
ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერებზე თეირანის თავდასხმებმა შესაძლოა ვაშინგტონისა და თეირანის ისედაც მყიფე კომპრომისი საბოლოოდ ჩაშალოს. აშშ-ის მიერ ირანულ ნავთობზე სანქციების სასწრაფო აღდგენა და სრუტის ზონაში განხორციელებული უპრეცედენტო სიმძლავრის საჰაერო იერიშები აჩვენებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ირანის „დასჯას“ ან „ აღზრდას“ აპირებს.
აშშ-ის ახალი საჰაერო დარტყმები, ჰორმუზის სრუტის ზონაში არსებულ ირანულ სამხედრო სამიზნეებზე მასშტაბითა და სიმძლავრით „ოთხჯერ ან ხუთჯერ აღემატება“, ათი დღის წინ განხორციელებულ თავდასხმებს, წერენ ამერიკული გამოცემები.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო იერიში იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც მილიონობით ირანელი ქუჩაშია და ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მასშტაბურ დაკრძალვის ცერემონიას ესწრება.
სტრატეგიულად მნიშვნელოვან სავაჭრო საზღვაო მარშრუტზე სამი ტანკერის დაზიანების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ირანულ ნავთობზე დროებითი სანქციების გამონაკლისი უკვე გააუქმა. აღნიშნული ნაბიჯი თეირანზე ზეწოლას ზრდის. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტს ამ გზით ირანის „ახალი“ ხელისუფლების „აღზრდა“ სურს.
ოფიციალური პირების განცხადებით, აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ეს აშშ-ის ყველაზე ინტენსიური თავდასხმაა. მიმდინარე მოვლენები თეირანსა და ვაშინგტონს შორის საპასუხო დარტყმების ახალი ციკლის დაწყების რისკს ზრდის, რაც სულ რაღაც სამი კვირის წინ ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ მყიფე ურთიერთგაგების მემორანდუმს, ისევ საფრთეს უქმნის.
„აქსიოსის“ ცნობით, სამიზნეებს შორის იყო -ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, „მიწა-ჰაერი“ ტიპის რაკეტები, სანაპირო მეთვალყურეობის სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პოზიციები, საპორტო ინფრასტრუქტურა და დრონების გასაშვები პუნქტები. ირანული მედია იტყობინება, რომ აფეთქებების ხმა საპორტო ქალაქებში- ბანდარ-აბასსა და სირიკში, ასევე კუნძულ ყეშმზეც ისმოდა.
„ალ ჯაზირა“ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულ მცირე ექვსი აფეთქება მოხდა კუნძულ ყეშმზე, შვიდიდან ცხრამდე აფეთქება დაფიქსირდა სირიკში, ხოლო 10 - ბანდარ-აბასში.
„ვაშინგტონი ტონს ამკაცრებს“
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის წინააღმდეგ ახალი შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებშიც, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის გამოყენებით, 80-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს. ამერიკული სარდლობის განცხადებით, ეს არის მყისიერი პასუხი ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე ირანის ბოლო თავდასხმებზე. თეთრი სახლის ოფიციალური პირების თქმით, რადგან თეირანს გაფრთხილებები არ ესმის, ვაშინგტონი „ტონს აძლიერებს“.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გააუქმა გენერალური ლიცენზია, რომელიც ირანულ ნავთობთან დაკავშირებულ ოპერაციებს უშვებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ტანკერებზე ირანის მხრიდან განხორციელებული ახალი თავდასხმების სერიას მოჰყვა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ის ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა განუცხადა.
როგორც ჩინოვნიკმა აღნიშნა, თეირანის ქმედებები იყო „სრულიად მიუღებელი“ და მას „შესაბამისი შედეგები მოჰყვება“. „ირანი სარგებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ თავს ჯეროვნად მოიქცევა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველომ (OFAC) ახალი ლიცენზია უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მანამდე დადებული გარიგებები 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს, ხოლო ახალი კონტრაქტების გაფორმება 7 ივლისიდან აკრძალულია.
ნავთობის მოპოვებაზე, მიწოდებაზე, გაყიდვასა და ჩამოტვირთვაზე, ასევე ნავთობპროდუქტებსა და ნავთოქიმიურ პროდუქციაზე ნებართვა 22 ივნისს გაიცა და მას 21 აგვისტომდე უნდა ემოქმედა. ირანული ნავთობის ექსპორტის უფლება ერთ-ერთი პუნქტი იყო ივნისში ხელმოწერილი აშშ-ირანის მემორანდუმისა, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებას ისახავდა მიზნად.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულად გამოაცხადა. იგი მიიჩნევს, რომ მათთან მურთიერთობა უბრალოდ დროის კარგვაა.
„ისინი ბინძური მოთამაშეები არიან და ყველას თავს ესხმიან. მე ისინი არ მომწონს. ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბო არიან და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთოთ“, - განაცხადა განრისხებულმა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასი 5.7%-ით გაიზარდა და ერთ ბარელზე 78 დოლარს გადააჭარბა. ასევე, 5.8%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც 74.55 დოლარი შეადგინა.
„ესოშიეთი პრესთან“ საუბარში აშშ-ის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მიმდინარე იერიშების მასშტაბი ივნისის ბოლოს განხორციელებულ საპასუხო დარტყმებთან შედარებით რვაჯერ დიდია. „სი-ენ-ენის“წყაროს ცნობით კი, ეს ოპერაცია სადავო საზღვაო გზებზე კომერციულ გემებზე თავდასხმების გამო ირანის უშუალო „დასჯაა.“
როგორც გამოცემა „აქსიოსი“ იტყობინება, ირანზე დარტყმის ახალ გეგმას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი თურქეთში, ნატოს სამიტზე ყოფნისას მოაწერა.
„ეს რეაგირება არის პირდაპირი შედეგი იმ საერთაშორისო ტერორისტული აქტებისა, რომლებსაც ირანი ჰორმუზის სრუტეში უდანაშაულო გემების წინააღმდეგ ახორციელებდა. ირანელებმა კარგად იცოდნენ თავიანთი აბსურდული ქმედებების შედეგები, თუმცა თავდასხმები მაინც გააგრძელეს“, - აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
პარალელურად, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ამ დროისთვის შეჩერებულია. პროცესი, სავარაუდოდ, ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის დაკრძალვამდე არ განახლდება, რომელიც 28 თებერვალს პირველი სარაკეტო დარტყმისას დაიღუპა.
თეირანის პასუხი
ირანის უმაღლესმა სამხედრო სარდლობამ („ხათამ ალ-ანბია“) აშშ-ის მიერ ქვეყნის სამხრეთ ნაწილზე მიყენებული დარტყმები მკაცრად დაგმო და მათ „აშკარა აგრესია“ უწოდა. თეირანში განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ ამერიკული იერიში იმ დროს განხორციელდა, როდესაც ერაყში ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის დაკრძალვის პროცესია მიმდინარეობდა.
ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათი არმია აშშ-ის ქმედებებს „გამანადგურებელ პასუხს“ გასცემს. სამხედრო უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტის მართვაში გარე ძალების ჩარევას არ დაუშვებს:
„კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებისა და ნავთობტანკერების გადაადგილებისთვის ერთადერთი უსაფრთხო გზა არის ის მარშრუტი, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ არის დადგენილი“.
ვაშინგტონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ და აშშ-სთან მოლაპარაკებებში მთავარმა წარმომადგენელმა, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფმაც. მან სოციალურ ქსელ „ იქსზე“ დაწერა, რომ აშშ-მა უხეშად დაარღვია მხარეებს შორის არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი შემდეგი მიმართვა გაავრცელა: „აშშ-ის მთავრობა კარგად ნაცნობ საგარეო პოლიტიკას მიჰყვება: წესების დარღვევა, მეტოქეების დაშინება, დაბრკოლებების შექმნა და მოტყუება. ეს მათი „მაგას“ სახელმძღვანელოა. ირანი უარყოფს ასეთ თამაშებს. ჩვენ მტკიცედ ვიცავთ ჩვენს უფლებებს“.
პარალელურად, თეირანი ბრალდებებს, კომერციულ გემებზე თავდასხმების შესახებ, უარყოფს და მათ „საეჭვო ბრალდებებს“ უწოდებს. თუმცა, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის (UKMTO) ინფორმაციით, ომანის სანაპიროსთან ერთ-ერთ ტანკერს, რომელიც თხევადი ბუნებრივი აირით (LNG) იყო დატვირთული, ცეცხლი გაუჩნდა.
დონალდ ტრამპი: „ისინი ბოროტი და ავადმყოფი ადამიანები არიან. ისინი კიბო არიან და იცით, რა უნდა გააკეთოთ? კიბო ადრეულ ეტაპზევე უნდა ამოკვეთოთ“.