ნატალია ჯვარიძე
06.07.2026

ნატო-ს ლიდერები სამშაბათს და ოთხშაბათს ანკარაში ნატოს სამიტზე შეიკრიბებიან იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროპას მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვის სფეროს ხარჯები და კონტინენტის უსაფრთხოებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც როიტერსი აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ თავდაცვის ხარჯების მიზნების მიღწევაზე, თავდაცვის ინდუსტრიული წარმოების გაზრდასა და „ტვირთის" აშშ-დან ევროპაზე გადატანაზე.

სამიტს ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება. მოსალოდნელია, რომ სამშაბათს საღამოს ნატო-ს ლიდერებთან ერთად ვახშამს შეუერთდებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„ევროპელი ლიდერები შეეცდებიან დონალდ ტრამპს აჩვენონ, რომ ასრულებენ გასულ წელს ჰააგაში გამართულ სამიტზე მიცემულ პირობას, რომ 2035 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს თავდაცვასა და თავდაცვასთან დაკავშირებულ ზომებზე დახარჯავენ.

ტექსტის თანახმად, რომლის შინაარსიც როიტერსითვის გახდა ცნობილი, მოსალოდნელია, რომ ლიდერები სამიტის დეკლარაციაში განაცხადებენ: „2025 წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თავდაცვის ძირითად საჭიროებებში ინვესტიციები 139 მილიარდ დოლარზე მეტით გაზარდეს.

ვაშენებთ მომავალს: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ ნატო-ში - მოდერნიზებულ ალიანსში. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, ალიანსის თავდაცვისთვის უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ", - აღნიშნულია როიტერსის სტატიაში.

გამოცემის ინფორმაციით, ნატო-ს წევრები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაადასტურებენ და შემდგომ დახმარებას დაჰპირდებიან.

„2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნის სახით 70 მილიარდ ევროს გამოყოფენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, რომ 2027 წელს მინიმუმ ეკვივალენტური დონე შეინარჩუნონ ", - განაცხადებენ ლიდერები.

როიტერსი წერს, რომ დაფინანსების ნაწილი უზრუნველყოფილი იქნება არსებული ორმხრივი ვალდებულებებიდან და ევროკავშირის სესხის რესურსიდან, რომელიც უკრაინის თავდაცვის სფეროს ინვესტიციებისა და შესყიდვებისთვის 2026-2027 წლებში 60 მილიარდ ევროს ითვალისწინებს.

შეერთებული შტატებისგან დაფინანსებაში წვლილის შეტანა მოსალოდნელი არ არის. სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როცა გასული წლის სამიტი ახალი ხარჯების ვალდებულების შეთანხმებაზე იყო ორიენტირებული, წლევანდელ შეხვედრაზე ოფიციალური პირები იარაღის წარმოების გაზრდასა და თავდაცვის ინოვაციების ხელშეწყობაზე გაამახვილებენ ყურადღებას.

ალიანსი სამშაბათს ანკარაში თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმს უმასპინძლებს, სადაც ათობით მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებები გამოცხადდება. რაც შეეხება ირანის საკითხს, როიტერსის ინფორმაციით, ევროპელ ოფიციალურ პირებს აშფოთებთ ის, რომ ირანის წინააღმდეგ ომმა და მასზე რეაგირებასთან დაკავშირებით ევროპული მთავრობების მიმართ ტრამპის გაღიზიანებამ, შესაძლოა, სამიტი დაჩრდილოს. მოსალოდნელია, რომ სამიტის დეკლარაციაში ლიდერები განაცხადებენ :

„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ირანს არასდროს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი და მოუწოდებენ ირანს, სრულად სცეს პატივი ნავიგაციის თავისუფლებას ჰორმუზის სრუტეში".

როიტერსის ინფორმაციით, სამიტის მასპინძელი ქვეყანა, თურქეთი, შეეცდება გაიმეოროს მოწოდება ალიანსის წევრების მიმართ, ნატო-ს ფარგლებში თავდაცვის სფეროში ვაჭრობაზე ყველა შეზღუდვა მოხსნან.

გამოცემის ცნობით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე მოისურვებს პროგრესის მიღწევას ისეთ მოკავშირეებთან, როგორიცაა საფრანგეთი და იტალია SAMP/T სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენასა და თავდაცვის ინდუსტრიის სხვა თანამშრომლობასთან დაკავშირებით. როგორც როიტერს წერს, ერდოღანი, ტრამპთან ორმხრივ მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებს ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ამავდროულად, მოითხოვს აშშ-ის სანქციების მოხსნას და F-35 გამანადგურებლების პროგრამაზე წვდომის განახლებას.

ანკარაში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან კოლეგებს ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ასევე ისაუბრებენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, კაია კალასთან. ნატო-ს თავდაცვის მინისტრები კი მოლაპარაკებებს გამართავენ ავსტრალიელ, იაპონელ, ახალ ზელანდიელ და სამხრეთ კორეელ კოლეგებთან.

ანალიტიკოსების აზრით ეს სამიტი ნიშნავს, რომ ნატო „ახალ რეალობაში" გადადის. ეს იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის წნეხის გამო, ევროპას თავად უწევს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება და ხარჯების მკვეთრად გაზრდა.

მათი აზრით, ვინაიდან აშშ-დან დაფინანსება მოსალოდნელი არ არის, უკრაინისთვის გამოყოფილი 70 მილიარდი ევროს ძირითად სიმძიმეს მთლიანად ევროკავშირი იღებს თავის თავზე. აქცენტი ქარხნებზე და იარაღზეა - ნატო გადადის უბრალო დაპირებებიდან რეალურ მოქმედებაზე - იარაღის წარმოების გაზრდასა და მილიარდობით დოლარის სამხედრო კონტრაქტებზე.

ექსპერტების შეფასებით, ერდოღანი მომენტით სარგებლობს, რათა აშშ-ს სანქციები მოახსნევინოს, F-35-ების პროგრამაში დაბრუნდეს და ევროპული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები იყიდოს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ აზიელი პარტნიორებისა (კორეა, იაპონია) და ყურის ქვეყნების ჩართვა აჩვენებს, რომ ნატო მარტო ევროპას აღარ უყურებს და ირანის მსგავს გლობალურ საფრთხეებზე ფოკუსირდება. მოკლედ, ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არის სამიტი, სადაც ევროპა უფრო მეტს იხდის და აწარმოებს, თურქეთი საკუთარ პოზიციებს იმყარებს, ხოლო აშშ-ის როლი და გავლენა ალიანსში ნელ-ნელა მცირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×