თამთა ჩაჩანიძე
09.07.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულები რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არიან, სასამართლო სხდომები კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესი უკვე კვირაში 2-ჯერ იმართება. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, ხოლო ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებენ და ბრალს არ აღიარებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა და საერთაშორისო პარტნიორებმა არაერთი რეზოლუცია მიიღეს და განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, მმართველი გუნდი ამ მოთხოვნებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესში პოლიტიკური ჩარევა დაუშვებელია.

პროცესები კვლავ სამშაბათს და ხუთშაბათს ტარდება, საქმეზე ბრალდებულნი არიან - მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკანორ მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე.

აქედან სამი პოლიტიკოსი - სააკაშვილი, მელია და ხოშტარია სხვადასხვა საქმეზე იხდიან სასჯელს, რაც შეეხება დანარჩენებს, ისინიც იმყოფებოდნენ საპატიმროში თეა წულუკიანის პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო.

გასამართლების პროცესი პროსახელისუფლებო ჯგუფ "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რომელიც პროკურატურაში 2025 წლის 20 იანვარს შეიტანეს. გამოძიება 2025 წლის თებერვალში დაიწყო, 6 ნოემბერს კი გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა გადაწყვეტილება - ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გასამართლების ახალი ეტაპის შესახებ.

პოლიტიკოსები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მათი შეფასებით, "ყველა ის ადამიანი, ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო "ოცნებას", აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ".

მმართველ გუნდსა და სამართალდამცავ უწყებებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა მიზანმიმართული ქმედებებით ჩაიდინეს დანაშაული. მათი პოზიციით, ბრალდებულების მიზანი იყო ქვეყანაში სახელმწიფო წყობილების ძალადობით შეცვლა, დესტაბილიზაციის გამოწვევა და მტრულ საქმიანობაში ჩართვა.

ვის რა მუხლი აქვს წაყენებული

გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

რას ამბობს საქმის პროკურორი

საქმის პროკურორის ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ხუთშაბათის პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა, რომელთაგან ორი გამომძიებელი იყო. მისივე თქმით, მათ ისაუბრეს საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და უშუალოდ, ბრალდებულთა ქმედებებზე.

„გამომძიებლებმა გვითხრეს გიორგი ვაშაძის და ზურა-გირჩი ჯაფარიძის მოქმედებების შესახებ, თუ როგორ მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ. ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი.

ეს ექსპერტიზა ჩატარდა საქმეში არსებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც ელენე ხოშტარია და ზურა-გირჩი ჯაფარიძე საუბრობენ იმ შეთანხმების შესახებ, რაც მათ გააჩნდათ - გაევრცელებინათ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რაც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო.

  • პროკურორი: ექსპერტიზა ჩატარდა საქმეში არსებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც ელენე ხოშტარია და ზურა-გირჩი ჯაფარიძე საუბრობენ იმ შეთანხმების შესახებ, რაც მათ გააჩნდათ - განზრახ გაევრცელებინათ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ირანული დრონები.

დღევანდელ სხდომაზე ექსპერტმა დაადასტურა ის, რომ ჩანაწერში ხმა, რომელიც ისმის, ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ პირებს. ფარული აუდიოჩანაწერი და მასში ასახული ინფორმაცია შეეხება შემდეგ გარემოებას, რომ მათ განზრახ უნდა გაავრცელონ მცდარი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ირანული დრონების შესახებ ინფორმაცია და ისეთი ტიპის გარემოებები, რომლებიც შემდგომში დადასტურდა, რომ მათი მხრიდან გავრცელებული იყო. ეს ფაქტია და ცალსახაა, რომ არის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება", - აცხადებს ანი ხუბეჯაშვილი.

რას აცხადებენ ბრალდებულები

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვისას, სასამართლოში ერთმა პოლიციელმა მას და გიორგი ვაშაძეს "დაადო ხელი" მეორე პოლიციელმა "სხვებს დაადო", რომ თითქოს„ჟეშტიკულაციით" სიტყვიერად მოუწოდებდნენ ხალხს, ხალხს, რომ „მივაწვეთ და დაიღლებიან"-ო. ამასთან, ზურა ჯაფარიძის განმარტებით, აუდიო ჩანაწერს, რომლის შესახებაც დღეს მოწმემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე, სადავოდ ისედაც არ ხდიდა.

"ჩემი ხმა არის, თქვენი ეთერებიდან არის ჩანაწერები. არანაირი ფარული მიყურადება არ არის, 2022 წელს, „დედაენის" ბაღში ჩაწერილია სამას კაცს ველაპარაკები, რა ფარული მიყურადება, არაფერი ფარული იქ არ იყო და დგამენ, ვითომ ფარული იყო. მოწმედ პოლიციელები მოვიდნენ, ერთმა მე და გიორგი ვაშაძეს დაგვადო ხელი, მეორემ სხვებს დაადო, რომ ვითომ „ჟეშტიკულაციით", ასე წერია ჩვენებაში, „ჟეშტიკულაციით"და სიტყვიერად მოვუწოდებდით ხალხს, რომ მივაწვეთ და დაიღლებიან.

"როცა ვეკითხებით, ეს რომელ დღეს ხდებოდა, გვპასუხობენ, რომ არ ახსოვთ, რომელ საათზე ხდებოდა - არ ახსოვთ, რა მეცვა - არ ახსოვთ. რაღაც ხომ უნდა იყოს და ხომ შეიძლება თქვა, რომ აი, ამ დღეს, ამ საათზე ხდებოდა ეს, აგერ არის 17 ჩანაწერი სხვადასხვა რაკურსით გადაღებული და ვნახოთ, გიორგი ვაშაძე და ზურა ჯაფარიძე, რამე „ჟეშტიკულაციას" აკეთებს თუ არა, მაგრამ არაფერი არ ახსოვს. მარტო ახსოვს ის, რომ სადღაც, ოდესღაც გაურკვევლობაში დაგვინახეს და ჩვენ ვეუბნებოდით „მივაწვეთ". - აცხადებს ზურა ჯაფარიძემ.

  • ბადრი ჯაფარიძე: არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ჟესტიკულაციის გამო, იმდინარეობდეს პოლიტიკური ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა.

"იმ ბრალდებისთვის, რომელიც წაყენებული გვაქვს, არანაირი ფაქტობრივი მტკიცება არ არსებობს - გარდა იმისა, რომ ეს საქმე თავისი აბსურდულობით არის მართლა უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, სხვა კვალიფიკაცია არ შეიძლება ამ პროცესს მიეცეს", - განაცხადა „ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სხდომა გაიმართა. მისივე თქმით, არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ჟესტიკულაციის გამო, იმდინარეობდეს პოლიტიკური ლიდერების სისხლის სამართლებრივი დევნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×