
უკავშირდება თუ არა რეგიონული შეხვედრების ფორმატის ცვლილება ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას? პოლიტიკურ სპექტრში არ გამორიცხავენ, რომ დაანონსებული პროცესის შეჩერება სწორედ ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოების შედეგია.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და სხვა ოპოზიციურმა სუბიექტებმა ერთობლივი გასვლები სამი დახურული შეხვედრის შემდეგ შეწყვიტეს. ამ ეტაპზე, პარტიები, საჯარო აქტივობების ნაცვლად, კვლავ შიდა კონსულტაციების რეჟიმში ბრუნდებიან.
ალიანსში დაპირისპირებას დროებით გაუგებრობად აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში". საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე მითითებით შექმნილ გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
"ეს არის გარე მითითებით შექმნილი მორიგი ალიანსი. რა თქმა უნდა, არანაირი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, უბრძანეს და, ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ.
კარდაკარს ვერ ჩაატარებენ და თუ სადმე მივლენ, ისევ თავიანთ პარტიული აქტივის ბინებში ივლიან. თან, რაღაც დახურული შეხვედრები აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ეშინიათ ფართო საზოგადოებაში გასვლის.
რა თქმა უნდა, არც შეკრება გამოუვათ და არც არანაირი მიზნის მიღწევა", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.