისა, ეს რატომღაც კონკრეტულ საპროტესტო აქციებში არ ითარგმნება - საზოგადოების მოქცევა სოციოლოგიურ გამოკითხვებს აცდენილია, ეს პირველად არ ხდება.

„ისევ იმ პროცესებზე გვიწევს დაკვირვება, რაც საზოგადოების შიგნით მიდის, თუნდაც სოციალურ ქსელებში და თუნდაც საპროტესტო ტალღების დინამიკაში. როგორი იყო პროტესტი 20-24 ივნისს და 3 ივლისს მონაწილეთა რაოდენობამ თანდათანობით როგორ დაიკლო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ როგორც კი წინა პლანზე რევოლუციის, გადატრიალების და კონფრონტაციების მოტივები გამოდის, რომელმაც შეიძლება ადამიანების ყოველდღიურ სიმშვიდესა და ყოფაც-ხოვრებას დაემუქროს, ხალხი ცდილობს, ამისგან თავი შორს დაიჭიროს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი უკვე პიკზეა მისული და თუ არცერთი მხარე დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს დიდხანს გაგრძელდება, თუმცა იქვე ამატებს, რომ ნაკლებია ალბათბა საქმე დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

„საქართველოში პოლარიზაციის ხარისხი უკვე პიკზეა, ის დუღილის ტემპერატურაზეა და ამის გამორთვაა საჭირო, ეს არ ხდება და თუ არცერთ მხარეს ჭკუა არ ეყო, ასე დიდხანს გაგრძელდება. მთელი უბედურება ისაა, რომ „ოცნებას" ევროკავშირთან მეტი დაახლოება არ უნდა, მას დემოკრატიის გარეშე ძალაუფლების შენარჩუნება და მშვიდი, კარგი ცხოვრება სურს.

„ის ყველაფერი ოპოზიციას აბრალებს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ფორმებით. შესაბამისად მათი მხრიდან პოლარიზაცია გაიზრდება, ტემპერატურა არ დაეცემა. ირაკლი კობახიძე მანდ იმიტომაა, რომ ეს გააკეთოს, სხვა არაფერი არ შეუძლია. ეს „ოცნების" შეტყობინებაა, რომ ჩვენ პოლარიზაცია გვჭირდებაო. კობახიძე პარტიის თავმჯდომარეა და უკვე არაერთხელ თქვა, რომ მათი მთავარი ამოცანა სხვა პარტიის ჩამოშლაა, ანუ დეპოლარიზაციას არ აპირებენ.

„რა უნდა ჰქნას ოპოზიციამ, სულ გაჩუმდეს?! ხმა ვერ ამოუღიათ, ერთს ამბობენ და ათს „ოცნებიდან" პასუხობენ, მათი მთავარი ამოცანაა, რომ ოპოზიცია არ არსებობდეს, ეს არასწორია. მიუხედავად ამისა კარგი იქნება, რომ ოპოზიციამ ორ ფრონტზე იმუშავოს - „ქართულ ოცნებასთან" ითანამშრომლონ, ბრიუსელში თუ გინდ მათთვის მიუღებელი დოკუმენტი გაგზავნონ, ოღონდ ეს შეიძლება ევროკავშირისთვის მისაღები გახდეს და მეორეს მხრივ ცალკე 12 პუნქტის ალტერნატიულ ვარიანტზე იმუშაონ, რადგან საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ხელისუფლება უარს რაზე იტყვის და ბრიუსელში რას გააგზავნის. რომელიც შეიძლება ევროკავშირისთვის, ან არჩევნებისთვის გამოდგეს.

„თითქმის მთელი მთიანი აჭარა, გურია, სამეგრელო, კახეთი მოვიარე, იმერეთის სოფლებში ვიყავი, სკოლებში დავდიოდით და ახალგაზრდებს და მასწავლებლებს ვხვდებოდით და პროტესტის განწყობა არსად არაა, ხალხს სიტუაცია არ მოსწონს, მაგრამ ვერ ხედავს იმას თუ ხელისუფლება ვისით უნდა შეიცვალოს. სხვა არჩევანს ვერ ხედავენ, ხალხში მუხტი არაა იმისა, რომ ოპოზიციას პროტესტებში აჰყვეს. ქვეყანაში სრული უკუღმართობაა და სიტუაცია ამოყირავებულია, მგონია, რომ აქციები ისევ ისე მილევადი იქნება, ვერანაირ სამოქალაქო დაპირისპირების საფუძველს ვერ ვხედავ.

„საქართველოში პირველად 16 წლის შემდეგ საზოგადოებას არჩევანი არ აქვს, პოლიტიკურ სცენაზე სულ ვიღაც ახალი ჩნდებოდა, რომელზეც ქართული საზოგადოება მთელ იმედებს ამყარებდა. კომუნისტების დროს ეროვნული მოძრაობა იყო, შემდეგ შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი. ახლა ივანიშვილი ჩიხშია, დამალულია, არ ჩანს, მისი სახელით ქვეყანას უტიფარი ცინოკოსები მართავენ კობახიძის სახით და სხვა არჩევანი არაა, ქართველები არჩევანში სააკაშვილს ვერ ხედავენ, მისი წარსული ახსოვთ. სიახლეა საჭირო ახალგაზრდული პარტიები და ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მაგრამ არ ჩანს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×