
თბილისს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური არტისტი, კანიე უესტი, იგივე Ye, ეწვევა. ინფორმაცია ოფიციალურად Starring Georgia-მ გაავრცელა. მას 12 ივნისს, "დინამო არენა“ უმასპინძლებს. ბილეთების ოფიციალური გაყიდვა tkt.ge-ზე 12 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
კანიე უესტი მხოლოდ რეპერი არ არის. ის არის პროდიუსერი, რომელმაც კარიერა Jay-Z-ის „The Blueprint“-ისთვის შექმნილი ბიტებით დაიწყო, მოგვიანებით კი საკუთარი ალბომებით - "The College Dropout“, „My Beautiful Dark Twisted Fantasy“ და „Yeezus“ - ჰიპ-ჰოპის საზღვრები გააფართოვა.
ქართველი მსმენელისთვის ეს პირველი შანსია, ცოცხლად მოისმინოს არტისტი, რომლის კოლექციაშიც 24 "გრემია“ და რომლის ყოველი ნაბიჯი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.