
4 ოქტომბრის წარუმატებელი „მშვიდობიან რევოლუციის შემდეგ" „ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლების დამხობის პროექტი დასრულებულია, მმართველ გუნდში აანონსებენ, რომ ყველამ ვინც ამ პროცესში მოანწილეობა მიიღო შესაბამისი სასჯელი უნდა მიიღოს, დამთავრდა თუ არა პროტესტი და რამდენად მასშტაბური იქნება დაკავებების სპეცოპერაციები?
4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება. დაკავებულებს შორის ნანა სანდერსიც.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციას გეგმები ჩაუვარდა, ხოლო რევოლუცია დასრულებულია."პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა
„რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დღეს კი ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით.
„ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი, მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე, შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან, ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად", - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე სად გაქრნენ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, პაპუაშვილმა უპასუხა"„საით გარბიან ხოლმე ვირთხები, როცა გემი იძირება? აი, ასე ვირთხებივით გაიქცა ყველა. „
ცნობისთვის მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერებს, 4ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზატიო კომიტეტის წევრები იყვნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ 9 წლამდე თავიუფლების აღკვეთა ემქურებათ.
ჩაქრა თუ არა პროტესტი საბოლოოდ
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ პროტესტი არსად გამქრალა და ეს პროცესი ასე მარტივად არ დასრულდება.
„აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ აქციის ორგანიზატორებმა რა შეცდომა დაუშვეს და როგორ, არამედ ის, რომ ოპოზიციური მუხტი და განწყობა ხელისუფლების მიმართ არსად არ გამქრალა. ამას შედეგს ვუწოდებდი მაშინ, თუ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შედეგად მოხდებოდა განმუხტვა და საზოგადოებაში იქნებოდა სიმშვიდე. აქ სხვა რამ მოხდა: ჯერ ერთი, რუსთაველზე ისევ მიმდინარეობს პროტესტი; მერეც, ეს ხალხი, ვინც აქციებში მონაწილეობდა, არსად არც აორთქლებულა და არც გამქრალა, ასე რომ ბრძოლა გრძელდება.თუ ვინმეს ჰგონია ხელისუფლებიდან, რომ ეს ასე მარტივად და სწრაფად დასრულდება, ძალიან ცდება. შესაძლებელია უფრო მძიმე შედეგებიც კი მივიღოთ, ვიდრე დავუშვათ, თუნდაც სახელმწიფოს გადატრიალება."
- ვახტანგ ძაბირაძე: „აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ აქციის ორგანიზატორებმა რა შეცდომა დაუშვეს და როგორ, არამედ ის, რომ ოპოზიციური მუხტი და განწყობა ხელისუფლების მიმართ არსად არ გამქრალა"
ძაბირაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახალი ტაქტიკა და სტარტეგია უნდ აშეიმშავოს.
„პოლიტიკურმა ოპოზიციამ, უნდა გადახედოს და შეაფასოს ეს 4 ოქტომბერი და ახალი სტარტეგია და ტაქტიკა უნდა შეიმუშავოს, ამის მიხედვით უნდა მოხდეს დიდი აქციების შეკრებაც დაშლაც და ყველაფერი, სხვაგვარად ,ისე ინერციით როგორც აქმდე მოვდიოდით, ეს პროტესტი იქნება მაგრამ მისი მართვა ოპოზიციას და სხვათაშორის ხელისუფლებასაც ძალიან გაუჭირდება."-განაცხადა ძაბირაძემ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ მცირე მასშტაბიანი პროტესტები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
„რასაკვირველია, მცირე მასშტაბიანი პროტესტები ჯერ არ დასრულებულა. უფრო გაიზარდა საზოგადოებაში უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან პატარა ჯგუფი პროტესტის გამომხატველებისა კვლავ აგრძელებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვას და მძღოლებთან დაპირისპირებას. ამავე დროს, მმართველი პარტიიდან გაისმა საჯარო მოწოდებები: როდემდე არ უნდა სრულდებოდეს კანონი პროტესტის გამოხატვასთან დაკავშირებით, როდესაც მცირე ჯგუფი თავისუფლად ეტევა ტროტუარზე, მაგრამ მაინც კეტავს გზის სავალ ნაწილს. ვფიქრობ, რომ ამ მოწოდებებს, განსაკუთრებით საზოგადოებიდან, გაითვალისწინებენ სამართალდამცავები და იმ ქაოსს, რომელიც რამდენიმე საათით ხდება რუსთაველის გამზირზე, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ."
ანალიტიკოსის აზრით, მკაცრი სასჯელი სხვებისთვის მაგალითი იქნება, რომ მსგავს ორკესტრირებულ პროცესებში აღარ ჩაერთონ.
- გია აბაშიძე: "ვფიქრობ, რომ ამ მოწოდებებს, განსაკუთრებით საზოგადოებიდან, გაითვალისწინებენ სამართალდამცავები და იმ ქაოსს, რომელიც რამდენიმე საათით ხდება რუსთაველის გამზირზე, დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ."
„რაც შეეხება გადატრიალებაში მონაწილეებს და ორგანიზატორებს - როგორც ხედავთ, მათი დაკავებები გრძელდება, სია ჯერ არ დასრულებულა. როცა ნახავენ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ დამხობით, ორკესტრირებულად გამოსვლა დასჯადია მრავალწლიანი პატიმრობით, მაშინ აღარავის გაუჩნდება ე.წ. მადა, რომ მოაწყოს მომდევნო ე.წ. მშვიდობიანი გადატრიალება."-განაცხადა აბაშიძემ.
რამდენად მასშტაბური იქნება დაკავებების სერია
კითხვაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს ან რამდენად მასშტაბური შესაძლოა გახდეს მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული დაჭერები, ვახტანგ ძაბირაძე გვპასუხობს, რომ მასშტაბურ სახეს არ მიიღებს.
„ოცნებამ" საკმაოდ დაიჭირა ხალხი, მაგრამ არა მგონია, ძალიან გაუტიონ, როგორც იტყვიან, რადგან ბევრი ხალხის დაჭერა თვითონ „ოცნებასაც" არ აწყობს. ხალხის რეპრესირება და დაჭერა ნიშნავს, რომ უარყოფითი მუხტი უფრო გაიზრდება და სახიფათო გახდება. ოცნება საკმაოდ ჭკვიანურად მოქმედებს და ამ შემთხვევაშიც არ მგონია, რომ ძალიან მასშტაბური და მასობრივი იყოს ასეთი დაპატიმრებები, თუმცა შეცდებიან, თუ ამ პრეზიდენტის სასახლესთან ბარიკადების მომწყობილები და ა.შ მაქსიმალურად დააპატიმრონ"-განაცხადა ძაბირაძემ.
გია აბაშიძე კი წინასწარი პროგნოზებისგან, თუ რამდენად მასშტაბური სახე შესაძლოა მიიღოს დაკავებებმა, თავს იკავებს და ამბობს, რომ ამას პროცესი გვაჩვენებს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, როცა მიმდინარეობს ინტენსიური დაკითხვები, ოპერატიულ მასალებზე უფრო ფართო წვდომა და ანალიზი, მათ შორის ვიზუალური მასალების, ვერავინ იტყვის, კიდევ რამდენ ეჭვმიტანილს დააკავებენ, როდის და როგორ მოხდება. ამაზე მუშაობს გამოძიება, ასე რომ, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება დაკავებულთა სია, საკმაოდ რთულია."