თამთა ჩაჩანიძე
09.07.2026

„ნაციონალურ მოძრაობაში" დაანონსებული ცვლილებების ფონზე, "ოპოზიციურ ალიანსში" გაურკვევლობა იზრდება. თუ პარტია მართლაც დატოვებს გაერთიანებას, დღის წესრიგში დადგება მთავარი კითხვა - რა პერსპექტივა ექნება ალიანსს, სადაც შედარებით მაღალი რეიტინგის მქონე ძალად მხოლოდ „ახლები" რჩებიან. თავად ალიანსის წარმომადგენლები უკვე აცხადებენ, რომ გაერთიანება „დაპაუზებულია", არ გამორიცხავენ მის დაშლას და საუბრობენ კოორდინაციის სხვა ფორმებზე.

ალიანსიდან ენმ-ს შესაძლო გასვლა არა მხოლოდ ერთობის შიდა ბალანსს ცვლის, არამედ დამატებით აჩენს კითხვებს რამდენად შეძლებს "კოლაიცია ცვლილებებისთვის", რომელმაც 2024 წლის არჩევნებში 10.9% აიღო, გახდეს საყრდენი სხვა ნაკლებადრეიტინგული პარტიებისთვის და ალიანსი გადარჩეს.

2026 წლის 2 მარტს ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი მოაწერა კოორდინაციის დოკუმენტს და შექმნა „ოპოზიციის ალიანსი". პარტიები შეთანხმდნენ ერთობლივ სტრატეგიაზე, ურთიერთთანამშრომლობის წესებზე და სამოქმედო გეგმაზე. ოპოზიციურ ერთობაში ფიქრობენ, რომ აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ სრულდება ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი თავდაუსხმელობაა, რაც გულისხმობს, რომ ალიანსის ყველა წევრი ინარჩუნებს საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდება საერთო სტრატეგიაზე და გამორიცხავს შიდა დაპირისპირებასა და ერთმანეთზე თავდასხმებს. ანალიტიკოსთა შეფასებითაც, შესაძლოა ეს გახდეს ალიანსის დაშლის მთავარი მიზეზი.

რა პერსპექტივა აქვს ალიანსს ენმ-ს გარეშე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ალიანსს "ნაცმოძრაობითაც" არ ჰქონდა დიდი პერსპექტივა და ახლა მითუმეტეს.

"როცა ენმ-დან გამოსული პარტიების ერთობა იქმნება, იქ ბუნებრივია სააკაშვილი მოინდომებს, რომ მთავარი ფიგურა თვითონ იყოს, ან მის პირობებს უნდა დათანხმდნენ, ან ცალკე უნდა იყვნენ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ასე იქნებოდა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • დავით ზურაბიშვილი: "ბუნებრივია სააკაშვილი მოინდომებს, რომ მთავარი ფიგურა თვითონ იყოს, ან მის პირობებს უნდა დათანხმდნენ, ან ცალკე უნდა იყვნენ, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ასე იქნებოდა"

კითხვაზე, თუ ენმ ალიანსიდან გამოვიდა, რა პერსპექტივა ექნება ალიანსს, ზურაბიშვილი პასუხოვს: "არც მანამდე ჰქონდა დიდი პერსპექტივა და არც ასე ექნება. ეს ის ერთობაა, სადაც სხვადასხვა გრადაციაა, მაგრამ არსებითად ეს ერთი იდეოლოგიის, ერთი წარსულის და ერთი ხედვის ხალხია, რომელიც ასევე ასეთ კონტინგენტს მოიცავს და ეს არ არის საკმარისი ხელისუფლების შეცვლისთვის. მითუმეტეს, რომ ამ ხალხის და ამ პარტიების იდეოლოგია არის საკმაოდ კონფრონტაციული მათთან, ვინც 2011-12 წელს "ოცნების" მხარეს იყო. ანუ მათი მესიჯი არის, რომ თქვენ მაშინ შეცდით, ახლა თუ მოინანიებთ და ბოდიშებს მოიხდით, ნუ შეიძლება გაპატიოთ. ასეთი მიდგომით ვერანაირი სერიოზული ერთიანობა ვერ შედგება, გამორიცხულია".

კითხვაზე, შეძლებს თუ არა სიმყარე შეინარჩუნოს ალიანსმა მხოლოდ ერთი ბარიერგადალახული პარტიით, ზურაბიშვილს ამის თქმა უჭირს: "არ ვიცი ეხლა, ეგ მათზეა დამოკიდებული, ესე იგი, მე გაცილებით უფრო მაინტერესებს პირადად, აი ვინც მაგ კონტინგენტს არ წარმოადგენს, აი იმ ფლანგზე რა ხდება, იმ ოპოზიციურად განწყობილთა ფლანგზე, თორემ მაგეთ ფლანგზე, ნუ გასაგებია, ზიარ ჭურჭლების კანონივითაა - ერთს დააკლდება, მეორეს მოემატება ეს, ეს ხალხი არსად არ წავა, მათი ამომრჩეველი ვინც არის. ანუ ეს ხალხი არ წავა ხელისუფლების მხარეს არცერთ შემთხვევაში და უფრო მეტიც, თუ ვიღაც ახალი მესია არ გამოჩნდა, ანუ ისეთი პიროვნება, ვისაც ჩათვლიან, რომ ის მომშორებელია ბიძინა ივანიშვილის და მომრევი, თუ ასეთი პიროვნება არ გამოჩნდა, ესენი იმოძრავებენ ასე, ზოგი "ახალის" მხარეს იქნება, ზოგი "ნაცმოძრაობის" მხარეს იქნება და ა.შ.".

რას აცხადებენ ალიანსში

"თავისუფლების მოედანის" წევრი თამუნა გამყრელიძე აცხადებს, რომ ურთიერთთავდასხმა ალიანსის ერთობას აზიანებს და პარტიებმა გარკვეული სახის კოორდინაცია უნდა შეძლონ. 

"დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პარტიებმა შეძლონ გარკვეული სახის კოორდინაცია და შეთანხმდნენ გარკვეულ ქცევის წესებზე, ეს შეიძლება მოაქციო ალიანსის ფორმატში და შეიძლება სულ არ არსებობდეს ალიანსი.

"რაც არის გაწერილი ალიანსის წესებში, არ უნდა იყოს პირველ რიგში თავდასხმა, ამას ყოველდღიური ლოგიკა გვკარნახობს, როდესაც საერთო ბრძოლაში ხარ და საერთო მტერი გყავს, უკეთესია, რომ ამ დროს ერთმანეთის წინააღმდეგ თავდასხმა არ იყოს. ამას ხალხის მოთხოვნაც გვკარნახობს, რომ ოპოზიციურ ველზე უნდათ დაინახონ გარკვეული სახის ერთიანობა და ამას გვკარნახობს დასავლეთიც.

  • თამუნა გამყრელიძე: "არ უნდა იყოს პირველ რიგში თავდასხმა, ამას ყოველდღიური ლოგიკა გვკარნახობს, როდესაც საერთო ბრძოლაში ხარ და საერთო მტერი გყავს, უკეთესია, რომ ამ დროს ერთმანეთის წინააღმდეგ თავდასხმა არ იყოს"

"ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს სამართალიც კი ითვალისწინებს გარკვეულ გარემოებებს, როდესაც შეიძლება გარკვეული კანონები შეჩერდეს და ადამიანის უფლებები რაღაც მომენტში შეიზღუდოს იმისათვის, რომ კრიზისული სიტუაცია გადალახო. მე დაახლოებით ამ ჭრილში შევხედავდი, რომ რაღაცა მომენტში ეს შეიძლება და ახლა ვფიქრობ, რომ ეს მომენტი დგას, წარსულზე ლაპარაკი უნდა შეჩერდეს. ახლა ერთადერთი ამოცანაა წინ გავიხედოთ და ამ ქვეყნის მომავალი რაღაცნაირად გადავარჩინოთ.

"სიყალბეში არ უნდა ჩავარდეთ, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ახლა, ამ მომენტში წარსული რელევანტური არაა. ერთადერთი რაც უნდა ვქნათ, ეს პერიოდი რაღაცნაირად უნდა გადავლახოთ და ქვეყანა გადავარჩინოთ",- განაცხადა გამყრელიძემ.   

ჟურნალისტის კითხვაზე, ერთიანობას როგორ ხედავს, ალიანსი არის ის ფორმატი, რომელსაც სხვა პარტიებიც უნდა დაემატოს, თუ დაპატარავების საფრტხის წინაშეა,

"არ ვიცი მოინდომებენ თუ არა აიანსის ფორმატში სხვა პარტიები შემოსვლას, თვითონ "თავისუფლების მოედანი" ახალ პარტიებთან სიახლოვეს გრძნობს, ნამდვილად არ ვიცი ახალი პარტიები ალიანსს შეუერთდებიან თუ არა, შესაძლოა",- განაცხადა თამუნა გამყრელიძემ დიანა ტრაპაიძესთან.

ასევე დიანა ტრაპაიძესთან "კალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, რომ ალიანსი ფაქტიურად დაპაუზებულია.

"ნებისმიერმა პოლიტიკურმა და არაპოლიტიკურმა აქტორმა, ვინც წინააღმდეგობაშია ჩართული, აირჩია თავისი ინდივიდუალური თვითგადარჩენის, თვითდამკვიდრების, თვითწარმოჩენის გზა, რაც აზიანებს საზოგადოებაზე გავლენას.

"თქვენს ეთერში რამდენი დრო დაუთმეთ იმის გარჩევას, "ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიული დემოკრატია, თუ შიდაპარტიული დემოკრატია უნდა არსებობდეს თუ არ უნდა არსებობდეს? ბევრმა ადამიანმა დაუთმო და ბევრი დრო დაიკარგა ამაში. ეს დრო უნდა გამოყენებულიყო ალიანსში ერთობლივ მუშაობაზე. ალიანსის დისკრედიტაცია თავად იმ პარტიებმა დაიწყეს, ვინც ამას ხელი მოაწერეს და შემოვიდნენ ალიანსში. იმიტომ, რომ მიხვდნენ, რომ თამაშგარე არიან, ან არ ესმით „ქვეყანას ვკარგავთ" შინაარსი.

"როგორ შეგიძლია, რომ თქვა, რომ ქვეყანას ვკარგავთ, მომავალს ვკარგავთ და ამის მერე დაიწყო ამ პროცესების არევა, ჩაშლა ან წინააღმდეგობის გაწევა? გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, ალიანსი იქნება ის, სამოქალაქო ჯგუფი, თუ ნებისმიერი აქტორი, ვინც ამ წინააღმდეგობაშია, რომ ერთად როგორ გავაკეთოთ, როგორ დავიცვათ ერთმანეთი, როგორ გავშალოთ წინააღმდეგობა ისე, რომ ხალხი ქუჩაში იმას კი არ ხედავდეს, ვინ ვინ გალანძღა, ვინ რა თქვა, ვინ როგორ ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, არამედ დავარწმუნოთ იმაში, რომ მართლა ვკარგავთ ამ ქვეყანას. და რომ დავკარგავთ, მერე ვეღარავინ ვეღარაფერი იქნება..."-განაცხადა მან.

  • გიორგი ბუტიკაშვილი:" "ალიანსიც დაპაუზებულია, ველოდებით... ყველაფერი პაუზდება იმიტომ, რომ პირად შინაარსებს ვერ გასცდნენ"

ჟურნალისტის კითხვაზე, ალიანსი დაპაუზებულია თუ არა, ბუტიკაშვილმა უთხრა:

"ალიანსიც დაპაუზებულია, ველოდებით... ყველაფერი პაუზდება იმიტომ, რომ პირად შინაარსებს ვერ გასცდნენ საზოგადოების, პოლიტიკური ლიდერების ის ნაწილი, რომლებიც ამბობს, რომ დღეს ქვეყანას ვკარგავთ, ხვალ ამბობენ, რომ თურმე პარტიას კარგავენ, ზეგ ამბობენ, რომ პარტია გადარჩა და დღეს თურმე სხვა ვიღაცებს ვებრძვით... თანმიმდევრულობაა საჭირო ამ ყველაფერში და ამ თანმიმდევრულობას სანამ არ დაინახავს ხალხი, არავინ არ დაუჯერებს არც ალიანსს, არც პოლიტიკურ პარტიას, არც ახლად შექმნილ პარტიებს, რომლებიც იქმნება დღეს და არც არავის. და ამით იგებს ბიძინა ივანიშვილი",- განაცხადა ბუტიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×