თეონა ვეშაგური
21.07.2022

აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომ არსებობს თემები, რომელთა აქტუალიზაციაც არ შეიძლება. დასავლეთში, ნორმალურად მოაზროვნე არცერთ ადამიანს არ სურს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას ხელისუფლებისადმი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წამოსული ბრალდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით.

„აქ არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ამ შემთხვევაში უმრავლესობის, რამეთუ ბერკეტები, მთავარი ბერკეტები არის უმრავლესობის, პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში, მათ ხელში არის ამ კანდიდატობის მიღწევა. ასევე, ამას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე არ დაიწყებს ოპოზიციონირებას.

„მაგრამ, კიდევ ერთხელ მთავარი პასუხისმგებლობა და ესეც კარგად იცის მოსახლეობამ, არის ხელისუფლების. ერთმანეთთან რაღაცა ჭიდილი, რომელიც არა მხოლოდ შიგნით, ასევე გარეთაცაა, და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგი... მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ ჩვენ გადავიყვანოთ ეს დიალოგი ცოტა სხვა ფორმებში. მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცა, რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, რაც არის მიუღებელი. არ შეიძლება, ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე ფორმის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან, რათა ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენს ძალიან რთულ პროცესს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოცნების მხრიდან მსგავსი ბრალდებები აზიანებს როგორც ქვეყნის ისე მმართველი გუნდის იმიჯს.

„აბსოლუტურად ვიზიარებ პრეზიდენტის პოზიციას, რომ არსებობს თემები, რომელთა აქტუალიზაცია არ შეიძლება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი თემაა ის ბრალდებები, თითქოს ევროკავშირს სურს საქართველო ომში ჩაითრიოს. გარდა იმისა, რომ მსგავსი განცხადება უსაფუძვლოა, ის ულოგიკოცა. დასავლეთში ნორმალურად მოაზროვნე არცერთ ადამიანს არ სურს მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში.

„ეს ბრალდება არის უსაფუძვლო და ემსახურება მხოლოდ თავის მართლებას, თუ რატომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ამასთან, ცდილობენ გადაიტანონ ისრები ევროკავშირის მხარეს. ხელისუფლებამ იცის, რომ ეს მუშაობს ქართულ საზოგადოებაზე და ამიტომაც მუდმივად იწყებს ამაზე ფოკუსირებას. შესაბამისად, ჩვენ ვღებულობთ ძალიან არაფორმალურ დამოკიდებულებას დასავლელი პარტნიორების მიმართ. მგონია, რომ მოზომილი და, რაც მთავარია, ადეკვატური უნდა იყოს მმართველი გუნდის განცხადებები.

„ასეთი ბრალდებები არის დამაზიანებელი უპირველესად ქვეყნისთვის და თავად „ქართული ოცნებისთვის". ისინი დაპირისპირებულნი არიან ყველასთან, ვინც უპირობოდ არ ეთანხმება მათ პოზიციებს. დღეს „ოცნება" გახდა ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ სურს არანაირი დიალოგი და ატარებს იზოლირების პოლიტიკას, მათ შორის პრეზიდენტის მიმართ. ზურაბიშვილის განცხადებას მოჰყვება მმართველი გუნდის კრიტიკა და გაგრძელდება ასე," - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ცნობისთვის, ევროპელი კანონმდებლები პრეზიდენტს შეხვდნენ. საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრები ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდნენ. განსახილველი საკითხები საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადი იყო. შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.

პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტი ქვეყნისთვის ისტორიულ მომენტში ტარდება და ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×