
მთავრობის გადაწყვეტილებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით, კვირის ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური გამოხმაურება მოჰყვა. სანამ მშობლები ამ ნაბიჯს ერთობლივი ბრძოლისა შედეგად მიღწეულ გამარჯვებად აფასებენ, პროცესმა მმართველ გუნდსა და ოპონენტებს შორის ახალი დაპირისპირების ხაზი გააჩინა ოპოზიცია ხელისუფლებას „პროტესტის შიშით დათმობასა" და საარჩევნო იმიჯის შექმნაში ადანაშაულებს, უმრავლესობა კისენსიტიური თემებით მანიპულირებაში სდებს ბრალს.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა შექიმნება სამუშაო ჯგუფი, ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლების მონაწილეობით დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენნტებით უზრუნველყოფის საკითზე იმუშავებს.პრემიერს არ დაუსახელებია კონკრეტული მედიკამენტები, რომლებზეც შეჯერდნენ, თუმცა შეხვედრის შემდეგ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, რომ საუბარია ორი სახის მედიკამენტზე.
„კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. შეიქმნება საგანგებო სამუშაო ჯგუფი, დაიწყება კონკრეტული სამუშაო პროცესი და რა თქმა უნდა, მშობლები მუდმივ რეჟიმში მიიღებენ ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებსაც კონკრეტული მიზეზების გამო ახლა არ ვასახელებთ, თუმცა ამის შესახებ მშობლების სრულ წრეს სათანადო ინფორმაცია ექნება", - განაცხადა კობახიძემ
- დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი: მშობლების სახელით ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, არის ყველას ბრძოლის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი
შეგახსენებთ, მშობლების მთავარი მოთხოვნა იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის სპეციფიკური, უახლესი და ძვირადღირებული მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება და ქვეყანაში შემოტანა.
ოპოზიცია
ოპოზიციონერების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი მმართველმა გუნდმა პოზიტიური პოლიტიკური იმიჯის შესაქმნელად გამოიყენა.
"რემიერი თვის ბოლოს აპირებს მივიდეს პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ამისთვისაც უნდოდა ე.წ. პოზიტიური იმიჯის შექმნა. ამიტომ ვარ ფრთხილად და ვამბობ, რომ იმედი მაქვს გუშინ დაწყებული სამუშაო პროცესი ბოლომდე მივა. ჩვენ ვაპირებთ, ამ პროცესს გავყვეთ ბოლომდე ყველა დონეზე. უზრუნველვყოთ რომ ეს არ იყოს მორიგი მოტყუება, როგორიც მათ ჰქონდათ ფასების შემცირების კუთხით",- განაცხადა "გახარია საქართველოს" წევრმა თამარ კეკენაძემ.
რაც შეეხება იმას, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან იმის გათვალისწინებით, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ივანიშვილს წერილი გაუგზავნეს, თამარ კეკენაძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების" რეჟიმი არაფერს აკეთებს, თუ ეს არ შედის ივანიშვილის პირად ინტერესში".
„ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს ამ ყველაფრის მიმართ. ამ ქვეყანაში არაფერს აკეთებს „ქართული ოცნების" რეჟიმი, თუ ეს არ შედის ივანიშვილის პირად ინტერესში. ყველა ნაბიჯი ემსახურება ივანიშვილის ინტერესებს. პროტესტი, რაც შევძელით დაგვენახებინა მარტივი გზავნილი იყო რომ ადამიანები, მშობლები არ აპირებენ გაჩერებას",- განაცხადა თამუნა კეკენაძემ.
პარტია "ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხელისუფლებას პოზიციების დათმობა მოუწია.
"აუ ახლა აღარ კლავს ის წამლები და ახლა აღარაა ფულის ფლანგვა ბავშვების დახმარება? - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
როგორც გვარამია წერს, ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწია და, მისი თქმით, მსგავსი დათმობების გაკეთება მომავალშიც არაერთხელ მოუწევს.
"მოგიწიათ დათმობა, შეგაშინათ ხალხის პროტესტმა და დაგჯაბნათ ხალხის შეგროვებულმა ფულმა, რაც რეფერენდუმი იყო ფაქტობრივად. აი ესაა სიმართლე. კიდევ მოგიწევთ!", - წერს გვარამია.
პასუხი
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საქართველოში არის რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს და შეუძლიათ, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ.
„ჩვენთვის მთავარია, რომ მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზეც და ამ ინტერესზე. რაც შეეხება სხვა ჯგუფებს - ყველამ ვიცით, რომ გვყავს რადიკალების ჯგუფი, რომლისთვისაც თემას მნიშვნელობა არ აქვს, შეუძლიათ, ყველაფერი მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოიყენონ.
მორალი მათთვის არ მოქმედებს. ისინი სიკეთესაც კი ზიზღით აკეთებენ. ასე რომ, აქ არაფერი გასაკვირი და სიურპრიზი ჩვენთვის არ არის. ჩვენთვის მთავარია, საქართველოს მოსახლეობამ, მშობლებმა და მათმა შვილებმა იცოდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა არის რომ ის ზრუნვით იყოს განწყობილი საკუთარი მოსახლეობის მიმართ და ყველაფერი გააკეთოს, რაც შესაძლებელია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
"ეს არის ბავშვების გამარჯვება"
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელმაც შესაძლოა გადაწყვეტილების მირების პროცესში დიდი როლი შეასრულა.მათ შორის საზოგადოებრივმა მხარდაჭერამ, საპატრიარქოს ჩართულობამ და ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილმა წერილმ.
როგორც წიქარაშვილმა განაცხადა, მშობლებმა რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილსაც წერილი გაუგზავნეს.
„მშობლების სახელით ყველას მინდა, მადლობა გადავუხადო, არის ყველას ბრძოლის, ერთობლივი ბრძოლის შედეგი. მინდა, მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში საპატრიარქოს გავლენაც იყო. ასევე, ხელისუფლებასაც, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე ფაქტორი იყო. ერთი იყო ის ფაქტორი, რომ საპატრიარქოს შევხდით. ყველაზე მთავარი იყო საზოგადოების მხარდაჭერა. მესამე ფაქტორი იყო ის, რომ ჩვენ წერილი მივწერეთ ბიძინა ივანიშვილის. ეს იყო ძალიან კარგად შედგენილი წერილი. ვფიქრობ, ადრესატამდე მივიდა. რამდენიმე დღის წინ გაიგზავნა წერილი. ყველამ ვიცით, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში პროცესებზე გავლენა აქვს. ეს დასამალი არ არის, არავისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ პერსონალურ ჩარევას ჰქონდა ადგილი.
ჩვენი მხარდამჭერების ნაწილი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა, ასევე, შიმშილობის გამოცხადებამ. მშობლებმა თქვეს, რომ თუ ვერ მიიღებდნენ შედეგს, შიმშილობას გამოაცხადებდნენ. ესეც შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, როგორც ბრძოლის მეთოდი. ერთობლიობაში ამ ყველაფერმა იმუშავა",- განაცხადა წიქარიშვილმა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის დედამ თაკო გოგალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ეს არის გამარჯვება
„ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს არის გამარჯვება, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მუშაობა იწყება კონკრეტულ მედიკამენტებზე დღეიდან. 1.5-2 თვის ვადაში მედიკამენტები იქნება უკვე საქართველოში, ბავშვები დაიწყებენ ამ მედიკამენტების მიღებას. მთავარია, რომ დიუშენის თემა გადაწყდა ჩვენს ქვეყანაში. გადაიდგა უკვე ნაბიჯები. დღეიდან იწყება უკვე მუშაობა, შეიქმნება სამუშაო გუნდი, სადაც ვართ ჩვენც, მშობლებიც. ყველა ეტაპზე და ყველა შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას.
ორი მედიკამენტით დაიწყება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულდა. ცოტა მეტი პროცესი სჭირდება დანარჩენ მედიკამენტებს. გრძელდება მუშაობა, არ დასრულებულა, უბრალოდ პირველ ეტაპზე, ყველაზე მოკლე ვადაში რა გადაწყვეტილებაც შეიძლება რომ მიგვეღო და სასწრაფოდ დაეწყოთ ბავშვებს მკურნალობა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2 მედიკამენტით დაიწყებენ. - განაცხადა თაკო გოგალაძემ.