პეტრე მამრაძე
29.01.2023

რამდენიმე წლის წინათ ცნობილმა ეკონომისტმა ტომა პიკეტიმ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად დაადგინა, რომ დაწყებული 2000 წლიდან რუსეთის პოლიტიკურმა ელიტამ პუტინის ხელმძღვანელობით მოახერხა 2 ტრილიონამდე ევროს მითვისება ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლებიდან. მითვისებული თანხები გადიოდა ოფშორული კომპანიების ჯაჭვს და ბოლოს ილექებოდა დასავლურ ფინანსურ სტრუქტურებში - ლონდონი, პარიზი და ევროპის სხვა დედაქალაქები სიამოვნებით „აბინავებდენენ“ ამ ფულს, პოლიტიკოსები კი თვალს ხუჭავდენენ მის  წარმოშობაზე. ამ თანამშრომლობის პროცესში იქმნებოდა და ძლიერდებოდა პირადი მეგობრობა და ურთიერთნდობა რუსეთის და დასავლეთის ელიტების წარმომადგენლთა შორის. 

ამავე პერიოდში დასავლეთში არაერთმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ მოუწოდა დასავლეთის მთავრობებს შეეცვალათ კანონმდებლობა და აღმოეფხვრათ კორუფცია, მაგრამ ელიტები საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდნენ და პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. შედეგად ამისა შეიქმნა მსოფლიოში უნიკალური სისტემა - პუტინის ავტორიტარული კლეპტოკრატია მძლავრი საყრდენით დასავლეთის ფინანსურ და პოლიტიკურ ელიტებში. 

„პუტინის კლეპტოკრატული რეჟიმი რუსეთის და დასავლეთის ერთობლივი ნაწარმია“, - განაცხადა პიკეტიმ რამდენიმე დღის წინათ მიცემულ ინტერვიუში. 

სწორედ ამ ელიტების მტკიცე იმედი ჰქონდა პუტინს, როდესაც ღებულობდა გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრის შესახებ: მათი რეაქცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე 2008-ში, ყირიმის ანექსიასა და დონეცკის და ლუგანსკის ნაწილობრივ ოკუპაციაზე 2014-ში, მართლაც იძლეოდა ამის საფუძველს. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბარბაროსული შეჭრის პირველ დღეებში აშშ-ის ექსპრეზიდენტმა ტრამპა, რომელიც კაგებემ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში შეარჩია დასავლეთში ფულის გატანის აგენტად, პუტინს გენიოსი უწოდა (აშშ-ს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინს უფრო ენდობა, ვიდრე აშშ-ის მთელ საგარეო დაზვერვას); „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გერმანიის ექსკანცლერმა შრიოდერმა გაამართლა პუტინის აგრესია; მოქმედმა კანცლერმა შოლცმა კი განაცხადა, რომ გერმანია არ მიაწვდიდა უკრაინას იარაღს და არც სხვა ქვეყნებს დართავდა უკრაინისათვის გერმანული წარმოების იარაღის მიწოდების ნებას. 

დასავლელი კოლეგებისაგან ისიც მომისმენია, რომ პუტინთან და მის თანამზრახველებთან დაახლოებულმა დასავლურმა ელიტებმა გარანტია მისცეს პუტინს, რომ უკრაინაში სწრაფი წარმატების შემთხვევაში დასავლეთი შემოიფარგლებოდა დაახლოებით ისეთივე სანქციებით, როგორც ყირიმის ანექსიის შემდეგ. თანაც დასავლეთ ევროპასა და აშშ-შიც მთავრობებს ეგონათ, რომ პუტინის ბლიცკრიგი რამდენიმე დღეში დასრულდებოდა რუსეთის სრული გამარჯვებით: 

„უკრაინას არსებობის სულ რამდენიმე საათი დარჩა. თქვენთვის იარაღის მიწოდებას და რუსეთის SWIFT-ისგან გათიშვას აზრი არ აქვს“, - უთხრა უკრაინის ელჩს მელნიკს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლინდნერმა შარშან, 24 თებერვალს, როცა რუსეთის ჯარები ბომბავდნენ უკრაინას და კიევისაკენ მიიწევდნენ. 

მაშინ ლინდნერის ამ აზრს არა მარტო გერმანიის სხვა მინისტრები, არამედ დასავლეთის ყველა მთავრობა იზიარებდა. უკრაინაში ბარბაროსული შეჭრისა და რუსეთის არმიის მიერ 11 თვის განმავლობაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მასობრივი, სასტიკი დანაშაულების ჩადენის შემდეგ ვითარება თითქოს შეიცვალა: დასავლეთმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდული რაოდენობა და გაყინა ზოგიერთი რუსი ოლიგარქის აქტივები. მსოფლიო მას-მედია ხშირად იუწყება დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალ-ახალი მკაცრი სანქციების შემოღების შესახებ, მაგრამ კომპეტენტური ექსპერტების აზრით ყველაფერი, რაც დასავლეთმა დღემდე გააკეთა, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რისი გაკეთება შეეძლო. 

„მსოფლიოში ცნობილი და მსხვილი 550-ზე მეტი კომპანია რუსეთში ბიზნესს ისევ აგრძელებს“ (იხ. წერილი ამ სათაურით 23 იანვრის „რეზონანსში“). მსოფლიო პრესა სავსეა მსგავსი პუბლიკაციებით. ბევრს წერენ იმაზე, რომ ომის დაწყების შემდეგ დასავლეთმა სულ ცოტა ოთხჯერ მეტი ფული გადაუხადა პუტინს ნავთობსა და გაზისათვის, ვიდრე გამოყო უკრაინის დასახმარებლად; რომ დასავლეთის კომპანიები და ფინანსური სტრუქტურები დაუღალავად ეძებენ და პოულობენ რუსეთისათვის დაწესებულ სანქიების გვერდის ავლის ფარულ გზებს, ვინაიდან ეს მომგებიანია მათთვის. ამ ფონზე არაფერს ვიტყვი იმ ცინიზმზე და უსამართლობაზე, რომელსაც იჩენს დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენელი, როცა საყვედურობს საქართველოს და მოითხოვს ჩვენი მთავრობისაგან რუსეთისადმი სანქციების გამკაცრებას და ა.შ.

„ამ ერთი წლის განმავლობაში რუსეთის გაყინულმა აქტივებმა (დასავლეთის ფინანსურ სტრუქტურებში) დაახლოებით 20 მილიარდ ევრო შეადგინა, რაც 100-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაეყინათ“, - აცხადებს პიკეტი და დასძენს: „ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ დასავლეთის მთავრობები თვალთმაქცობენ - მათ უყვართ მთელი მსოფლიოსათვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლება, თვითონ კი სიამოვნებით ღებულობენ ფულს თავის ფინანსურ სისტემაში რუსი, ჩინელი, დუბაელი თუ ნებისმიერი სხვა ოლიგარქისაგან - ყველასგან, ვისაც კი უნდა ჩადოს ფული პარიზში, ლონდონში, თუ კურშეველში. ვფიქრობ მთელ მსოფლიოში ეს კარგად ესმით და ამიტომაა, რომ დასავლეთს უჭირს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნდობის მოპოვება...პუტინის რეჟიმი ძალიან ღრმად არის ჩაშენებული დასავლეთის სამართლებრივ და ფინანსურ სისტემაში. რუსეთის წინააღმდეგ რადიკალური სანქციების შემოღება დარტყმას მიაყენებს არა მარტო რუსეთის ელიტას, არამედ დასავლურ სისტემასაც, რომლის მეშვეობით ერთად ხეირობდნენ რუსი და დასავლეთელი ოლიგარქები“.

საზოგადოებრივი აზრისა და მასმედიის ზემოქმედების შედეგად დასავლეთის ელიტები თანდათან თმობენ პოზიციებს: კანცლერმა შოლცმა საკუთარი პოზიცია სულ 3-4 დღეში შეცვალა - ბერლინში და გერმანიის სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი დემონსტრაციების შემდეგ, შოლცმა ჯერ გამოაცხადა, რომ ნებას აძლევს სხვა ქვეყნებს მიაწოდოს რუსეთს გერმანული წარმოების იარაღი, შემდეგ კი თქვა, რომ გერმანია თვითონ მიაწვდის იარაღს უკრაინას.

ცნობილი მეცნიერები ფილიპ ზელიკოვი, მაიკლ მანდელბაუმი და სხვები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში არსებულმა ელიტურმა კორუფციამ ბოლო დროს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა და, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, სახელმწიფო სტრატეგიის ინსტრუმენტად იქცა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ, პირველ რიგში ჩინეთმა და რუსეთმა, აქცია კორუფცია იარაღად გლობალურ არენაზე. ზოგიერთი ქვეყანა ამას ადრეც ახერხებდა, მაგრამ ჩინეთმა და რუსეთმა ამ მხრივ მიაღწიეს არანახულ მასშტაბს და წარმატებას. 

ამ მოვლენამ გამოიწვია არსებითი ცვლილება საერთაშორისო პოლიტიკაში. ადრე მეტოქეობა სახელმწიფოებს შორის ჩვეულებრივად უკავშირდებოდა იდეოლოგიას, გავლენის სფეროებს და ეროვნულ ინტერესებს, ხოლო კორუფციის გამოყენება მიზნების მისაღწევად წარმოადგენდა მხოლოდ ერთერთ ტაქტიკას. ახლა კი კორუფციული გარიგებები სახელმწიფო სტრატეგიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა და მისი მეშვეობით ავტორიტარული რეჟიმები აღწევენ სასურველ პოლიტიკურ შედეგებს დემოკრატიულ ქვეყნებში. კორუფციის ეს ფორმა ასიმეტრიაზეა დაფუძნებული. ნებისმიერ მთავრობას შეუძლია დაიქირავოს ფარული აგენტები ან მოისყიდოს სახელმწიფო მოხელეები სხვა ქვეყანაში, მაგრამ დემოკრატიული ქვეყნები, რომლებშიც საზოგადოება უფრო ღიაა და თავისუფალი, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმების ქვეყნებში, განსაკუთრებით დაუცველები არიან და მათი არადემოკრატიული მეტოქეები კარგად იყენებენ ამ სისუსტეს.

პუტინის რეჟიმის მარცხმა შეიძლება ამ სფეროშიც სასიკეთო ცვლილებები გამოიწვიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×