ნატალია ჯვარიძე
18.05.2026

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ბრიუსელი ზიზღის ენის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტი კორუმპირებულია. ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 26 მაისის აქციაზე აღნიშნა, რომ „ჩამოყალიბდა ადამიანების ჯგუფი, 4 ოქტომბრის მოქალაქეები, რომლებიც გაემიჯნნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს".

შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნის ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ზიზღის ენა არის იარაღი, რომელსაც ქვეყნის არაკეთილმოსურნეები საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ. ცნობისთვის, საჯარო სივრცეში სიძულვილის ენასა და აგრესიულ კომუნიკაციას სისტემურ მონიტორინგს გაუწევს.

„უნდა გავიაზროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, რომ სიძულვილისა და ზიზღის ენის გამოყენება ხდება. ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან სიძულვილისა და ზიზღის წაქეზება და დათესვა არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შერჩათ ხელში.

სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებენ ქვეყნის ასარევად - შუღლის შემოტანას, სიძულვილის შემოტანას იმისთვის, რომ შემდეგ გადაკიდონ ადამიანები ერთმანეთს, არიონ ქვეყანა და შემდეგ თავისთვის სასარგებლო შედეგებს მიაღწიონ.

ამიტომ, სიძულვილისა და ზიზღის ენა არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების წიგნებიდან გადმოწერით იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენების მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და ადამიანების ერთმანეთზე წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ჩვენს ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ზიზღის ენა ბრიუსელიდან არის წაქეზებული. „ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩვენი საზოგადოების ყველა სფერო დავუბრუნოთ ქართულ ფასეულობებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ბრიუსელი ფასეულობებს სადამდეც მივყავართ, ზიზღის ენა სწორედ იქიდან არის წაქეზებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე ელჩი არის, რომელიც ამაშია ჩართული; ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ზიზღის ენაში არიან ჩართული და ფაშისტურ გამონათქვამებს იყენებენ ქართველი ხალხის მიმართ. თუ სოცმედიას დააკვირდებით, ყველა, ვინც კი ზიზღს თესავს სოცმედიაში, ყველას იხილავდით ევროპის დღეზე 9 მაისს. ეს ერთი და იგივე სახეებია, ერთი და იგივე სახელებია, ვისაც იხუტებს დღეს ბრიუსელი.

ისინი არიან სწორედ, ვინც ცდილობენ, საზოგადოებაში ზიზღი დათესონ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველა სფერო ქართულ ფასეულობებში, ვინაიდან ბრიუსელის ღირებულებები ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამიტომ, ჩვენ ჩვენსას დავუბრუნდეთ, ჩვენს კულტურულ ჩარჩოებში ვიყოთ და სხვების მიერ თავს მოხვეულ ზიზღს, დაპირისპირებასა და შუღლს სათანადო პასუხი გავცეთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პაპუაშვილი ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული, შეაფასა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან მილიონ ლარამდე დაიხარჯა მიხეილ სააკაშვილის სახის გალამაზებაში, შუბლის გასწორებაში და იმაში,რომ ვიღაცისთვის თავი მოეწონებინა.

„ეს ადამიანი ან სულელია ან თავს ისულელებს. თუ სულელია, ნიშნავს, რომ არ იცის, რომ კაჩინსკის დაკრძალვის გამო კი არ არის, არამედ საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის, ეხება იმას, რომ თავის შვილს ბიუჯეტიდან უხდიდა კერძო სკოლის ფულს.

კითხვა ევროპარლამენტს - რომელიმე ევროპარლამენტარს ეს რომ გაეკეთებინა და ბიუჯეტის ფულით გადაეხადა თავისი შვილის კერძო სკოლის გადასახადი, იქნებოდა თუ არა ეს კორუფცია? კი, იქნებოდა.

საქმე ეხება იმას, რომ ბიუჯეტის ფულით სააკაშვილმა სხვადასხვა სახის პლასტიკური მანიპულაციები და ოპერაციები ჩაიტარა, თუ არ ვცდები, მგონი მილიონ ლარამდე იყო დახარჯული მისი სახის გალამაზებაში, შუბლის გასწორებაში და იმაში, რომ ვიღაცისთვის თავი მოეწონებინა. ეს რომ რომელიმე ევროპარლამენტარმა გააკეთოს, კორუფცია არის თუ პოლიტიკური დევნა?

თუკი ეს ყველაფერი კორუფციაა, მაშინ თავს ისულელებს ეს ადამიანი? ან გამოდის, რომ მაშინ ეს მისთვის მისაღებია. ჩვენ საქმე გვაქვს ფასეულობის არმქონე ევროპარლამენტის წევრებთან, რიგ შემთხვევაში, კორუმპირებულებთან.

ეჭვი მაქვს, კორუმპირებულია ეს ადამიანი, თორემ თავს სულელად რატომ გამოიყვანდა და იტყოდა, თითქოს ვიღაცისთვის თაიგულის ყიდვის გამო არის 9 მილიონი დახარჯული. არითმეტიკულად მაინც გადათვალოს 9 მილიონში რამდენი თაიგული ჩაეტეოდა.

არ ვიცი, რა ბედი გვაქვს ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი ვერ გავიჩინეთ, რომელიც „ნაცი" არ იქნებოდა, „მიშისტი" არ იქნებოდა და რაღაც დონეზე მაინც ღირსეულ მტრობას მაინც შეძლებდა. ასეთი უღირსი მტრები რომ ჰყავს საქართველოს, ესეც ჩვენი უბედურება არის.

სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური ლანდშაფტია დღეს ევროკავშირში. საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაადეკვატურ ხალხთან, რომელიც ფულის, პოლიტიკური გავლენის ან საკუთარი სისულელის გამო, საქართველოს წინააღმდეგ ასეთ შარში ეხვევიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ 26 მაისის აქციაზე განაცხადა, რომ ჩამოყალიბდა ადამიანების ჯგუფი, „4 ოქტომბრის მოქალაქეები", რომლებიც გაემიჯნნენ საქართველოს მთავარ ფასეულობებს.

„ჩვენ 4 ოქტომბრის „გადამტრიალებლებს", ამ ხალხს, ვხედავთ ყველგან, სადაც არის ძალადობა, სადაც არის ზიზღი, სადაც არის საქართველოს ინტერესების დათმობა სხვების ინტერესების სასარგებლოდ და ვერ ვნახეთ ეს ხალხი ჩვენი პატრიარქის გაცილებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ახალი პატრიარქის აღსაყდრებისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ფაშიზმზე გამარჯვების ზეიმისას, ვერ ვნახეთ ეს ხალხი ოჯახური სიწმინდის დღის აღნიშვნისას.

ანუ, არის ქვეყანა, არის საზოგადოება, არის მისი ისტორიული გზა, განვითარება და მომავალი ხედვა და გვყავს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თავს კომფორტულად გრძნობენ ელჩებთან, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან და თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ეკლესიებში, საკუთარ რეგიონში, საკუთარ ხალხთან ერთად.

ამიტომ, ვფიქრობ, ეს კარგი პროცესია, ვინაიდან სახელობითად ვხედავთ სახეებით და სახელებით თუ ვინ არის ის ჯგუფი ადამიანებისა, არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა, არამედ ზოგი ექიმია, ზოგი ლექტორია, რომლებიც საქართველოს ისტორიული განვითარების წინააღმდეგ მიდიან და მათ აქვთ ერთი სურვილი, დაუქვემდებარონ საქართველოს განვითარება სხვათა ინტერესებს, რათა დაიმსახურონ სხვისი ტაში.

მას უნდა დაუკრას ტაში ევროპარლამენტარმა, რომელიმე ელჩმა უნდა ჩაიხუტოს, რომელიმე ევროპის დღეზე მიიწვიონ, ხელი ჩამოართვან და სურათი გადაიღონ, ეს არის კულმინაცია მათი პიროვნული მიღწევისა და არა საკუთარი ქვეყნის განვითარება. ამიტომ, მივესალმები, რომ ჩანდეს გამოკვეთილად, სად დგას ქართველი ხალხი და სად დგას ეს ჯგუფი მარგინალებისა, რომლებიც სხვის დროშას აფრიალებენ, სხვის ჰიმნს მღერიან, სხვა ენაზე აქვთ შეძახილები და ყველაფერი ქართულისგან იცლებიან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ალიანსში პარტია „ლელო" და პარტია „გახარია საქართველოსთვის" უნდა მიიღონ, გამოეხმაურა: „როდის იყო „ლელო" სხვაგან და გვარამია სხვაგან ან გახარია სხვაგან და მელია სხვაგან. ერთი ჯგუფია, მარგინალური ადამიანების ჯგუფი, რამდენიმე ასეულია თუ რამდენიმე ათასი, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

მარგინალური ნიშნავს, რომ ისინი არიან საზოგადოების ისტორიული კონტექსტიდან ამოვარდნილი ადამიანები და ეს არის ერთი ჯგუფი, რომელთაც ერთი მიზანი აქვთ, რომ უცხოელმა შეაქოს. აქამდე დეგრადირდა ადამიანების ჯგუფი, რომ არა თუ პატრიოტიზმზე და სამშობლოს სიყვარულზე არის მათთან საუბარი შესაძლებელი, [არამედ] ადამიანებს თვალები აქვთ დაბნელებული, რომ უცხოელმა შეაქოს, რომ ინგლისურად გაიგონ რამდენიმე საქებარი სიტყვა, ამის იქით არაფერი აინტერესებთ თუ რა დაემართება ჩვენს ქვეყანას. მათი მთავარი პრობლემა, პოლიტიკოსებს რაც შეეხება, არის ის, რომ მათ ღალატის ნაბიჯი გადადგეს და როცა ღალატში შევა ადამიანი, ვიცით ისტორიიდანაც, რა შედეგები აქვს ამას.

ყორღანაშვილსაც ექნებოდა თავის გასამართლებელი რაღაც არგუმენტები, მაგრამ ისტორიამ ამ ყველაფერს პასუხი გასცა. როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ და სხვის ინტერესებს ითვალისწინებ და მოქმედებ, მაშინ ხარ ყორღანაშვილი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×