თეონა ვეშაგური
28.06.2022

რატომ საუბრობს სამოქალაქო სექტორი ოპოზიციის ნაცვლად, თუ წინასწარ არ არიან შეთანხმებული? და თუ არიან შეთანხმებული, მაშინ ეს სულ არ არის სამოქალაქო სექტორი, - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბარში 24 ივნისს ხელისუფლებისათვის წაყენებულ ულტიმატუმსა და ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა იმას ნიშნავს, რომ ამ მოთხოვნის ავტორები სწორად ვერ აღიქვამენ დღეს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას. მას ასევე აბსურდულად მიაჩნია ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება პოლიტიკოსების გარეშე.

„იმდენად არ არის მისაღები ან მიუღებელი, რამდენადაც შეუძლებელი. არ სჭირდება ამის გაკეთება „ქართულ ოცნებას". ვინც ამ საკითხებს აყენებს მათ არ იციან, რომ ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ჩვენი ხელისუფლება, არის ძალიანაც ბედნიერი, არც ნატო-სკენ მიდის და არც ევროკავშირისკენ. ამიტომ ვინც ითხოვს ღარიბაშვილის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, საერთოდ არ ესმით რეალობა, ვერ ხედავენ იმას, რაც ხდება სინამდვილეში და რაღაცნაირად უნდათ შეაშინონ „ოცნება", ის კი არ შინდება. თუ არ იქნება რეგულარული, მასობრივი გამოსვლები, არ შეშინდება მმართველი გუნდი.

„თუ აქციის ხელმძღვანელებს აქვთ პრეტენზია, რომ არიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არ უნდა აჟღერებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს - როგორი უნდა იყოს მთავრობა, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და ა.შ. ახლა ყველაზე კარგია მათთვის ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც შესთავაზონ იმ ხედვების ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა შეასრულონ საქართველოსთვის დაწესებული 12-პუნქტიანი გეგმა. წარმოიდგინონ, რომ არიან მთავრობაში, დასხდნენ, მოიწვიონ მაღალი კლასის სპეციალისტები, ეკონომისტები, იურისტები, პოლიტოლოგები, სხვა შესაბამისი სფეროს წარმომადგენლები და დაწერონ, თუ როგორ ხედავენ ამ პუნქტების გახორციელების საშუალებებს.

„მსგავსი რამ შესთავაზონ „ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციასაც. საერთოდ, წეროს ყველამ, ვისაც არ ეზარება და გამოქვეყნდეს სამივე მხარის ხედვა. მე ასე ვხედავ სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც კი აჟღერებენ პოლიტიკურ ლოზუნგებს, ისინი ხდებიან პოლიტიკოსები.

„გარდა ამისა, ჰკითხეს ოპოზიციას უნდათ თუ არა ეს „ტექნიკური" მთავრობა"? ვის გაუგია სამოქალაქო საზოგადოება ითხოვს ტექნიკურ მთავრობას... უცებ წარმოიდგინეთ, რომ ოპოზიციამ თქვას - მე არ მჭირდება ასეთი მთავრობა, მე მინდა თავად მოვიდე ხელისუფლებაში.

„რატომ საუბრობს სამოქალაქო სექტორი ოპოზიციის ნაცვლად, თუ წინასწარ არ არიან შეთანხმებული? თუ არიან შეთანხმებული, მაშინ, უკაცრავად, ეს სულ არ არის სამოქალაქო სექტორი. სამწუხაროდ, მაშინ გამოდის, რომ „ოცნება" მართალია და მათ უკან იმალებიან პოლიტიკოსები.

„აბსურდულია ის განცხადებებიც, რომ ტექნიკურ მთავრობაში არ იქნებიან პოლიტიკოსები. როგორ შეიძლება მთავრობაში არ იყოს პოლიტიკოსი? არ მესმის, არ მჯერა ამ ტიპის მთავრობების. ვინ აგებს პასუხს, თუ ასეთი მთავრობა ვერ იმუშავებს? ეს ხომ არ იქნება ხალხის მიერ არჩეული მმართველი ძალა. სრულიად არაპოლიტიკურ და არასამართლებრივ ხედვას ამჟღავნებს ის ხალხი, ვინც ასეთ მოთხოვნებს აყენებს.

„არ ვიცი როგორ მიიღებს ამ ყველაფერს საზოგადოება. ჯერ გააკეთონ და მერე შეიძლება ვისაუბროთ მათ რეაქციაზე. მგონი ისე დაიღალა ხალხი, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რაც შეიძლება შედგეს, მისაღები იქნება მათთვის. მაგრამ შედგება? - ეს არის მთავარი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×