„მზად ვარ, ჩამოვიდე და უფასოდ დავეხმარო საქართველოს“ - აცხადებს ცნობილი ბელგიელი ეკომონისტი
მოსაზრება
08.03.2021

ბრუნო ბერნანდი, პროფესორი, საერთაშორისო ვაჭრობის პალატისა და ევროკომისიის ექსპერტი

1921 წელს ლიდერებისა და ინტელიგენციის დიდი ნაწილი იძულებული იყო, დაეტოვებინა საქართველო და ქვეყანას თითქმის მთელი საუკუნე დასჭირდა, რომ კვლავ მოეპოვებინა რეალური თავისუფლება. მაგრამ დღეს ქართველებს თვალზე თითქოს ბინდი აქვთ გადაკრული ან დაავიწყდათ წარსული, შესაბამისად,  ვერ აღიქვამენ რეალობას და იმავე შეცდომებს უშვებენ.

განათლებული  ექიმები, ინჟინრები, აიტი სპეციალისტები, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდები ქვეყნის დატოვებას ესწრაფვიან, სამსახურის ათასობით მაძიებელი ლამობს საქართველოდან გაქცევას და სამსახურს საზღვარგარეთ ეძებს. ეს რეალურ საფრთხეს  უქმნის  ქვეყანას, რომელიც სულ მალე შეიძლება, განუვითარებელ სახელმწიფოთა სიას შეემატოს.

მიმდინარე პროცესს გააჩნია სოციალური განზომილებაც, ემიგრაციის გამო ინგრევა ოჯახები, წყდება კავშირები, ირღვევა სოლიდარობა ახალგაზრდებსა და პენსიონერებს, უმწეო მოხუცებს შორის. თუ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდება, ამომრჩეველი პოპულისტი პოლიტიკოსების ამარა დარჩება, როგორც ეს ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოშია.

გთხოვთ, გადით ქუჩებში და შეიგრძენით ეკონომიკური  ქაოსი, დემოკრატიული ქაოსი და შენიშნეთ ათასობით თანამემამულე, რომლებიც საზღვარგარეთ გაქცევას ცდილობენ. თუ მეწარმეები და კვალიფიციური მენეჯერები დატოვებენ ქვეყანას, ეს იქნება გამოუსწორებელი კატასტროფა.

დაუსვით კითხვა თქვენს თავს, რა ბედი შეიძლება ეწიოს  4 მილიონ მოსახლეობას, რომლეთა მშობლიური ენა ქართულია და მთელ მსოფლიოში  გამორჩეული დამწერლობა გააჩნიათ. როგორ შეიძლება, შეეწინააღმდეგოთ მეზობლებს „დაცარიელებული“ და „შეუმდგარი“ ქვეყნის ამარა.

იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 11.5 პროცენტით შემცირდა. ეს ტრაგედიაა!

მე, საქათველოს მცოდნე და გულშემატკივარი, არ ვაპირებ სტატისტიკის დეტალებზე ყურადღების გამახვილებას ან გრძელი ანალიტიკური ნაშრომების შემოთავაზებას, მაგრამ მინდა ხელისუფლებას ვურჩიო, შეცვალოს საქმიანობის ფოკუსი და მიზნად ტურიზმისა და ექსპორტის სწრაფი აღდგენა დაისახოს, ხოლო პოლიტიკოსებმა თავი დაანებონ  მხოლოდ პრობლემებისა და პროვოკაციების მოწყობას.

სასწრაფოდ ორგანიზებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ექსპორტსა და ტურიზმის სწრაფ აღდგენაზე და მზად იქნება, იბრძოლოს პოსტკოვიდურ ერაში მსოფლიო ეკონომიკაში წილის გაზრდისათვის.

თქვენ უარი თქვით კომუნისტურ წარსულზე და მოინდომეთ, გამხდარიყავით ლიბერალური მსოფლიოს ნაწილი, მაგრამ თქვენი ეკონომიკის ლიდერები მზად არ აღმოჩნდნენ  ველური კაპიტალიზმის სტიქიისთვის, ისე, როგორც ეს მოხდა სლოვაკეთში, ჩეხეთში ან სლოვენიაში.

საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, მაგრამ ვერ ვხედავთ ვერც ინვესტიციების ზრდას და ვერც ინდუსტრიული პოტენციალის ზრდას.

თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მთლიანი შიდა პროდუქტის სწრაფი ზრდა.  ექსპორტიდა და ტურიზმის ზრდა თითოეული ქართველის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

კოვიდის კატასტროფამ ქვეყანას ძლიერი დარტყმა მიაყენა, მაგრამ შემდეგი 12 თვე იქნება გადამწყვეტი, მე ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს 1918 და 1991 წლებში, თავისუფლების მოპოვების წლებში იყო.

თქვენ გჭირდებათ ენერგიული, ახალგაზრდა მეწარმეები, რათა გადალახოთ საზღვრები და იპოვოთ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის ისეთ დარგებში, როგორებიცაა ბოსტნეულის, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს წარმოება, ონლაინ-ბიზნესები, საშუალო ზომის წარმოებები და 21-ე საუკუნის მოთხოვნის შესაბამისი თანამედროვე ტურიზმი.

რამდენიმე წლის წინ მე მქომდა იგივე ინიციატივა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში გავაჟღერე, 2 კვირის წინ იმავე თემაზე ვისაუბრე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში.

საჯარო ლექციის თემები იყო ორგანული წარმოება (სუნელები, ღვინო, ალკოჰოლი, ბოსტნეული, თევზეული, ხილის გადამუშავება) და მათი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკრაინასა და სომხეთს დიდი წარმატებები აქვთ ამ კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს შესახებ.

რაც შეეხება ტურიზმს, კოვიდის შემდეგ ქვეყანას შეუძლია, მოიზიდოს ახალი ტურისტები. ამ მიმართულებით ყურადღება უნდა გამახვილდეს, მათ შორის, სამთო ტურიზმზე, მცირე კულტურულ და გასტრონომიულ ტურებზე, ვეგანულ ტურიზმზე, ასევე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს მასობრივი ტურიზმი ბათუმში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. თურქეთში არასახარბიელო პოლიტიკური ცვლილებების ფონზე შეიძლება  ინგლისელი, გერმანელი ან ფრანგი ტურისტების გადმობირება.

რეკლამირებისათვის მნიშვნელოვანია, აქცენტი გაკეთდეს ინტერნეტსა და ინფლუენსერზე და არა - ბროზურებსა და ტრადიციულ მედიაზე.

რაც შეეხება მრეწველობას, უფრო სარფიანი იქნება პარტნიორებისათვის საშუალო ხარისხის პროფუქციის შეთავაზება, სადაც ბაზარი უკვე გაჯერებულია მაღალხარისხოვანი ევროპული და დაბალი ხარისხის მქონე ჩინური ნაწარმით.

ყურადღება უნდა მიექცეს ადრე საბჭოთა ბლოკის გავლენის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებთან ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას, რადგან მათ გააჩნიათ ისტორიული მეხსიერება და კეთილგანწყობა თქვენ მიმართ.

აღსანიშნავია, შედარებით პატარა ქვეყნების მოთხოვნები იგნორირებულია დიდი საერთაშორისო კომპანიებისა და კორპორაციების მიერ, ამიტომ ქართველებს მეტი შანსი აქვთ, წარმატებას მიაღწიონ ასეთ ქვეყნებთან თანამშრომლობაში.

შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ ამ და სხვა რჩევების მოცემა ადვილია ბელგიიდან. ამიტომ, რათა დავეხმარო საქართველოს, მოწვევის შემთხვევაში მე მზად ვარ, ერთი კვირით ჩამოვიდე საქართველოში და  უსასყიდლოდ დაგეხმაროთ და კონსულტაცია გავუწიო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. 

დამიჯერეთ, დემონსტრაციებით ვერ გადაჭრით თქვენი ქვეყნის პრობლემებს, ქართველი ხალხის ნდობაზე დაფუძნებული სტრუქტურულად დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა არის წარმატებული მომავლის გასაღები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )