
ჯერ იყო და ეუთო/ოდირის დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აბუჩად აიგდეს, ამის შემდეგ იყო პია კაუმას ვიზიტი დაგეგმილი, რომელიც არნახული ბულინგის ფონზე გაუქმდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“. ასე გამოეხმაურა ის ეუთო/ოდირის უარს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობასთან დაკავშირებით.
„ეს ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ ეუთო/ოდირი მოწყვლადი გახდა შესაბამისი ძალებისთვის, მათ შორის ევრო ბიუროკრატიისთვისაც იმის გათვალისწინებით, რომ თუნდაც ევროპარლამენტში მიღებული არაერთი აბსურდული რეზოლუციის ფონზე, რომლითაც ისინი ცდილობდნენ მცდარი აღქმების ტირაჟირებას, თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ეუთო/ოდირის შესაბამის დასკვნას და ღიად უპირისპირდებოდნენ შესაბამის ორგანიზაციას.
ჩვენთვის ამაში სენსაციური არაფერი იყო, რადგან ამ საყოველთაო ზეწოლის გათვალისწინებით ეუთო/ოდირმა საბაბად გამოიყენა ის, რომ არჩევნებამდე მცირე დროა დარჩენილი. ამ თითიდან გამოწოვილი არგუმენტაციით ისინი არ ჩამობრძანდებიან არჩევნებზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიები არჩევნებზე არ იქნებიან. ცესკოს ინფორმაციით, დაახლოებით 20-მდე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია იქნება მოვლენილი და ამას დაემატება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ის, რომ ეუთო/ოდირი არ ჩამოდის, თუ ვერ ჩამოდის, ვერანაირად ვერ აისახება იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში, იყოს მშვიდი ვითარება და ამომრჩევლებს ჰქონდეთ საშუალება იმისა, რომ თავისუფლად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.
ეუთო/ოდირის არ დასწრებით სასპეკულაციო სივრცე არ რჩება, რადგან ჩვენ ყველანაირი მზაობა გამოვხატეთ ამ სადამკვირვებლო მისიის მასპინძლობისთვის და ამისთვის სათანადო პირობების შექმნისთვის. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო საქმიანობა ყველაზე ნაკლებად შეიძლება მიემართებოდეს მუნიციპალურ არჩევნებს. ამის გათვალისწინებით, არ არსებობდა არანაირი ობიექტური აუცილებლობა, რომ ისინი ამ არჩევნებზე ყოფილიყვნენ წარმოდგენილები, მიუხედავად ამისა, სპეკულაციების გამოსარიცხად გაკეთდა ეს მიმართვა, თუმცა ვხედავთ, რომ მიმართვაზე არის უარი. ამით ჩანს, რაოდენ დიდი იყო ეუთო/ოდირზე ზეწოლა, ამით ისინი გაექცნენ იმ სამომავლო პერსპექტივას, როდესაც მათ მოუწევდათ შესაბამისი დასკვნის მომზადება“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.