საბჭო დასაშლელია, ხოლო ყველა მისი გადაწყვეტილება _ გასაუქმებელი
რეზონანსი
08.03.2021

ბრეჟნევის დროინდელ „ძირითად კანონში“ შეტანილი პირველივე ცვლილებით ვამცნეთ მსოფლიოს, რომ „საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა“... აღნიშნული ფორმულირება შევარდნაძის დროს მიღებული „უზენესი კანონის“ კობახიძისეულ რედაქციაში აღდგა, რითაც სამომავლო მიზანი ისევ რეალობად წარმოვაჩინეთ. არადა, ხელისუფლებათა რეალური დანაწილება, მართლაც,  ჯერ კიდევ 30 წლის წინ უნდა დაგვეწყო, ვინაიდან ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. სწორედ ტოტალიტარიზმისგან განთავისუფლებული საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში რეალური რეფორმის განსახორციელებლად (პირველ რიგში, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად) შეიქმნა კონსტიტუციური ორგანოც  – იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი, მასაც „უზენაესი“ არ დავარქვით...). 

მიუხედავად ამისა, „სტრატეგიული პარტნიორებიც“ და „ევროპელი მეგობრებიც“ უკვე ღიად მიგვანიშნებენ დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობაზე. ფაქტია, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესება გააპროტესტა, ხოლო ყოფილმა ვიცე-სპიკერმა (ჩუგოშვილი) დეპუტატებს იუს–დან ხუთივე არამოსამართლე წევრის გამოწვევა შესთავაზა, რითაც, ფაქტობრივად, აღიარა მათი არჩევისას დაშვებული შეცდომები. ამასთან, იუს-ს მოსამართლე წევრმაც (შენგელია),  ფაქტობრივად, დაადასტურა კულუარული გარიგების არსებობა, როდესაც სხდომაზევე განაცხადა, ჯანეზაშვილი იუს–ში მოხვედრას მიხეილ ჩინჩალაძე სუნდა უმადლოდესო... რამოდენიმე დღის წინ კი ლევან კობერიძემაც განაცხადა, რომ „სასამართლო რეფორმა იუს-ს დაშლით უნდა დაიწყოს...“

გამოდის, რომ ქართველი პოლიტიკოსები დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, როდესაც თანამდებობას ან/და მმართველ პარტიას ტოვებენ. არადა, წლებია, ვცდილობ საზოგადოების ყურადღება იუს-ს არალეგიტიმურობასა და მის „გადაწყვეილებაუუნარობას“ მივაპყრო: 

2017 წლის იანვრის ბოლოს პარლამენტის წინააღმდეგ სასამართლოში პირველი სარჩელი შევიდა, ივნისში კი მას კიდევ ორი შეემატა, რომლებითაც იუს–ს 5 არამოსამართლე წევრის გამწესების პროცედურების უკანონოდ ცნობა იყო მოთხოვნილი (ფაქტობრივად, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მესვეურების მიერ წინასწარ შერჩეული პირები კონკურსის გარეშე გამწესდნენ თანამდებობებზე). გასაგები მიზეზების გამო, პარლამენტის უფლებამოსილების 4 – წლიანი ვადა ისე ამოიწურა და გადაწყვეტილება უუნარო იუს-ს მიერ შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები ისე გამწესდნენ „უზენაეს სასამართლოში“ (სხვათა შორის, კომუნისტების დროს „უმაღლესი“ ერქვა...), რომ სასამართლოში 4 წლის წინ შესულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღემდე არ არის გამოტანილი... (2019 წლის სექტემბრიდან უკვე საკასაციო საჩივარია „თაროზე შემოდებული“...).

2019 წლის 16 ივლისს კი სასამართლოში უშუალოდ იუს-ს წინააღმდეგ შევიდა სარჩელი, რომლითაც უზენაესი  სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცედურის (კონკურსის) შეჩერება იქნა მოთხოვნილი.  ვინაიდან სასამართლომ არც ამ შემთხვევაში დააკმაყოფილა შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ხოლო იუს-ში მიმდინარე კონკურსიც დასრულდა და სადავო ლეგიტიმაციის არამოსამართლე წევრების მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა მოსამართლეებად გაამწესა, გარემოების შეცვლის გამო, სარჩელი დაზუსტდა და იუს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაც იქნა მოთხოვნილი. დღემდე საქმის მოსამზადებელი სხდომაც კი არ ჩანიშნულა...

მართალია, არავის გაუსაჩივრებია, ფაქტია, რომ 2020 წლის 22 ივნისს იუს-ს არამოსამართლე წევრი პრეზიდენტმაც კანონის მოთხოვნის აშკარა ხელყოფით დანიშნა... (თსუ–ის აკადემიური საბჭოს ნაცვლად კანდიდატი სხვა უნივერსიტეტის რექტორმა წარადგინა...). ამდენად, იუს-ს 6 არამოსამართლე წევრიდან, ფაქტობრივად, არავინ არის ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კანონის დაცვით გამწესებული. შესაბამისად, „სამართლებრივ სახელმწიფოში“ იუს-ს ყველა გადაწყვეტილება გაუქმდებოდა, პარლამენტს შანსი მიეცემოდა იუს-ს არამოსამრთლე წევრებად „სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები“ შეერჩია (როგორც ამას კანონი ითხოვს...), ხოლო უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეებად „რაც შეიძლება ასაკოვანი, დამოუკიდებელი და გამოცდილი“ იურისტები გაემწესებინა, როგორც ეს ე.წ. ვენეციის კომისიამ ურჩია.

მეც მივიჩნევ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ქართულ სახელმწიფოებრიობას იმ შემთხვევაში შეექმნება, თუ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება კვლავ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ მართული დარჩება, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯერ კიდევ სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვისას შენიშნა და გადაწყვეტილებაშიც კი ვერ დამალა გაოგნება თუ გაოცება დეპუტატებისა და მოსამართლეების „კოორდინირებული მოქმედების“ გამო... ამითვე აიხსნება, თუ რატომ ყოფნით მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტში წარსადგენად იუს-ს წევრთა მხოლოდ 2/3–ის მხარდაჭერა (სასურველ გადაწყვეტილებებს „კლანი“ მისი ინტერესების დამცველი არამოსამართლე წევრების დახმარებითაც იოლად იღებს ...), ხოლო „უზენაეს“ თანამდებობაზე გასამწესებლად პარლამენტის „უბრალო უმრავლესობა“... (ოპოზიციიდანაც უმრავლესობა მინც უნდა უჭერდეს მხარს). 

სამწუხაროა, რომ არც სახალხო დამცველს, არც ადგილობრივ არასამთავრობო და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ ფაქტზე, რომ იუს-მ მოსამართლეობის კანდიდატები ისე შეარჩია, თავად საბჭოს არამოსამართლე წევრების თანამდებობაზე გამწესების კანონიერება იყო სადავო... არადა, 2017 წელს ფორმალურად ჩატარებული „კონკურსები“ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, თუ მასობრივ საპროტესტო აქციებს არა, სამოქალაქო სექტორის „შეშფოთებასა“ და„გაერთიანებული ოპოზიციის“ სამართლიან „აღშფოთებას“ მაინც გამოიწვევდა... დარწმუნებული ვარ, კანონმდებლებს და მოსამართლეებს არც დამოუკიდებელი მედია („მეოთხე ხელისუფლება“) შეარჩენდა კულუარულ გარიგებებს.

თუ კენჭისყრაში მონაწილე დეპუტატები მაინც არ მოიხდიან ბოდიშს იუს-ს არამოსამართლე წევრების გამწესებისას დაშვებული „ტექნიკური შეცდომებისთვის“, იმედი მაქვს, იმაში მაინც დამეთანხმებიან, რომ სამართლიანი კონკურსების ჩატარების გარეშე ამერიკელი მეგობრებიც უარს გვეტყვიან თანადგომაზე და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს…

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, დამოუკიდებლობააღდგენილ ჩვენს „სამართლებრივ სახელმწიფოში“ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ჯერჯერობით, კომუნისტების დროინდელივით, ისევ ერთი „პოლიტბიუროდან“ იმართება... ამასთან, თუ ზემოაღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას არავითარი რეაგირება არ მოჰყვა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელისუფლებაც (ამ შემთხვევაში, მისი სამივე „შტო“...), „გაერთიანებული ოპოზიციაც“, „რეიტინგული“ ტელევიზიებიც და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც მართლაც „ერთი გუნდია“... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )