მერიას ირაკლი ჩარკვიანის მემორიალის ვაკის ან „თბილისის ცენტრალურ პარკში“ გადატანას ურჩევენ
რეზონანსი
25.09.2022

რა დროს „მეფე“ მისი მემორიალიაო, იკითხავს მავანი, როდესაც „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსპეტივა მოგვანიჭეს“, ხოლო თბილისის მერია, როგორც ჩანს, ევროპულ კავშირში სრული ინტერგაციის დაჩქარების მიზნით, უკვე თამარ მეფისა და ქეთევან დედოფლის გამზირებზე აწყობს „ბასლაინებს“და „პარკინგებს“... თუმცა, იმედი მაქვს, დამეთანხმება, რომ ყველა ის პრობლემა, რომლის მოგვარება ევროკომისიის 12 პუნქტიანი „საშინაო დავალებით“ დაგვევალა, რევოლუციებში „გამარჯვებული ხალხის“ გაუნათლებლობის, პირველ რიგში კი, დაბალი სამართლებრივი კულტურის გამო დაგვიგროვდა. 

არადა, ევროპაში განსწავლულმა ილია ჭავჭავაძემ „ცხოვრება და კანონში“, ჯერ კიდევ, რეალური მეფეების ზეობის ხანაში გაგვაფრთხილა, რომ „სამართალი და განათლების საქმე ისეთი უაღრესნი არსებითნი საჭიროებანი არიან სახელმწიფო კეთილდღეობისათვის, რომ აქ ფულის გაფრთხილება, ფულის დაზოგვა, ხარჯვის შიში, მეტად მავნებელი რამ არის როგორც საზოგადოებისათვის, ისე სახელმწიფოსათვის“. 

საქართველოში სახელმწიფო მმართველობის, მართლმსაჯულებისა თუ განათლების სფეროებში სადღეისოდ არსებული ვითარება, აგრეთვე ქვეყნის ევროპულ სამართლებრივ და საგანმანათლებლო სივრცეში გონივრული ინტეგრაცია, ცალკე მსჯელობის თემაა. ამჯერად, მშობლიური (სახელმწიფო) ენისა და თანამედროევ მუსიკის „სრული ინტეგრაციის“ ერთ „ნაციონალურ თავისებურებას“ მინდა შევეხო... 

მიმაჩნია, რომ უდავოდ ყოველმხრივ გამორჩეული პიროვნების, უნიჭიერესი და პოპულარული მუსიკოსის, პოეტისა და მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის მემორიალის დედაენის ბაღში, თან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმდებარედ განთავსება აშკარად შეცდომა იყო, ვინაიდან „მეფემ“ საზოგადოებას არც სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობით დაამახსოვრა თავი და არც საჯარო სამსახურში მოღვაწეობით. ამასთან, თსუ-ის დასავლეთ ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, ხოლო პირველი სიმღერა (სოლო ჩანაწერი) და პირველი ალბომიც ინგლისურ ენაზე დაასათაურა და 1993 წელს გერმანიაში გამოსცა... ფაქტია ისიც, რომ მემორიალის გარშემო განლაგებულ სკამებში დამონტაჟებული სისტემა, რომლითაც ირალი ჩარკვიანის სიმღერები 24 საათის განმვლობაში უნდა გაჟღებულიყო (როგორც ეს „მუსიკოსების პარკშია’), დიდი ხანია რაც მოშლილია... 

აქედან გამომდინარე, გაცილებით გონივრული იქნებოდა „მეფის“ მემორიალი გადგვეტანა უფრო შესაფერის, ისეთ ადგილზე, რომლის სიახლოვეს საკონცერტო დარბაზი თუ არ იქნებოდა, ღია სივრცეში პოეტებთან და მუსიკოსებთან შეხვედრების, ახალგაზრდა მომღერლების კონცერტების ან „ოფენ ეარის“ მსგავსი მუსიკალური ფესტივალების გამართვა მაინც იქნებოდა შესაძლებელი.

ჩემი აზრით ირაკლი ჩარკვიანის მემორიალისთვის უფრო შესაფერისი ადგილი „თბილისის ცენტრალურ პარკში“ შეიძლება მოიძებნოს, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზრე უნდა გაშენდეს, თუმცა, შესაბამისი სივრცე დედაქალაქში არსებულ პარკებშიც (ვაკის, ვერის, მთაწმინდის, „მზიური“ ) შეიძლება შეირჩეს. მემორიალის განთავსება თბილისის ზღვის, აგრეთვე ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიაზეც შეიძლება. 

ვინაიდან „ბლექ სი არენასთან“ საყოველთაოდ აღიარებული „მუსიკოსების პარკი“ მოეწყო, რომელსაც დამთვალიერებელი არასდროს აკლია, კარგი იქნება, თუ თბილისში, მხოლოდ ერთი ქართველი მუსიკოსის, ირაკლი ჩარკვიანის პარკისთვის მაინც შეირჩევა ტერიტორია (ცხადია, „მეფეს“ რომ ეკადრება ისეთი...), რომელიც კონკურსში გამარჯვებული პროექტით მოეწყობოდა (თუნდაც, დიღომში ან ორთაჭალაში), ხოლო ცენტრალურ ადგილს ირაკლი ჩარკვიანის მემორიალი დაიკავებდა. დარწმუნებული ვარ, „მეფის პარკი“ ახალგაზრდების თავშეყრის პოპულარულ ადგილად იქცეოდა, დედაქალაქის ნებისმიერ უბანს დაამშვენებდა (გაახალისებდა) და ვიზიტორებისთვისაც საინტერესოს გახდიდა. 

ცხადია, მემორიალის სხვაგან გადატანის თაობაზე საზოგადოების აზრიც საინტერესოა, ხოლო კონკურსი მერიამ ადგილის შესარჩევადაც შეიძლება გამოაცხადოს. ჩემი აზრით კი, მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად სწორედ ირაკლი ჩარკვიანის დამსახურებაა ქართული ენის თანამედეროვე მუსიკასთან ადაპტირება, გოგებაშვილის „დედაენის ბაღში“ საზღვარგარეთიდან „იმპლემენტირებული“ ე. წ. „ინდი ჟანრის“ ან/და ალტერნატიული მუსიკის პოპულარიზატორის მემორიალის განთავსება, გამართლებული არ უნდა იყოს. 

მეც ვთვლი, რომ უნიჭიერესი ავტორების (ვლადიმერ იმერლიშვილი და როკო ირემაშვილი) მიერ შექმნილი ორიგინალური სკულპტურული კომპოზიცია (ირაკლი ჩარკვიანის მემორიალი) ნებისმიერ სკვერს, თუნდაც ევროპაშიც დაამშვენებდა, თუმცა, იმ ადგილისთვის სადაც დღეს არის განთავსებული, აშკარად შეუფერებელია. მით უმეტეს, რომ ადრე არსებული სკვერი და ჩოგბურთის კორტები, ფაქტობრივად, თვითნებურად (მავანის „ხუშტურით“) მოიშალა... ფაქტია, რომ ურბანული ვანდალიზმის შედეგად, ხე-მცენარეების ადგილზე, ამჟამად, „იუსტიციის სახლში“ გლდანიდან და ვარკეთილიდან (ირანიდანაც და რუსეთიდანაც...) ავტომობილებით მოსულებისთვის რკინა-ბეტონის ორდონიანი „პარკინგია“ მოწყობილი, რასაც, რომ მოსწრებოდა, დარწმუნებული ვარ, თვითონ „მეფეც“ აქტიურად გააპროტესტებდა და ახალგაზრდებსაც აიყოლიებდა... 

იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ მემორიალის უფრო შესაფერის ადგილზე (მაგ.,ვაკის ან „ცენტრალურ პარკში“...) გადატანის იდეას ირაკლი ჩარკვიანის ოჯახის წევრებიც, მეგობრებიც და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც დაუჭერენ მხარს, მით უმეტეს, თუ დედაენის ბაღში გამონთავისუფლებულ ფართზე პედაგოგის სიმბოლული (განზოგადებული სახის) ძეგლი ან მემორიალი განთავსდება, რის თაობაზეც მერიაში დიდი ხანია, რაც წინადადებაა წარდგენილი.

ამდენად, გონივრულად მიმაჩნია, თუ თბილის მერიის შესაბამისი სამასახურების მესვეურები ირაკლი ჩარკვიანის მემორიალის დედაენის ბაღიდან გადატანის თაობაზე საზოგადოების აზრითაც დაინტერესდებიან, ხოლო შესაფერისი ადგილის შესარჩევად კონკურსს გამოაცხადებენ, რაც დარწმუნებული ვარ, მათ ავტორიტეტზეც დადებითად აისახება.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×