თამთა ჩაჩანიძე
28.06.2022

უკრაინული მხარე ჩრდილოეთიდან თავდასხმისთვის ემზადება - კიევში აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ხელახალი შეჭრისთვის გამოიყენოს და ამას გარდა, ბელარუსის არმია შესაძლოა ღიად ჩაერთოს ომში რუსეთის მხარეს. რუსეთი კი ბელარუსს სარაკეტო კომპლექს „ისკანდერ-ემ"-ებს მიაწვდის, რომლებიც შესაძლოა ბირთვული ქობინებით იყოს აღჭურვილი.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ომში ბელარუსის ჩართვა საკმაოდ რეალურია, რაზეც სხვადასხვა ფაქტორები მიუთითებს. დასავლეთი კი ამის საპასუხოდ, სავარაუდოდ, ბელარუსისთვის მძიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებით შემოიფარგლება.

როგორც ანალიტიკოსმა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, ბელარუსის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ვერ გახდება მესამე მსოფლიო ომის დაწყების მაპროვოცირებელი ფაქტორი. მესამე მსოფლიო ომი შესაძლოა იმ შემთხვევაში დაიწყოს, თუკი ლიეტუვას მხრიდან რუსეთის კალინინგრადის ოლქის ნაწილობრივი ბლოკადის გამო, კრემლმა კალინინგრადთან დამაკავშირებელი ე.წ. სუვალკის კორიდორის გაჭრა მოინდომა. ეს არის უმოკლესი სახმელეთო გზა ბელარუსიდან კალინინგრადის ოლქამდე, რომლის სიგრძეც დაახლოებით 100 კილომეტრია,

აღსანიშნავია, რომ თებერვლის ბოლოს რუსული სამხედრო ნაწილები სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან შეიჭრენ უკრაინაში.

ის, რომ რუსეთმა შესაძლოა ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში ხელახალი შეჭრისთვის და ქვეყნის შეიარაღებული ძალებზე ახალი თავდასხმისთვის გამოიყენოს, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ სერგეი კრივონოსმა განაცხადა. მისი თქმით, აგრესორი ახლა ლუკაშერნკოის რეჟიმთან აქტიურად მუშაობს და ასევე მკაცრად აკონტროლებს განწყობას ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში. გენერალი აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ჯარებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეტევა ორი მიმართულებით წამოიწყონ.

„ვფიქრობ, რომ ვოლინისა და როვნოს ოლქების მიმართულებით მათ ამის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლიათ, იმ დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მეშვეობით, რაც მათ ჰყავთ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების საკმაოდ დიდი ნაწილი ამ აგრესიაში მონაწილეობის მისაღებად მზად არაა", - განაცხადა კრივონოსმა „რბკ უკრაინასთან" ინტერევიუში.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსიდან უკრაინაში შეჭრის ბრძანება გაიცა, ბევრი ბელარუსი სამხედრო ბრძოლაზე უარს იტყვის და უბრალოდ ტყვედ ჩაბარდება უკრაინელებს.

მანამდე 24 ივნისს უკრაინულმა „უნიანმა" ბელორუსის მოზირის ტერიტორიაზე რუსული დივერსიული ჯგუფების ჩასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ამ წყაროს ცნობით, ისინი ქალაქში საცხოვრებელი კორპუსების, სკოლებისა და საავადმყოფოების აფეთქებას გეგმავენ, რათა შემდეგ ეს უკრაინულ მხარეს დააბრალონ და ბელორუსში ანტიუკრაინული განწყობების ზრდა გამოიწვიონ.

25 ივნისს ღამით ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს იყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი პროვოკაცია, რათა ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაითრიოს.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუს ხალხს მიმართა და გააფრთხილა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო მათ ომში ჩათრევას ცდილობს.

25 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსს „ისკანდერებს" მიაწვდის, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა - საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა სწორფედ ამას გაუსვა ხაზი.

პუტინის თქმით, სისტემები მინსკს გადაეცემა მომავალი თვეების განმავლობაში. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ისკანდერ-ემ"-ის გამოყენება შეიძლება როგორც ბალისტიკური, ასევე ფრთოსანი რაკეტების გასატყორცნად, „როგორც ჩვეულებრივი ისე ბირთვული მუხტით", - თქვა პუტინმა.

27 ივნისს კი „დიდი შვიდეულის" ლიდერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა ბელარუსს „ისკანდერ -ემ"-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემები შეიძლება გადასცეს.

„ჩვენ სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის განცხადების გამო, რომ მას შეუძლია ბელარუსს ბირთვული პოტენციალის მქონე რაკეტები გადასცეს", - ნათქვამია მათ განცხადებაში.

როგორც სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, ყველა გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორია მართლაც გამოიყენოს, თუმცა ამაზე დასავლეთის პასუხი დიდი ალბათობით ეკონომიკური მძიმე სანქციები იქნება.

„სიტუაცია საკმაოდ სერიოზულადაა დაძაბული. ლუკაშენკო მოსკოვში საიდუმლო ვიზიტით ჩავიდა და ვლადიმირ პუტინთან გარკვეულ საკითხებზე მოილაპარაკა. პუტინი ბელარუსს ოპერატიული ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერების" ოთხ ბატარეას გადასცემს. ბელარუსმაც უკრაინის საზღვრებთან სამობილიზაციო ხასიათის სამხედრო წვრთნები დაიწყო და ოთხი სწრაფი რეაგირების ბრიგადის მობილიზაცია მოახდინა.

„ასევე ბელორუსი სამხედრო მფრინავები უკვე სპეციალური ტიპის სამხედრო წვრთნებს ატარებენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ბელარუსის ტერიტორია უკრაინაზე ხელახალი თავდასმისთვის გამოიყენოს, რადგან უკრაინას ბელარუსის საზღვრებთან მობილიზებული ჰყავს 20 ათასიანი საარმიო ჯგუფი „ჩრდილოეთი".

„თუმცაღა არ მგონია, რომ ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმამ მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაში დასავლეთის რეაქცია ის იქნება, რომ ბელარუსს მძიმე ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს.

„არაა გამორიცხული, რომ პუტინმა ბელარუსი ლიეტუვასთან კონფლიქტისთვის გამოიყენოს, თუკი რუსეთ-ბელარუსი გაბედავს და ე.წ. სუვალკის კორიდორის დასაკავებლად სამხედრო კაპმანიას დაიწყებს უკვე ნატოს წინააღდეგ, აი, ეს კი უკვე იქნება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×