რეზონანსი
06.06.2026

ახალი რეგულაცია სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება. სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება. მოსწავლესა და მშობელს შორის კომუნიკაცია სკოლის მიერ განსაზღვრული ოფიციალური არხებით განხორციელდება.

ახალი წესის თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება არა მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება, არამედ მათი ჩართულ მდგომარეობაში ტარება და შენახვა. სკოლის ტერიტორიაზე მობილურით სარგებლობისთვის უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო. რეგულაცია გავრცელდება საათებზეც, რომლებიც მობილურ ქსელებშია ჩართული.

პარალელურად იმოქმედებს გამონაკლისებიც. ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება დასაშვები იქნება სკოლის შინაგანაწესით დადგენილ შემთხვევებში, მათ შორის გადაუდებელი და საგანგებო სიტუაციების დროს, ასევე სამედიცინო ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის. თუმცა უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობა აუცილებელ პირობად მაინც რჩება. ახალი წესები შესვენების დროსაც იმოქმედებს.

ცვლილების ფარგლებში სკოლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრათ. სოციალური ქსელები, მობილური ზარები, ელექტრონული ფოსტა - საგანმანათლებლო დაწესებულებამ მშობლებთან კომუნიკაციის კონკრეტული საშუალებები უნდა განსაზღვროს. მოეწყობა სპეციალური სათავსოები, სადაც ბავშვები გაკვეთილების დაწყებამდე საკუთარ მოწყობილობებს შეინახავენ. განისაზღვრება პასუხისმგებელი პირიც, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ ბავშვებს ტექნიკას დაუბრუნებს.

სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ახალი წესები უკვე დამტკიცებულია. მთავარ მიზნად მოსწავლეების ყურადღების კონცენტრაციის გაზრდა, ბავშვებს შორის კომუნიკაციის გააქტიურება და ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნა სახელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×