
ირანის პრეზიდენტმა და ერაყის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ სატელეფონო საუბრისას რეგიონის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. როგორც ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანი უარყოფს მუქარის ენას და არასდროს დაემორჩილება აშშ-ის „დაშინებას“.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ თავისი რწმენისა და პრინციპების საფუძველზე. ის არ დამორჩილებულა და არასდროს დაემორჩილება იძულებას. ისინი ლოგიკურად თუ დაგველაპარაკებიან, დიალოგი შესაძლებელია, მაგრამ მუქარისა და დაშინების ენა არსად მიგვიყვანს“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკა დაინტერესებულია სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით.
„რეგიონში ჩვენს ძმებთან რაიმე კონფლიქტი არ გვსურს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის სკოლები, საავადმყოფოები და ინფრასტრუქტურა დაიბომბა რეგიონის ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ამერიკული ბაზებიდან და მათი სივრცის, ობიექტების გამოყენებით. მოვუწოდებთ მუსლიმურ უმას ერთიანობისა და შეკავშირებისკენ რელიგიურ სწავლებებზე დაყრდნობით. გვჯერა, რომ სწორ, სამართლიან გზაზე სიარულის დროს, უთანხმოების საფუძველი აღარ დარჩება“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ალ-ზაიდიმ აღნიშნა, რომ გააძლიერებს ურთიერთობებს ირანთან ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების სფეროებში. მისივე განცხადებით, ბაღდადი მზად არის, უმასპინძლოს ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს.
„გვჯერა, რომ ირანის დღევანდელი ძალა მხოლოდ ირანს არ ეკუთვნის, არამედ ყველა მუსლიმისა და შიიტის მხარდაჭერაა. ჩვენ არასდროს შევეგუებით ამ ძალის წართმევას ირანისთვის. სწორედ ეს ძალა დაგვეხმარა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ერაყს ირანის მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ირანის ძალა ერაყის ძალაა და ირანის სისუსტე ერაყის სისუსტე იქნება“, - აღნიშნა ალი ფალეჰ ალ-ზაიდიმ.