
ახლა რომ მისია ჩამოვიდეს და მუშაობა დაიწყოს, შედეგი იქნება შემდეგი: კარგად ორგანიზებულ დონეზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებაა, მაგრამ არის მეორე ძალა, რომელიც ამის ჩაშლას ფიქრობს და ქუჩებში ექსტრემისტული ჯგუფები დაძრწიან , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ერთი თვე საკმარისი დროა იმისთვის, რომ მისია ჩამოვიდეს და არჩევნებში ჩაერთოს.
“საქართველოში მეთვალყურეების მისიის არჩევნებზე გამოგზავნა იმ ხალხისთვის ცუდი შედეგით დამთავრდა, ვინც ქვეყნის არევასა და დესტაბილიზაციაზე ფიქრობს. პოზიტიური დასკვნა დადეს. ახლა რომ მისია ჩამოვიდეს და მუშაობა დაიწყოს, შედეგი იქნება შემდეგი: კარგად ორგანიზებულ დონეზე მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებაა, მაგრამ არის მეორე ძალა, რომელიც ამის ჩაშლას ფიქრობს და ქუჩებში ექსტრემისტული ჯგუფები დაძრწიან. ვიღაცას ეს არ აწყობს. გავიხსენოთ ეუთო/ოდირზე პოლიტიკური, მორალური და ფსიქოლოგიური შეტევა, რაც უპრეცედენტოა ევროპის მასშტაბით”, - განაცხადა ვოლსკიმ.
ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა რომ, კარგი იქნებოდა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უარი არ ეთქვა ჩამოსვლაზე.
“მაგრამ, რაც მათ შარშან დამართეს, ის არის გასათვალისწინებელი. როცა გინდათ ეუთო/ოდირი ტყუილების მტირაჟილებელია, როცა გინდათ, მათი ჩამოსვლა კარგია? გულწრფელი უნდა იყო შეფასებაში. მე ვიტყოდი, უკეთესი იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოწოდებული არიან, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ქვეყნის სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ოცნება, ქართული ოცნება ეს არის, რომ ხალხი ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს არა ფიზიკურად და ხისტად, არამედ იყოს პოლემიკა და ის სტანდარტი, რომელიც ევროპას გააჩნია და რისთვისაც ევროპისკენ მივდივართ. კარგი იქნება, მაგრამ არა მგონია ლეგიტიმაცია მოაკლდეს არჩევნებს, რადგან ხალხია მთავარი შემფასებელი. დამკვირვებლებიც იქნებიან, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იქნებიან, არასამთავრობოებიც და ჟურნალისტების ის კოჰორტა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დირექტორმა, მარია ტელალიანმა განაცხადა, რომ საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. კერძოდ, ეუთო/ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე, არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის.
როგორც ეუთო/ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში.