რეზონანსი
14.05.2026

ჟურნალისტი გია იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ასე, თვენახევრის წინ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ თაობაზე მიმდინარე დავაზე ვწერდი, უფრო სწორად, აღნიშნული დავა არაფერ შუაში იყო. მაშინ ვინმე თეონა ბაღდავაძის აქტიურობამ მიიქცია ჩემი ყურადღება. აი, ყოვლად უვიცი ტიპები რომ არიან, ყველაფერზე რომ წერენ და ყველაფერში რომ ერევიან, ირანის ბირთვული პროგრამით დაწყებული და „ლივერპულის“ ლაზარეთში არსებული ვითარებით დამთავრებული. ასეთებს და ამნაირებს ხალხმა „აკაცუკები“ შეარქვა. 

მაშინ კრიმინალურ ქმედებებში ეჭვმიტანილი ვიღაც ცოლ-ქმარი გაურკვეველი მფარველის მეშვეობით ცდილობდა (და ახლაც ცდილობს), რომ მართლმსაჯულებას გაქცეოდა, ხოლო ეს ვინმე თეონა ათასგვარ ხმას გამოსცემდა და დაჟინებული მზერით უმტკიცებდა ვიღაცეებს, ამ წყვილის ადგილი დღეს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაშია“, ასი წლის შემდეგ კი - სამოთხის ქართულ განყოფილებაშიო.

ჰოდა, ახლა ისეთი ამბავი გავიგე, რომ არ მგონია, ეს ცოლ ქმარი - ვინმე ნათია ჯანაშია და ვინმე დავით ცეცხლაძე - როდესმე სამოთხის ქართულ განყოფილებაში მოხვდნენ, რადგან თავისივე შექმნილ რომელიღაც პლატფორმაზე იმუქრებიან, ჩვენი ხუთი შვილიდან ოთხი ამერიკის მოქალაქეაო (მეხუთეც სხვა ქვეყნის პასპორტის მფლობელი ყოფილა - არა აშშ-სი) და თუ ჩვენზე ზეწოლა განხორციელდება (ანუ მართლმსაჯულება კანონიერად აღსრულდება) და თუ ვინმე ცუდი თვალით შემოგვხედავს, მყისვე ამერიკის საელჩოს ვაცნობებთ, ხოლო საელჩო ცულს მოიტანს ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასაო.

ცხადია, ამ შემთხვევაში, ჯანაშია-ცეცხლაძის ინსპირაციას ჯოან როულინგის რომანი „კელი დეგნანი და ფილოსოფიური გარაჟი“ წარმოადგენს.

ამ ამბით ჩემი დაინტერესების მიზეზი არც „ბრიტანულ-ქართული აკადემიაა“ და არც „ჟღალთმიანთა კავშირის“ საუკუნის წინანდელი ფრიად საყურადღებო ისტორია. უბრალოდ, ცოლ-ქმრის მონაყოლის მიხედვით ფაქტს ვაფიქსირებ: ქართველმა წყვილმა ისე დაგეგმა ცხოვრება, ისე აიღო ამერიკის ვიზები, რომ ამერიკაში მინიმუმ ოთხჯერ თვალთმაქცური საბაბით წასულიყვნენ (აბა, ვინ შეუშვებდა მაგათ ამერიკაში მარტო მშობიარობის მიზნით), რათა შვილები იქ დაბადებულიყვნენ, მომავალში ამერიკის მოქალაქეობა მიეღოთ, ამ გზით ესარგებლათ იქ არსებული სიკეთეებით და სამუდამოდ დაკარგულიყვნენ საქართველოსთვის.

საქართველო, შენ სადა გყავს შვილი დასაკარგავი?!

თუმცა, ეს ჩემი სენტიმენტებია და სულაც არ არის ჩემი საქმე, ვისი შვილი ბრუკლინის რომელ სამშობიაროში მოევლინება ქვეყანას. აი, ეს მუქარა და შანტაჟი ტეხავს, საკუთარ ქვეყანაში ელჩის მეშვიდე მოადგილის მეოთხე თანაშემწით რომ გემუქრებიან და თან იცრემლებიან, ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, ძილშიაც ამას ვდუდუნებო.

დოჩანაშვილს რომ აქვს - „გერასიმე, ქერა ზანგი თუ გინახავს შენ?“... ნიანგი ხომ გინახავთ? გინახავთ! მაგრამ ნიანგის ცრემლები, ალბათ, არ გექნებათ ნანახი და თუ გინდათ რომ ნახოთ, სულ ოდნავ მოიშველიეთ წარმოსახვა და ეს ცოლ-ქმარი გაიხსენეთ - ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე. საქართველო რომ უყვართ, შვილებს კი საქართველოს მოქალაქეობას რომ არ აკადრებენ და რაღაც ბიზნეს-დავაში იმავე შვილებს ფარად და ალიბად რომ იყენებენ.

მაყუთის ამბავია ეგ. ფულს ხან ქვეყნის „სიყვარულში“ (როგორ ყველაფერი დათმეს ამ ქვეყნისთვის, როგორ მოახმარეს ამ ქვეყანას თავისი გარდასული ახალგაზრდობა) გიხდიან და ხანაც - ქვეყნის „სიძულვილში“. უსამშობლოების ხვედრია ეგ!

სინამდვილეში, ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს საქართველო (და ამერიკაც) არც უყვართ და არც სძულთ. მათ უყვართ ფული და სძულთ უფულობა.

ხო აზრზე ხართ, რა მასშტაბია, რა მადა, რამხელა ჰორიზონტი და როგორი ფართო თვალსაწიერი!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×