ელზა პაპოშვილი
28.06.2022

რამდენიმე დღეში იწურება ერთკვირიანი ვადა, რომელიც 24 ივნისს პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორებმა მმართველ გუნდს მისცეს. ისინი მთავრობის გადადგომას და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა „სირცხვილია“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს იქამდე, სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება. რა მოხდება 3 ივლისს დანიშნულ აქციაზე და შენარჩუნდება თუ არა ის მუხტი, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან ათიათასობით ადამიანის მისვლის შემდეგ გაჩნდა?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა აბსურდულია და ეს საზოგადოებაში 20 ივნისის მუხტს გააქრობს. მათი აზრით, ოპოზიციას და მითუმეტეს სამოქალაქო სექტორს არ აქვს იმის რესურის, რომ ქვეყანაში პერმანენტული აქციები გამართონ. ამიტომ მათთვის გაუგებარია რა გზით და ფორმით შეიძლება ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადადგმა აიძულონ.

მათივე შეფასებით, უმჯობესი იქნებოდა აქციის ორგანიზატორებს ეს მუხტი სხვაგვარად გამოეყენებინათ და უფრო რეალისტური მოთხოვნები წამოეყენებინათ, თუნდაც იმ 12 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო.

დეპოლარიზიაცია თუ კონფრონტაცია - ვინ უერთდება ულტიმატუმს

თავად ოპოზიციურ სპექტრში ამ მოთხოვნების მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ წინადადება არასერიოზულია და ინიციატივას არ იზიარებენ.

„ქართული ოცნება“ თავის მხრივ აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა წამოყენებულ მოთხოვნებს და ულტიმატუმს აბსურდულს უწოდებს. მათი განცხადებით, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა მხოლოდ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დგას. 

მოძრაობის „სირცხვილია“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით კი,  ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ ინიციატივა ქვეყნის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. იგი კონკრეტულად არ ასახელებს, თუ ვინ შევლენ ტექნიკურ მთავრობაში, თუმცა აღნიშნავს, რომ იქნებიან საერთაშორისო დონის სპეციალისტები სხვადასხვა სფეროში და აქ პოლიტიკოსები არ მოიაზრებიან.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეები“ თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მთავრობას ის აკომპლექტებს, ვინც არჩევნებში უმრავლესობას იღებს. იგი მიიჩნევს, რომ აქციის ორგანიზატორებს სხვა მოთხოვნები უნდა დაეყენებინათ, მაგალითად, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი სასამართლო.

„მიტინგზე გადაწყვიტა ხუთმა ადამიანმა, რომ მთავრობა შექმნას? ასე არ ხდება მთავრობის ფორმირება. ანა-ბანა არის პოლიტიკური მეცნიერებების, რომ მთავრობას აკომპლექტებს ის, ვინც არჩევნებში მიიღებს უმრავლესობას. 

„საზოგადოების ერთ ნაწილს ჰგონია, რომ ღარიბაშვილს გადააყენებენ და თვითონ მთავრობას დააკომპლექტებენ და თვითონ იქნებიან პრემიერ-მინისტრები და მინისტრები. ეს რეალური ჰგონიათ და დეოლიგარქიზაცია და ნორმალური სასამართლო რომ გვქონდეს და დეპოლარიზაციას რომ მივაღწიოთ, ეს ჰგონიათ მიუღწეველი?“ - ამბობს ალეკო ელისაშვილი.  

პარლამენტარი პაატა მანჯგალაძე კი ამბობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ უერთდება ყველა მოთხოვნას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ეშინოდეს ხალხის და ნელ-ნელა იფიქრონ ხელისუფლების გადაბარებაზე. როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ხალხი თუ გაბრაზდა უფრო საშიში იქნება ხელისუფლებისთვის, თუმცა ეს არ ნიშნავს დემოკრატიის სტანდარტების გვერდის ავლით ე.წ. რევანშს.

„გირჩი“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩა ამ მოთხოვნებს არასერიოზულს უწოდებს და აქციის ორგანიზტარორებს მათ შეცვლას სთხოვს.

„ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამ მოთხოვნებს ვუერთდებოდეთ. იმიტომ, რომ ეს მოთხოვნები, ჩემი აზრით, არასერიოზულია. მოვუწოდებთ, რომ აქციის მონაწილეებმა შეცვალონ მოთხოვნები და გადმოვიდნენ იმ მოთხოვნებზე, რომელსაც ჩვენ ვახმოვანებთ, რაც არის ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, ხოლო მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ ამ ვადამდელ არჩევნებს აზრი ჰქონდეს. არსებული ბარიერი უნდა დავწიოთ და მაჟორიტარული სისტემა გავაუქმოთ, რაც დღევანდელი მოცემულობით გვაქვს კონსტიტუციაში,“ - აცხადებს იაგო ხვიჩია.  

რა მოხდება ულტიმატუმის ვადის გასვლის შემდეგ

ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე  „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს,  ოპოზიცია ერთი და იმავე შეცდომას უშვებს. შეცდომაა, როცა ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება 3 ივლისამდე არ გადადგა, პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. რა თქმა  უნდა, ღარიბაშვილი არსად წასვლას არ აპირებს. თუ გადადგა, ახალ პრემიერს ისევ  უმრავლესობა დაამტკიცებს და დიღმელაშვილს არავინ შეეკითხება. ამიტომ იმ მუხტსაც დააგდებენ რაც 20 ივნისს საზოგადოებაში გაჩნდა და ამასობაში „ოცნება“ ისევ „გაძვრება“.

„რაღაც გამოცდილება რომ არ იყოს, კიდევ ჰო... დღეს პოლიტიკაში „ნაციონალები“ ის პოლიტიკური ძალაა, რომლის ხელისუფლების  დროსაც პერმანენტული აქციები კი არა,  შუა ქალაქში კარვები იყო გაშლილი. საზოგადოებაში და თავად ოპოზიციაში სააკაშვილის და მისი ხელისუფლების სახლში გაშვებაზე იმხელა კონსენსუსი იყო და ახლა იმის ნახევარიც არ არის. 

„მიუხედავად ამისა, სააკაშვილი 2009 წელს ხელისუფლებიდან არ წავიდა. უბრალოდ, პროცესებს წაუყრუეს და მუხტი გააქრეს. ნუ, იპოდრომზე რომ ხალხი შეკრიბეს გაჩეჩილაძეებმა და მერე დაშალეს, მაგაზე აღარ ვსაუბრობ. ახლა კითხვა მაქვს ოპოზიციასთან - „ოცნება“ ხელისუფლებიდან რატომ უნდა წავიდეს? 

„ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მთელ ამ ამბავს დიღმელაშვილი და მაქარაშვილი გეგმავენ. ასეთი მიამიტებიც არ ვართ. თუ პერმანენტული აქციები დაიწყეს და მთავრობა არ გადადგა, რას აპირებენ - პარლამენტში შევარდნას? 2003 წლის ამბები უნდა გაიმერონ და აქეთ მიდიან? მაშინდელი ვითარება რა იყო და ახლა რა არის - განსხვავებას ვერ ხედავენ? თუნდაც ვიღაცის  თავში ეს აზრი ტრიალებდეს, ახსოვთ ცალკე რუსეთიდან ივანოვი რომ ჩამოვდა და ცალკე ბეიკერი. ეს ხომ ყევლაფერი შეთანხმებული ამბავი იყო. 

„შევარდნაძე წასასვლელად მიზეზს ეძებდა და დაგეგმა კიდეც. ახლა „ოცნება“ სადმე წასვლას აპირებს? რამე მსგავსი ეტყობა? ან ვინმეს ახლა აქ რევოლუციური სცენარებისთვის  სცხელა? არ ჯობს ცოტა დაფიქრდნენ და ასე სასაცილოდ თავი არ გაიხადონ?“, - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

ექნებათ თუ არა აქციის ორგანიზატორებს დასავლეთის მხარდაჭერა

ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ოპოზიციას ახლა ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს, ამიტომ უკვირს მსგავს განცხადებას რის იმედზე აკეთებენ. ძაბირაძე მიიჩნევს, რრომ დასავლეთი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არაფერს იზამს. თუ დაინახეს, რომ ხალხი არაფერს აკეთებს, ასე ღიად არავინ არაფერში ჩაერევა. 

გარდა ამისა, თუ ოპოზიციამ ივლისში პერმანენტული აქციები დაიწყო, ზაფხული პოლიტიკური თვალსაზრისით მკვდარი სეზონია და ეს იმით დამთავრდება, რომ იმ მუხტს, რაც გაჩნდა, საბოლოოდ ჩააქრობენ.

„მთავრობის გადადგომისთვის კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ მოცემული 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ამას შემდეგ რა გაგრძელება ექნება და ტაქტიკურად როგორ გადანაწილდება, ეს უკვე სხვა თემაა. ამ თემებში ოპოზიციას ჩვენი პარტნიორებისგან მხარდაჭერა ექნება. თუ საქმე სხვაგვარად წავიდა, მხარდაჭერა არ ექნებათ. 

„ხელისუფლება რასაც ლაპარაკობს, რომ ოპოზიციას გადატრიალება უნდა, წინა პლანზე ამათი განცხადებების გამო ეს უფრო წამოვა. ოპოზიცია მარტო და მხარდაჭერის გარეშე დარჩება. შევარდნების და რევოლუციებს ვერ გაითამაშებენ. ეს სცენარი არ გამოვა. „ოცნებას“ შევარდნაძესავით სისტემური რყევა არ აქვს. ჯარი, პოლიცია, საჯარო სექტორი - ყველა ემორჩილება“, - ამბობს „რეზონანსთან“ ძაბირაძე.     

აქციები და „მკვდარი სეზონი“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციაში არსებული შიდა დაპირისპირება კიდევ ერთი მიზეზი იქნება იმის, რომ 3 ივლისს მოსახლეობა აქციაზე არ მივა. 

„საზოგადოება ძალიან კარგად მიხვდა ამ ხალხისა და ფარდის უკან ვინც დგას. ოპოზიცია ერთიანი ვერ იქნება, რადგან იმდენად აბსურდული და არარეალური მოთხოვნაა, რომ ამას თავად ოპოზიციურ სპექტრშიც კარგად ხვდებიან. 

„3 ივლისის შემდეგ არაფერი არ იქნება. ზაფხულია, სიცხეები იწყება და პოლიტიკურად სრულიად მკვდარი სეზონია. 3 ივლის იტყვიან, რომ აქციას შემოდგომისთვის დებენ და ასე გაიმართლებენ თავს. მერე მინელდება მუხტი და არავის არაფერი აღარ გაახსენდება. სასაცილო ისაა, რომ ტექნიკურ მთავრობაში ისეთ ადამიანებს ასახელებენ, რომელთაც ლეგიტიმაცია არავისგან არ აქვთ.

„თუ გადაკეტავენ გზას და მოინდომებენ სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, ხელისუფლება კანონის ფარგლებში პასუხს გასცემს. თუმცა საქმე აქამდე არ მივა, რადგან ოპოზიციაში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება უკვე იმის წინაპირობაა, რომ ელექტორატი ქუჩაში არ გამოვა. მაქარაშვილის და დიღმელაშვილის გამო კი მართლა გარეთ არავინ გამოდის. სანამ ეს ხალხი იქნებიან სპიკერებად, ყველა 20 ივნისის მსგავსი აქცია თუ მუხტი დაეშლებათ“, - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×