
გერმანიაში ეკონომიკური სტაგნაციითა და მიგრაციული კრიზისით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) რეიტინგმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. მიუხედავად მასობრივი დეპორტაციის სკანდალური გეგმისა, ვარაუდობენ, რომ პარტიას სექტემბრის რეგიონულ არჩევნებში დიდი წარმატება ელის. თუმცა არის გარკვეული წინაღობები, რაც მის შესაძლო აკრძალვას გულისხმობს.
რამ განაპირობა მზარდი წარმატება
ამ მზარდი ტრენდის უკან რამდენიმე ძირითადი ფაქტორი დგას: მთავრობისადმი უკმაყოფილება - კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციური მთავრობის რეიტინგი საზოგადოებაში უკიდურესად დაბალია. ეკონომიკური სტაგნაცია, მაღალი ფასები და მმართველი კოალიციის შიდა დაპირისპირებები ბიუჯეტისა თუ რეფორმების გარშემო ამომრჩეველს ალტერნატიული ძალებისკენ უბიძგებს.
ეკონომიკური კრიზისი და ინდუსტრიული დაღმავლობა - გერმანიის უმსხვილეს, ტრადიციულ საწარმოო სექტორს, განსაკუთრებით ავტოინდუსტრიას მძიმე პერიოდი უდგას ენერგორესურსების გაძვირებისა და „მწვანე გარდამავალ გეგმებზე" იძულებითი გადასვლის გამო. AfD აქტიურად იყენებს ამ თემას და ამომრჩეველს „ელიტების მიერ ინდუსტრიის განზრახ განადგურების" ნარატივს სთავაზობს.
პარტიამ შეძლო სერიოზული გავლენის მოპოვება ახალგაზრდა თაობაში. ციფრულ პლატფორმებზე, განსაკუთრებით „ტიკ-ტოკზე" მათმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ახალბედა ამომრჩევლებში მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა.
პარტიას განსაკუთრებით მაღალი, 40%-მდე რეიტინგი აქვს აღმოსავლეთ გერმანიის მიწებზე (მაგალითად, საქსონია-ანჰალტში), სადაც მიმდინარე წელს დაგეგმილ არჩევნებზე არა მარტო პირველი ადგილის, არამედ უმრავლედობის მოპოვების რეალური შანსი აქვს.
- AfD-მ შეძლო სერიოზული გავლენის მოპოვება ახალგაზრდა თაობაში. „ტიკ-ტოკზე" მათმა მიზანმიმართულმა კამპანიებმა ახალბედა ამომრჩევლებში მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა.
ამ პარტიის გარშემო ყველაზე ფეთქებადი სიტუაცია შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტურმა გამოძიებამ პლატფორმა Correctiv-მა გამოააშკარავა პოტსდამში გამართული საიდუმლო შეხვედრა. ამ შეხვედრაზე პარტიის მაღალჩინოსნები ნეონაცისტებთან ერთად განიხილავდნენ ე.წ. „რემიგრაციის" მასტერგეგმას. ეს გეგმა გულისხმობს არა მხოლოდ არალეგალი მიგრანტების, არამედ მილიონობით იმ ადამიანის მასობრივ დეპორტაციას ქვეყნიდან, რომლებსაც უკვე აქვთ გერმანიის მოქალაქეობა, თუმცა „საკმარისად ასიმილირებულები" არ არიან.
ანტიიმგრაციული განწყობების მქონე ამომრჩევლისთვის AfD-ის ეს რადიკალური ხაზი მისაღები აღმოჩნდა. ქვეყანაში კრიმინალის ზრდასა და ეკონომიკურ პრობლემებს ბევრი მიგრაციას უკავშირებს, ამიტომ დეპორტაციის იდეამ პარტიის ბირთვი კიდევ უფრო გააძლიერა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ გეგმის გასაჯაროებას გერმანიის ქალაქებში მილიონზე მეტი ადამიანის ანტიფაშისტური დემონსტრაციები მოჰყვა, AfD-მ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენა, როგორც „ელიტების თავდასხმა მათზე", რამაც პროტესტული ხმები მოუტანა.
აკრძალვის საფრთხე
ოფიციალური საარჩევნო კალენდრით, სექტემბერში სამი მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნები ტარდება: 6 სექტემბერს საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, 13 სექტემბერს ქვემო საქსონიის და 20 სექტემბერს ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის ლანდტაგის (საკანონმდებლო ორგანოს) არჩევნები გაიმართება.
გერმანულმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო თავისუფლებების საზოგადოების" წარმომადგენლებმა 25 ივნისს ბერლინში, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პოლიტიკოსებს „აღარ აქვთ თავის მართლების მიზეზი", თითქოს სასამართლოში პარტიის აკრძალვის შანსი დაბალია. მათ მოუწოდეს ბუნდესტაგს და ფედერალურ მთავრობას, რომ პარტიის ოფიციალურად გასაუქმებლად, დაუყოვნებლივ შეიტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
ორგანიზაციის იურისტებმა, მონაცემთა ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმა 13 თვის განმავლობაში შეისწავლეს 3 მილიონზე მეტი მონაცემი (პარტიის განცხადებები, პროგრამები, შიდა მიმოწერები) და გამოსცეს 1500-გვერდიანი სამართლებრივი დასკვნა.
ორგანიზაციის განცხადებით, პარტია სისტემატურად ესხმის თავს ადამიანის ღირსების პრინციპს. მათი გეგმები მაგალითად, მიგრანტებისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მასობრივი დეპორტაცია ეწინააღმდეგება გერმანიის კონსტიტუციის პირველ მუხლს.
კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს 220-ზე მეტი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ პარტიის მიზანია პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო.
- არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამოქალაქო თავისუფლებების საზოგადოების" მოუწოდეს ბუნდესტაგს და ფედერალურ მთავრობას, რომ AfD-ს ოფიციალურად გასაუქმებლად, დაუყოვნებლივ შეიტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ალტერნატივა გერმანიისთვის" აბსოლუტურად ყველა ძირითადი ტრადიციული პარტია ეწინააღმდეგება. მათ შორის არსებობს მკაცრი შეთანხმება, რომელსაც „სანიტარულ კორდონს" უწოდებენ . ეს ნიშნავს, რომ არცერთი პარტია არ შევა AfD-სთან კოალიციაში და არ დაეხმარება მათ მთავრობის ფორმირებაში.
მიუხედავად საერთო ბოიკოტისა, პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, უნდა აიკრძალოს თუ არა სამართლებრივად: მწვანეები და მემარცხენეები ყველაზე აქტიურად უჭერენ მხარს AfD-ს ოფიციალურ აკრძალვას. მათი განცხადებით, პარტიის რადიკალიზაცია და მასობრივი დეპორტაციის გეგმები პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს პარტია საფრთხეს უქმნის გერმანიის დემოკრატიას და „სამოქალაქო თავისუფლებების საზოგადოების" ბოლო დასკვნის შემდეგ, პროცესი სასამართლოში დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
სოციალ-დემოკრატების შიგნით აზრები გაყოფილია. ბევრი დეპუტატი მხარს უჭერს აკრძალვის იდეას, თუმცა ხელმძღვანელობა მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი უფრო მეტად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ AfD-ს პოლიტიკურად უნდა ებრძოლონ. პარალელურად, ისინი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ და აცხადებენ, რომ თუ ეს პარტია რომელიმე რეგიონში მთავრობას ჩამოაყალიბებს, ფედერალური ცენტრი მათ სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომას შეუზღუდავს.
ქრისტიან-დემოკრატები და ლიბერალები კანცლერ ფრიდრიხ მერცის მეთაურობით, მმართველი კონსერვატორები ამ ეტაპზე წინააღმდეგნი არიან პარტიის სამართლებრივი აკრძალვის. მათი არგუმენტით, AfD-ს ამჟამად ამომრჩეველთა თითქმის 30% უჭერს მხარს. მისი აკრძალვა მილიონობით მოქალაქეს გაუცხოების განცდას გაუჩენს და ქვეყანას უფრო მეტად გახლეჩს. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა (გერმანიაში რისი მაღალი შანსი არსებობს), ეს AfD-ს უდიდეს პოლიტიკურ გამარჯვებას მოუტანს და მათ ლეგიტიმაციას გაზრდის.
კავშირი რუსეთთან
„ალტერნატივა გერმანიისთვის" ძალიან მჭიდრო, სისტემური და სკანდალური კავშირები აქვს რუსეთთან. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები და წამყვანი მედიასაშუალებები პარტიას პირდაპირ მიიჩნევენ კრემლის ინტერესების გამტარებლად გერმანიაში.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ და სპეცსამსახურებმა AfD-ის დეპუტატები დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი პარლამენტის წევრის სტატუსს ბოროტად იყენებდნენ რუსეთისთვის სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად. პარტიის წევრები მთავრობას სისტემატურად უგზავნიდნენ უკიდურესად დეტალურ შეკითხვებს ბუნდესვერის სუსტი წერტილების, კიბერდაცვის, სამხედრო ტრანსპორტირებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ.
პარტიის ლიდერი, ალის ვეიდელი, ღიად აცხადებს, რომ გერმანიამ უნდა გააუქმოს რუსულ გაზსა და ნავთობზე დაწესებული ემბარგო. მისი თქმით, „იაფი რუსული ენერგია გერმანიის ეკონომიკური წარმატების საიდუმლო იყო და ის უნდა დავაბრუნოთ". პარტიის მაღალჩინოსნები მაგალითად, მარკუს ფრონმაიერი რეგულარულად ჩადიან მოსკოვში და ხვდებიან პუტინის წარმომადგენლებს, ხოლო AfD-ის რამდენიმე დეპუტატმა ბერლინში რუსეთის საელჩოში პუტინის დაბადების დღეც კი აღნიშნა.
ჟურნალისტური გამოძიებებით დადგინდა, რომ მისი დეპუტატების თანაშემწეები პირდაპირ კავშირზე იყვნენ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან და კრემლის პროპაგანდისტებთან (მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმირ სოლოვიოვი). რუსეთიდან მიღებული ფინანსებითა და მითითებებით, ისინი გერმანიის სასამართლოებში სარჩელებსაც კი ამზადებდნენ, რათა შეეფერხებინათ გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.
ამასთან, ევროპულმა და გერმანულმა დაზვერვამ გამოავლინა რუსული გავლენის უზარმაზარი ოპერაცია, რომელიც პლატფორმა „Voice of Europe"-ის სახელით მოქმედებდა. მოსკოვი ამ პლატფორმის გავლით ფარულად აფინანსებდა AfD-ის პოლიტიკოსებს, რათა მათ ევროპაში პრორუსული და ანტიუკრაინული ნარატივები გაევრცელებინათ.
პრობლემები გერმანიაში
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორიაში გერმანია ამჟამად ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. ქვეყანა ერთდროულად რამდენიმე სერიოზული კრიზისის წინაშე დგას:
გერმანიის ეკონომიკური მოდელი ათწლეულების განმავლობაში ეყრდნობოდა იაფ რუსულ ენერგორესურსებსა და ძლიერ ექსპორტს (განსაკუთრებით ჩინეთში). ენერგეტიკულმა შოკმა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა საწარმოო ხარჯები მკვეთრად გაზარდა. ქვეყნის უმსხვილესი სექტორები, განსაკუთრებით ავტოინდუსტრია და ქიმიური მრეწველობა, მძიმე კრიზისშია, რაც ქარხნების დახურვასა და სამუშაო ადგილების შემცირებას იწვევს.
ამასთან, გერმანიაში ინფლაციის დონე კვლავ მაღალია (დაახლოებით 2.9%). საწვავის, ელექტროენერგიისა და კვების პროდუქტების ფასების ზრდა სერიოზულად აწვება რიგითი მოქალაქეების ჯიბეს, რაც მოსახლეობაში მსყიდველობით უნარსა და სამომავლო ოპტიმიზმს აქრობს.
ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტი ნაკადი მუნიციპალიტეტებისთვის მძიმე ტვირთია - აკლიათ საცხოვრებელი ადგილები, საბავშვო ბაღები და სკოლები. პარალელურად, ქვეყანაში საგრძნობლად იმატა პოლიტიკურად მოტივირებულმა და სიძულვილით ჩადენილმა დანაშაულებმა, რამაც საზოგადოებრივი უსაფრთხოების განცდა შეასუსტა.
აღსანიაშნავია ისიც, რომ 2025 წლის რიგგარეშე არჩევნების შემდეგ მოსულ კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციასა და ოპოზიციურ ძალებს შორის სრული უნდობლობაა. მთავრობა პარალიზებულია შიდა დაპირისპირებებით - მემარჯვენე-ცენტრისტებს ბიუროკრატიის შემცირება და ბიზნესის ხელშეწყობა სურთ, სოციალ-დემოკრატები კი სოციალური დახმარებების შენარჩუნებას ითხოვენ. ამ ფონზე, მოქალაქეების იმედგაცრუება ტრადიციული პარტიების მიმართ რეკორდულად მაღალია.
სწორედ ეს კომპლექსური პრობლემები - გაძვირებული ცხოვრება, იდენტობის დაკარგვის შიში და მთავრობის სისუსტე კვებავს მემარჯვენე-რადიკალური „ალტერნატივა გერმანიისთვის" პოპულარობას.
ემუქრება თუ არა „ალტერნატივა გერმანიისთვის" ტრიუფი
ანალიტიკოსები და პოლიტიკური ექსპერტები თანხმდებიან, რომ AfD-ს ტრიუმფი 2026 წელს სრულიად რეალური გახდა და ქვეყანა ე.წ. „პოლიტიკური მიწისძვრის" ზღვარზე დგას.
ქსპერტების აზრით, პარტიის მიერ არჩევნებში პირველი ადგილების დაკავება თითქმის გარანტირებულია. INSA-ს ინსტიტუტისა და სხვა სოციოლოგიური ცენტრების ბოლო მონაცემებით, „ალტერნატივა გერმანიისთვის" ეროვნულ დონეზე 29%-ით ლიდერობს, ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში (კერძოდ, საქსონია-ანჰალტში) მათმა რეიტინგმა 40%-ს გადააჭარბა. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ტრადიციულმა პარტიებმა „სახალხო პარტიების" სტატუსი დაკარგეს, რადგან ვერ პასუხობენ მოქალაქეების შიშებს ეკონომიკურ სტაგნაციასა და მიგრაციაზე.
მიუხედავად ხმების რეკორდული რაოდენობისა, პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ მთავრობის ჩამოყალიბება და ქვეყნის მართვა მაინც დაბლოკილი იქნება. გერმანიაში მოქმედებს ე.წ. სანიტარული კორდონი - სხვა პარტიების მყარი შეთანხმება, რომ არასდროს შევლენ კოალიციაში AfD-სთან. ამიტომ, მაშინაც კი, თუ ალის ვეიდელის პარტია პირველ ადგილზე გავა, ისინი დარჩებიან იზოლირებულები ოპოზიციაში, ხოლო დანარჩენი პარტიები შექმნიან რთულ და არამდგრად კოალიციებს მათ დასაბლოკად.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ალტერნატივა გერმანიისთის" გამარჯვება გამოიწვევს კონსტიტუციურ კრიზისს. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებებზე დაყრდნობით, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ AfD რომელიმე რეგიონში მაინც მოახერხებს უმრავლესობის მოპოვებას, ფედერალური მთავრობა იძულებული იქნება, ამ რეგიონის ადგილობრივ მინისტრებს დაუმალოს სახელმწიფო საიდუმლოებები და სამხედრო ინფორმაცია, პარტიის კრემლთან მჭიდრო კავშირებისა და სადაზვერვო რისკების გამო.
თუ სექტემბრის არჩევნებმა AfD-ს დიდი გამარჯვება მოუტანა, ტრადიციული ელიტა პოლიტიკური ბრძოლიდან სამართლებრივ ბრძოლაზე გადავა. იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლო დასკვნები ანალიტიკოსებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ ბუნდესტაგი სექტემბრის შემდეგ სერიოზულად დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის სრული აკრძალვის პროცედურას, რათა მათი აქამდე არნახული წინსვლა იურიდიულად შეაჩერონ.